დღეს კვარა თამაშობს – ნაპოლი სამპდორიას სტუმრობს

სერია A ანონსი | Setanta Sports

ნაპოლი 2023 წელს პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. სერია A-ს ლიდერი სამპდორიას, ლუიჯი ფერარისზე ესტუმრება. ჯანლუკა ვიალის გარდაცვალების გამო ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება. setantasports.com-ზე პირდაპირი რეპორტაჟი 20:55-დან დაიწყება.

სამპდორია vs ნაპოლი

ლუჩანო სპალეტის გუნდი, გასულ ტურში ინტერთან, სან სიროზე დამარცხდა. შესაბამისად, მდევრებს სხვაობის შემცირების საშუალება მიეცა.

ხვიჩა კვარაცხელია მწყობრშია და გენუაში გასამართი მატჩისთვის სრული დატვირთვით მოემზადა.

მატჩამდე

ყველაზე უშედეგო ყველაზე შედეგიანის წინააღმდეგ – წყვილის საუკეთესო დახასიათება სწორედ ასეთი იქნება.

ნაპოლი პირველ ადგილზეა, სამპდორია მე-18-ზე. ლუჩანო სპალეტის გუნდს სერია A-ში ყველაზე მეტი 37 გოლი აქვს გატანილი, ხოლო გენუელებს ყველაზე ნაკლები – 8.

ნაპოლის ლიგაში სტუმრად ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს – 7 მატჩში 6 გამარჯვება და 1 ფრე. ხოლო სამპდორია შინ 20 გუნდში ყველაზე უსუსრად გამოიყურება. 8 თამაშში გუნდს მხოლოდ 2 ქულა აქვს აღებული.

წინა ტურში სამპდორიამ ბევრისთვის მოულოდნელად სასუოლო დაამარცხა. ბლუჩერკიატიმ სტუმრად 2:1 გაიმარჯვა.

კომენტარები

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია დაიცვა. ნაპოლის მთავარი მწვრთნელის თქმით, კვარას ინტერის წინააღმდეგ ურიგოდ არ უთამაშია.

ჯანლუკა ვიალის შესახებ მოგონებებისა და თბილი სიტყვების შემდეგ სპალეტიმ უშუალოდ ინტერისა და სამპდორიას მატჩებზეც ისაუბრა.

“შეგვეძლო კვლავ 8 ქულით ვყოფილიყავით წინ, თუმცა ახლა სხვაობა 5 ქულაა. მარცხი ყველას შეიძლება მოუვიდეს, ჩვენი სეზონი კვლავ პოზიტიურია, თუმცა სიმართლე გითხრათ, აღელვებულები ვართ.

ინტერთან რაც ჩაფიქრებული გვქონდა, არ გამოგვივიდა და იმ უპირატესობით, რაც გვქონდა კმაყოფილები ვერ ვიქნებით.

გვსურს, ვითამაშოთ რთული მატჩები ისეთ მეტოქეებთან, რომლებიც სკუდეტოსთვის იბრძვიან და სწორედ იქ გავიმარჯვოთ. მომდევნო თამაშში 3-4 ცვლილება იქნება.

კვარაცხელია? ვფიქრობ, მან კარგად ითამაშა. ეძებდა სივრცეს, იღებდა პასუხისმგებლობას და თამაშს საკუთარ თავზე და თავდაჯერებულად თამაშობდა. მე მისი პირველი მცველი ვარ”.

ლუჩანო სპალეტი – ნაპოლის მთავარი მწვრთნელი

პრესკონფერენციაზე მედიასთან საუბარი დეიან სტანკოვიჩმაც ჯალუკა ვიალის გახსენებით დაიწყო. სერბეთის ნაკრებისა და ინტერის ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მის გუნდს მეტოქის არ ეშინია.

“ნაპოლი დიდებული გუნდია. ის ამ დროისთვის სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტია, შესაბამისად მეტოქე ჩვენთანაც ფავორიტი იქნება.

ამის მიუხედავად მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებული. ისინი თუ ფავორიტები არიან, ჩვენ საკუთარ მოედანზე ვიქნებით და უშიშრად ვითამაშებთ. პატივი ყველა მოწინააღმდეგეს უნდა სცე, თუმცა არცერთის უნდა შეგეშინდეს. გამოწვევისა და მაისურის ღირსების დასაცავად მზად ვართ.

სასუოლოსთან გამარჯვება ფსიქოლოგიურად გაგავაძლიერა, თუმცა კონცენტრაცია მომავალი მატჩის წინ არ დაგვიკარგავს”.

დეიან სტანკოვიჩი – სამპდორიას მთავარი მწვრთნელი

ემოციური ფონი

მატჩს თან ემოციური ფონი ექნება, მიზეზი ჯანლუკა ვიალის გარდაცვალებაა. 58 წლის ვეტერანი ფეხბურთელი და მწვრთნელი იტალიაში კრემონეზეში, იუვენტუსსა და სწორედ სამპდორიაში თამაშობდა.

ვიალი პანკრეასის სიმსივნეს ებრძოდა. 2018 წელს დაავადების დამარცხების მიუხედავად 2021 წელს მედიკოსებმა მას სიმსივნური წარმონაქმნების ახალი კერები აღმოუჩინეს.

სერია A-ს გადაწყვეტილებით ტურის ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება.

როგორ და სად ვუყუროთ?

სამპდორია – ნაპოლი, პირდაპირი რეპორტაჟი Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე 20:55 წუთიდან დაიწყება.

ქართულენოვან რეპორტაჟზე კომენტატორები ნიკა ტაბატაძე და გიორგი საძაგლიშვილი იქნებიან.

ამასთან, setantasports.com-ზე მაყურებლისთვის საახალწლო შეთავაზება გვაქვს. პრომოკოდის NY2023-ის გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელი წლიურ პაკეტზე სოლიდურ ფასდაკლებას მიიღებს. 129.99 ₾-ის ნაცვლად პრომოკოდით სეტანტა სპორტსის ერთწლიანი პაკეტი 90.99 ₾ იქნება. მაყურებელს კი შესაძლებლობა ექნება წლის მანძილზე ტოპ კონტენტის 5000-ზე მეტ ტრანსლაციას მიადევნოს თვალ-ყური.

ბერეჟინსკი – ძანოლი

გუნდებმა მატჩამდე ორიოდე დღით ადრე ფეხბურთელები გაცვალეს. ბარტოშ ბერეჟინსკი სამპდორიადან პართენოპეიში გადაბარგდა, ხოლო ალესანდრო ძანოლიმ ნეაპოლიდან გენუას მიაშურა.

საკადრო მდგომარეობა

სამპდორიას საუკეთესო ბომბარდირი ფილიპ ჯურიჩიჩი უბრუნდება. სერბმა სასუოლოსთან მატჩი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა. მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლია.

სტანკოვიჩმა მედიასთან ტრავმირებულ ფეხბურთელებზეც ისაუბრა. ამ დროისთვის ბლუჩერკიატის ლაზარეთში ფაბიო კუალიარელა, ინასიო პუსეტტო, ჰარი უინქსი და ომარ კოული არიან. დისკვალიფიცირებულია ბრუნო ამიონე.

რაც შეეხება ნაპოლის, პართენოპეი გენუაში სრული საბრძოლო შემადგენლობით, დანაკლისის გარეშე გაემგზავრა.

სავარაუდო შემადგენლობები

სამპდორია 3-4-1-2: აუდერო მულიადი; მურილიო, კოული, ნიუტინკი; ლერისი, ვიეირა, რინკონი, აუჯელო; ჯურიჩიჩი, გაბიადინი, ლამერსი.

ნაპოლი 4-3-3: მერეტი, დი ლორენცო, კიმ მინ ჯე, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი; ნდომბელე, ლობოტკა, ელმასი; პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია

მსაჯი

მსაჯი როსარიო აბისო იქნება. 37 წლის იტალიელმა არბიტრმა ამ სეზონში ნაპოლის კრემონაში უმსაჯა. სერია A-ს ქართულ დუელში აბისომ კვარას წაქცევისთვის პენალტი დანიშნა. კრემონეზეს ის მატჩი ნაპოლიმ სტუმრად 4:1 მოუგო.

როსარიო აბისო | Setanta Sports
როსარიო აბისო

ბოლოს, როდესაც აბისო გენუაში ლუიჯი ფერარისზე იყო, იუვენტუსმა ბლუჩერკიატისთან ქულები დაკარგა. ამ სეზონში აბისოს სამპდორიისთვის არ უარბიტრია.

ის მე-4 მსაჯი იყო საქართველო 1:2 სომხეთის მატჩზე. ერთა ლიგის ამ შეხვედრაში, რომელიც ჩრდ. მაკედონიასთან მარცხიდან რამდენიმე დღეში უმაყურებლოდ გაიმართა. საქართველოდან ერთადერთი გოლი მაშინ, პენალტიდან ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.

აბისო იყო მე-4 მსაჯი ბეითარი 1:2 ჩიხურას ევროპა ლიგის კვალიფიკაციის მატჩზეც, სადაც პენალტი ასევე დაინიშნა. ის გოლად გიორგი გაბედავამ გარდაქმნა.

მე-17 ტური

ფიორენტინა 2:1 სასუოლო

ტურის ფლორენციაში დაიწყო. არტემიო ფრანკიზე ფიორენტინამ სასუოლოს 2:1 სძლია.

საპონარასა და ნიკო გონსალესის გოლებს სტუმართაგან დომენიკო ბერარდიმ უპასუხა. გონსალესისთვის ეს გოლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. არგენტინელს კატარის მსოფლიო ჩემპიონატი ტრავმის გამო გაუცდა.

იძულებითი პაუზის შემდეგ არგენტინოს ხუნიორსის აღზრდილმა პირველი წუთები მიიღო და საკუთარ გუნდს 20 წუთში სამი ქულაც მოუტანა.

იუვენტუსი 1:0 უდინეზე

ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო სერია A-ში იუვენტუსმა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა უდინეზე 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი დანილომ ფედერიკო კიეზას საგოლე გადაცემით გაიტანა.

ბებერი ქალბატონი ამ გამარჯვებით მეორე ადგილზე გადავიდა და ლიდერ ნაპოლის 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ბიანკონერი სწორედ ნაპოლის ეთამაშება, თანაც დიეგო არმანდო მარადონაზე. თუკი მილანმა რომასთან ვერ მოიგო, იუვე მეორე ადგილს შეინარჩუნებს.

მონცა 2:2 ინტერი

ნამდვილი დრამა გათამაშდა მონცაში. ინტერს სულ რაღაც 20 კილომეტრის გავლა დასჭირდა, რათა მეზობლებთან ეთამაშა.

ფავორიტი ცხადია, სიმონე ინძაგის გუნდი იყო. თანაც ნაპოლის დამარცხების შემდეგ ნერაძურის მიმართ მოლოდინი გაორმაგებული იყო, თუმცა მონცას სხვა გეგმები ჰქონდა.

ინტერის მხრიდან გოლები მატეო დარმიანმა და ლაუტარო მარტინესმა გაიტანეს.

პირველივე ტაიმში ერთი გოლი პატრიკ ჩიურიამ გაიტანა. 90+3-ზე კი ლუკა კალდიროლას დარტყმითა და დენზელ დუმფრიზის ავტოგოლით მონცამ შინ ქულა დაიტოვა.

მე-17 ტურის სხვა შეხვედრები

  • სალერნიტანა – ტორინო
  • ლაციო – ემპოლი
  • სპეცია – ლეჩე
  • მილანი – რომა
  • ვერონა – კრემონეზე
  • ბოლონია – ატალანტა
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე