დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების განმეორებითი შეხვედრები გაიმართება. რეალ სოსიედადი პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს, მიუნხენის ბაიერნი კი რომის ლაციოს მიიღებს საკუთარ მოედანზე.
პარიზელებს ორბურთიანი უპირატესობა აქვთ, მიუნხენის ბაიერნს კი თამაშის მოტრიალება მოუწევს. რომში ლაციომ 1:0 გაიმარჯვა.
როგორ ჩაიარა კვირამ – მიუნხენის ბაიერნი
რომში მარცხის შემდეგ ბაიერნმა სამი შეხვედრა გამართა ბუნდესლიგაში და ვერ ვიტყვით რომ კარგ ხასიათზე არიან, პირიქით, სულ უფრო ხშირად საუბრობენ ტუხელის გაშვებაზე, როგორც ჩანს, ბუნდესლიგაში დიდი ჰეგემონია სრულდება, ბაიერნი ლევერკუზენს უკვე 10 ქულით ჩამორჩება.
სამი შეხვედრიდან ბაიერნმა ერთი მოიგო, ერთში დამარცხდა და ერთიც ფრედ ითამაშა. ექვსი გაიტანა და ექვსი გაუშვა.
მიუხედავად ასეთი ცუდი სტატისტიკისა ქომაგს მაინც აქვს იმედი, განსაკუთრებით ეიმედებათ ჰარი კეინის, რომელიც ტიტულებისთვის გადავიდა ბაიერნში და ეტაპობრივად ყველაფერი ხელიდან ეცლება. ჩემპიონთა ლიგა კეინის უკანასკნელი იმედია.
რომის ლაციო
კიდევ უარესად აქვს საქმე რომის ლაციოს. ბაიერნთან მოგების მერე ოთხი მატჩი გამართეს სერია ა-ში და აქიდან სამში დამარცხდნენ. ბოლო შეხვედრა მილანთან დათმეს 0:1. გაიტანეს ოთხი და გაუშვეს ხუთი გოლი.
ლაციო ჩემპიონატში მეცხრე ადგილზეა და ოთხეულს 11 ქულა აშორებს.
რა ითქვა მატჩის წინ
“ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ძალიან რთულია წაგებასთან შეგუება, ამ მდგომარეობას ვერ შევეგუები, ვერ შევეგუები იმას რომ არ მქონდეს ის გავლენა რასაც ვითხოვ საკუთარი თავისგან, მაგრამ მწვრთნელისთვის ყველაფერი გაკვეთილია, თუნდაც ახლა, როცა ასე რთულია ამ საქმიანობის ნათელი მხარის დანახვა, მაგრამ მაინც, აბსოლუტურად ჩართული ვარ საქმეში, და ასე იქნება ბოლო წუთამდე, 100%-ით ვიქნები ჩართული ბოლო შეხვედრამდე და ვეცდები საუკეთესო შედეგს მივაღწიო”, – თქვა მატჩის წინ ტომას ტუხელმა.
ეს კი რომის ლაციოს მთავარი მწვრთნელის, მაურიცო სარის სიტყვებია:
“ამ შეხვედრას პრაგმატულად უნდა მივუდგეთ და საკუთარ თავს მაქსიმუმი მოვთხოვოთ, წინ რთული მატჩი გველის, ამისთვის მზად ვართ, ეს ყველაფერი გაცნობიერებული გვაქვს და ზუსტად ვიცით, რომ თავგანწირვის გარეშე საწადელს ვერ მივაღწევთ. ფეხბურთში არაფერია შეუძლებელი, ამის გაცნობიერება ძალას გვმატებს“.
დანაკლისი
ბაიერნს პირველ რიგში უპამეკანო დააკლდება, რომელმაც წინა შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ ბუნა სარი, ტარეკ ბუჩმანი და საჩა ბოი, საეჭვოა დანიელ პერეცის, მაზრაუის, ლეროი ზანესა და კინგსლი კომანის თამაში.
ლაციოს პეტრიჩი და ნიკოლო როველა დააკლდებიან.
სად ვუყუროთ – ბაიერნი vs ლაციო
მატჩის ყურებას Setantasports.com-სა და სეტანტას ტელეარხებზე შეძლებთ.