სარჩევი
დინამო თბილისი კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს | Setanta Sports
2023 ივლ 19, 22:46 შშ
2 წუთის საკითხავი

დინამო თბილისი კონფერენს ლიგაზე, ასტანა კი ჩემპიონთა ლიგაზე გააგრძელებს თამაშს. ყაზახეთის ჩემპიონმა თამაში დინამო არენაზე მეორე ტაიმში შემოატრიალა.

დინამო თბილისმა მეტოქეს ბევრ სათამაშო კომპონენტში აჯობა, თუმცა დამარცხდა. ნოსტალგიური და არც თუ სასიამოვნო შეგრძნებების მომტანი შეფასებაა, თუმცა რეალობაა.

დინამო თბილისი 1:2 ასტანა

პირველი ტაიმი დინამო თბილისმა უსმანე კამარას გოლით მოიგო. ჩინებული საგოლე გადაცემა იმრან ულად ომარს ეკუთვნოდა.

გოლის გარდა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ.

პირველად, სათამაშო უპირატესობას ასტანა პირველი ტაიმის ბოლოს დაეუფლა და ორ ეპიზოდში გიორგი ლორიას კარი აშკარა გაშვებულ გოლს გადაურჩა.

შესვენების შემდეგ ასტანა უფრო მობილიზებული გამოვიდა. ამის მიუხედავად, ხარაიშვილს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, თუმცა მცირედით არაზუსტად.

ორი გაშვებული გოლი ორ წუთში

ამის შემდეგ იყო სრული კატასტროფა. ბეისებეკოვმა და დარბომ დინამოს კარი ორჯერ აიღეს.

პირველ შემთხვევაში, ფლანგურმა ჩაწოდებამ, მეტოქის მიერ, საჯარიმოს სწორმა გადატვირთვამ იმუშავა.

მეორე გოლს უფრო ჰიბრიდული ეთქმის. შოკურ მდგომარეობაში აღმოჩენილმა გუნდმა დიდი ძალებით შეუტია. გადმოგდებულ ბურთზე კი, გაგი მარგველაშვილმა პოზიციურად არადამაჯერებლად ითამაშა დარბოს წინააღმდეგ და საბოლოო დარტყმა ფორვარდს მძლავრი გამოუვიდა.

საბოლოოდ დინამო ზაგრების წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასტანა ითამაშებს.

რა თქვა ასტანასთან მატჩის შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილმა

“ეს იყო ორი თანაბარი გუნდის თამაში. ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება მთლინად გუნდს არ აქვს, არ ვგულისხმობ, ახალგაზრდებს. სწორედ, ამ ორ წუთში დაკარგული კონცენტრაციის გამო დავთმეთ მატჩი.

ფსიქოლოგია და მენტალიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ფსიქოლოგია მოსატრიალებელია.

დაცვის ხაზში შესაძლოა იყოს ცვლილება, შესაძლოა არა. ამაზე წინასწარ ვერ ისაუბრებ.

ერთი წელია გუნდიში ვართ, რაღაცები გავაკეთეთ, რაღაცები – ვერ. სამუშაო გვაქვს.

მე შემიძლია მომდევნო შეხვედრას გუნდი სათანადო განწყობით შეხვდეს”.

დინამო თბილისი კონფერენს ლიგაზე

ახლა დინამო თბილისი რანგით მესამე ტურნირზე, კონფერენს ლიგაზე გადაერთვება, სადაც მალტურ ჰამრუნს შეხვდება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციას ჰაიფას მაკაბისთან გამოეთიშა.