დაბრუნება არ შედგა – რატომ აირჩია მესიმ მაიამი

ლიონელ მესი ოფიციალურად გადავიდა ინტერ მაიამიში. დევიდ ბექემი ძალიან დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა მის გადაბირებას თავის კლუბში და როგორც იქნა შეძლო.

მესიმ ინტერვიუში ორი მნიშვნელოვანი რამ თქვა:

არ ვარ დარწმუნებული რომ ბარსელონამ ჩემს გადასაბირებლად ყველაფერი გააკეთა“, – როგორც ჩანს, კონფლიქტი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ლაპორტამ მესის მოუბოდიშა, მის მამასაც შეხვდა, და თითქოს ბოლომდე სცადა მესის დაბრუნება შემდგარიყო, მაინც არაფერი გამოვიდა და მესი კვლავ მას და მის გუნდს ადანაშაულებს.

არ მსურდა ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი, როგორშიც გუნდიდან წასვლის დროს აღმოვჩნდი. მსურდა საკუთარი მომავალი თავად განმეკარგა“, – ამ სიტყვების მერე ვიგებთ, რომ საქმე უნდობლობაშია. მესიმ გარანტია ვერ მიიღო, რომ მის დარეგისტრირებას შეძლებდნენ, მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება შეეძლო ლაპორტასთან, მაგრამ მესი მათ უკვე აღარ ენდობა. დაახლოებით ასე გამოვიდა – ერთხელ უკვე გენდეთ და ყველაფერი ცუდად დასრულდა, ახლა უკვე ვეღარ გენდობითო.

მესიმ ასევე აღნიშნა, რომ არ სურდა მის გამო ფეხბურთელებისთვის ხელფასი დაეკლოთ, ან, კლუბიდან გაეშვათ. სხვაგვარად მისი დაბრუნება ვერ შედგებოდა. თავის მხრივ, ბარსელონამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, ლაპორტა მესის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, იყოს იქ სადაც “ნაკლები მოთხოვნა და ზეწოლაა” – ამ განცხადებაშიც იკითხება რაღაც ირონიული. გამოდის, რომ ლაპორტა განაწყენებულია იმით რომ მესიმ მოცდას გადაწყვეტილების მიღება ამჯობინა.

ბევრი ფული რომ მდომოდა არაბეთში წავიდოდიო – ესეც თქვა ლეომ, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ბევრი ფული არც აშშ-ში მოაკლდება. უბრალოდ, იქაური გარემო მასთან უფრო ახლოა, მის სახლთანაც უფრო ახლოა და ფეხბურთიც უფრო განვითარებულია.

რამდენი ხნით ითამაშებს მაიამიში?

როგორც Miami Herald-ი ავრცელებს, ლეოს კონტრაქტი ორწელიწადნახევრიანი იქნება, გახანგრძლივების პერსპექტივით. მესიმ უკვე ყველაფერს მიაღწია, მაგრამ სურს რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშოს. ამ კაცის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს, ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია.

რა თანხას გამოიმუშავებს?

საუბარია 150 მილიონ დოლარზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, MLS-ის სპონსორები, ეფლი და ადიდასი მესისთან პირადი კონტრაქტის დეტალებს ათანხმებენ, რაც შემოსავალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ლეოს გავლენა

მაიამი სტადიონზე 2,500-დან 3000-მდე სკამს დაამატებს. ბილეთის ფასიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. აქამდე ყველაზე იაფ ბილეთს 45$-ად შეიძენდით, ახლა გახსნითი თამაშის ყველაზე იაფი ბილეთის ფასი 450$%-ს აღწევს.

ლეო 10 ნომრიან მაისურს მოირგებს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა ივლისში გამართავს პირველ თამაშს.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე