დინამო თბილისი vs ჰამრუნ სპარტანსი – გადამწყვეტი მატჩი

დინამო თბილისი vs ჰამრუნ სპარტანსი | Setanta Sports

დინამო თბილისი vs ჰამრუნ სპარტანსი – საპასუხო შეხვედრა დინამო არენაზე 3 აგვისტოს 20:00 საათიდან დაიწყება. საქართველოს ჩემპიონს მალტურ გუნდთან 1-ბურთიანი ჩამორჩენა აქვს აღმოსაფხვრელი.

დინამო თბილისი კონფერენს ლიგის კვალიფიკაციაში თამაშს აგრძელებს. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე მალტის ჩემპიონია.

პირველი შეხვედრა მალტაზე, ტაქალიში ჰამრუნმა 2:1 მოიგო. დინამო მატჩის უმეტეს ნაწილს იგებდა, თუმცა შეხვედრის მიწურულს 2 გოლი გაუშვა.

ზორან მარუშიჩის გოლს 81-ე და 90+8-ე წუთებზე ჯოზეფ მბონგმა უპასუხა.

ჰამრუნს საპასუხო მატჩამდე დასვენების მეტი საშუალება მიეცა. 29 ივლისს დინამო თბილისმა დავით ყიფიანის სახელობის თასზე ლოკომოტივთან ითამაშა. დედაქალაქურ დერბიში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 1:0 გაიმარჯვა.

მომავალი მატჩისთვის დინამო თბილისს მხოლოდ თორნიკე კირკიტაძე აკლია. პირველ შეხვედრაში სახის არეში ტრავმა მიიღო დავით სხირტალძემ. კაპიტანს ცხვირი გაუტყდა, თუმცა საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა მაინც მიიღო.

მიკრო ტრავმები აწუხებთ ჯიმი ტაბიძესა და გიორგი მაისურაძეს.

გიორგი ჭიაბრიშვილის პრესკონფერენცია ჰამრუნთან მატჩამდე

მატჩამდე მედიის კითხვებს დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა. გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად პრესკონფერენციაზე გუნდის ფორვარდი, ზორან მარუშიჩიც იყო.

დინამოს მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია ილუზიებისა და შეკაზმული ფრაზებისგან სრულად დაცლილი იყო.

ჭიაბრიშვილისა და მარუშიჩის საუბარში ნათლად ჩანდა, რომ შემართება ადგილზეა. ასტანასთან მოსაგებ შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ კი, სათანადო განწყობა ხვალინდელი მატჩის მოგების მერე უნდა მოვიდეს.

“ასტანა უნდა გაგვევლო. ეს იყო საფეხბურთო უიღბლობა. ამ შემთხვევაში ცოტა რთულია განწყობა, ასტანასთან მარცხის შემდეგ, ვცდილობთ სტრესიდან გამოვიდეთ. თუმცა ახლა ამაზე ფიქრის დრო აღარ არის. განწყობა იდეალურ მდგომარეობაში არავის აქვს. ვეცდებით უიღბლობა გადავტეხოთ.

მხოლოდ უიღბლობა არ ყოფილა. მაგალითად, მალტაზე წინა მატჩი ცუდი იყო.

რაც შეეხება სათასო მატჩს – ფედერაცია და ლოკომოტივი მზად იყვნენ თამაში გადაგვედო. თუმცა ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რათა ტონუსიდან არ ამოვცვენილიყავით.

ერთი წელი მცირე დროა, რომ პროგნოზირებადი გუნდი გყავდეს. ამ მიდგომებით, მთლიანად კლუბს ვგულისხმობ, ამ გუნდს მომავალი ნამდვილად აქვს.

მნიშვნელოვანია, თამაშიდან თამაშამდე ვიპოვოთ ევროტურნირებზე ჩვენი თამაში.

საქართველოს ჩემპიონატში ძლიერი გუნდი გვყავს, ევროტურნირებზე კი ჩანს, რომ ასე არ არის. ეს არის რეალობა. ჩვენ არ ვართ ევროდონეზე. ჩვენ უნდა გადავახტეთ ჩვენს თავს.

იმის თქმა ადვილია, რომ გავივლით რამდენიმე ეტაპს, თუმცა ეს არ იქნება მართებული. ამისთვის, დღეის მდგომარეობით, ბევრი რამ საჩვენოდ უნდა დაემთხვეს.

რაც შეეხება მარგველაშვილს, მისი შესაძლებლობები კარგად ვიცი. ის საქართველოში ერთ-ერთი კარგია. არ ვამბობ, რომ ნომერ პირველია. ის ფორმაში არ არის. ასტანასთან შემადგენლობაში იმიტომ იყო რომ მეტოქის 26 ფლანგურ ჩაწოდებას გამკლავებოდა ლორიასთან ერთად.

არის პრობლემები სხვა მხარესაც. არავის გასჩენია აზრი, რომ მაგალითად წინა შეხვედრაში მაისურაძეს და ტაბიძეს ჰქონდათ ტრავმები და ამის გამო შევცვალე. ასე არ არის, რომ ჩემი ჩანაფიქრის გამო, თანაც დაცვაში, 4 კაციდან 2-ს ვცვლიდე.

არის ტრავმები და არის მიკრო ტრავმებიც. სხრიტრალძემ ივარჯიშა, თუმცა ტრავმა აქვს კვლავ, ცხვირის გატეხვა ადვილი ამბავი არ არის. კირკიტაძე კვლავ ტრავმას იშუშებს.

უნდა გადავტეხოთ ეს უიღბლობა.

გულშემატკივრებს კი უდიდესი როლი აქვთ. ისინი გეხმარებიან გააკეთო ის, რაც მათ გარეშე არ შეგიძლია”.

გიორგი ჭიაბრიშვილი – დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი

“გუნდში კარგი განწყობაა. განსაკუთრებით თასის მატჩის შემდეგ.

უკეთესი მატჩის მოლოდინში ვართ. საკუთარ თავში დარწმუნებულნი ვართ. ველით მომდევნო რაუდნში გასვლას.

ვიცით, ვინ ვართ. ეს ჩემი და მთელი გუნდის მოსაზრებაა”.

ზორან მარუშიჩი – დინამო თბილისის ფეხბურთელი

ჰამრუნის მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

მალტელები იმედიანად არიან განწყობილნი, თუმცა თვლიან, რომ გადაწყვეტილი არაფერია. საინტერესოა, რომ მოწინააღმდეგეს მალტიდან ჩამოსული 150 ქომაგი გაამხნევებს.

საკითხავია მათი გავლენა ისეთივე ხმაურიანი იქნება თუ არა, როგორიც ასტანას ქომაგებს ჰქონდათ დინამო არენაზე? საგულისხმოა, რომ დინამო არენაზეც იქნება ის სასულე და დასარტყამი ინსტრუმენტები, რომელთა ხმაც ვუვუზელას მსგავსად ადვილად გასარჩევი იყო, ტაქალიში გამართულ პირველ შეხვედრაში.

“პირველ მატჩში ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშეთ. ჩვენ ჩვენი მომენტები გამოვიყენეთ სხვაობა ეს იყო. გადაწყვეტილი არაფერია.

რა თქმა უნდა დინამოსგან უფრო უკეთეს თამაშს ველით. მეტოქეს ქომაგიც ეყოლება. მთლიანად ჩემს გუნდზე ვარ კონცენტირებრული. ამ ერთ კვირაში გვსურდა ძალები აღვედგინა და ვფიქრობ ეს გამოგვივიდა.

გვექნება თუ არა უპირატესობა? თამაში 0-0-დან იწყება. არ ვფიქრობთ პირველი მატჩის შედეგზე.

ველით რომ ბევრი გულშემატკივარი იქნება სტადიონზე. თანაც ვიცით თუ როგორი ქომაგობა იციან აქ. ვეცდებით კონცენტრაცია არ დავკარგოთ”.

ლუჩიანო ძაური – ჰამრუნ სპარტანსის მთავარი მწვრთნელი

დინამო თბილისი vs ჰამრუნ სპარტანსი – პირდაპირი რეპორტაჟი

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება. შეხვედრა დინამო არენაზე 20:00 საათიდან დაიწყება.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე