სარჩევი
2023 მარ 07, 12:12 შშ
2 წუთის საკითხავი

დღეს, 7 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე ლონდონის ჩელსი დორტმუნდის ბორუსიას მიიღებს.

ჩელსის საქმეები ძალიან ცუდად წავიდა ახალი მმართველისა და მწვრთნელის ხელში. გუნდმა ბევრი დახარჯა, ვარსკვლავებიც მოიყვანა და იმხელა შემადგენლობა ჰყავს ორი გუნდი გაკეთდება, მაგრამ შედეგი ძალიან ცუდია.

ჩელსიმ ბოლო ტურში ლიდს იუნაიტედი დაამარცხა და მეათე ადგილზეა. ოთხი ქულით ჩამორჩება უახლოეს მდევრებს, ბრენტფორდსა და ბრაიტონს.

ჩელსი განსაწმენდელში

ასე, შუა გზაშია გაჭედილი. როგორც ბელგიის ერთი ულამაზესი ქალაქის სტუმრები იტყვიან, – “გაჭედილია განსაწმენდელში, ტოტენჰემივითო“, ოღონდ, ერთი ეგ არის, ისეთი დრო დადგა, ახლა ჩელსია შუაში გაჭედილი და არა ტოტენჰემი. არც ლიგისკენ აქვს გეზი და არც გასავარდნი ზონისკენ.

ეს კონფერენს ლიგაც კიდე თავის ტკივილია, ასეთი რანგის კლუბისთვის ამ ტურნირზე გამოსვლა, შესაძლოა, დამაზარალებელიც კი იყოს პრესტიჟულობის თვალსაზრისით.

ჰოდა, დარჩა ჩელსი ჩემპიონთა ლიგაზე კარგი გამოსვლის იმედად. დორტმუნდი ჩამოვა სტუმრად. ჩელსის ჰყავს ბიჭები, რომელთაც შეუძლიათ გერმანელებს აჯობონ, მაგრამ გერმანელებს ჰყავთ გუნდი, რომელიც ბუნდესლიგაში ტოლსწორად ებრძვის ბაიერნს, ეს კი დიდი საქმეა.

გერმანული აიაქსი

ჰო, აიაქსი გაახსენდება ადამიანს. ყიდიან, ყიდიან და მაინც მყარად დგანან ფეხზე. ისიც სათქმელია, რომ ძალიან იშვიათია, დორმუნდიდან წასულმა ფეხბურთელმა ისევე მაღალ დონეზე ითამაშოს, როგორც ამ კლუბში თამაშობდა.

ეს ხდება იმიტომ, რომ გერმანელებმა ზუსტად იციან ვინ სჭირდებათ და რატომ. ერთი იმას ვერ მიხვდნენ, რომ კვარაცხელია სწრაფად შეეძინათ, თუმცა, ამის გამო მთელ საფეხბურთო ევროპას თავში ხელი აქვს შემორტყმული.

ბუნდესლიგაში ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ. დორტმუნდი ლაიფციგს, ბაიერნი – უნიონ ბერლინს. ჰოდა, გამოიკვეთა ორი ფავორიტი. კლოპის პერიოდისა არ იყოს, ახლაც ყვითელ-წითელი იქნება ბუნდესლიგის ფინიში. მოლოდინი ასეთია.

დორტმუნდი – ზაზუნას დღის დასასრულს

იქნებ დასრულდეს ამ მონსტრის დომინაცია, თორემ, ბუნდესლიგა ძალიან მოსაწყენ ტურნირად იქცა. ეგერ, ლევანდოვსკის ყელში ამოუვიდა და წავიდა. ყოველი მომდევნო წელი ბაიერნში ზაზუნას დღეს წააგავს.

დორტმუნდი კი მაგრად იბრძვის და ლიდერიც ჰყავთ ჯუდ ბელინგემის სახით. ახალგაზრდა ინგლისელს სეზონის ბოლოს რიგი დაუდგება. მათ შორის, ის გუნდიც შეეცდება მის შეძენას, რომელსაც დღეს ესტუმრება, მაგრამ ჯუდი ალბათ იმ გუნდს არჩევს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

აი, მერე დაიწყება.. ჰეი, ჯუუუდ.. ამღერდება სიტის ქომაგი, ან, ლივერპულის ქომაგი, იუნაიტედში მაინცდამაინც არ უყვართ ბიტლების ეს სიმღერა, მაგრამ რამეს მოიფიქრებენ, რამეს იმღებენ, იქამდე კიდე ჯუდი ლონდონში გააგორებს, სტემფორდ ბრიჯზე.

ურთიერთშეხვედრები

ბევრია სათქმელი. ბევრია მოსათხრობი. ოფიციალურ შეხვედრებში გუნდები ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დიახ, წინა მატჩში, რომელიც ბორუსიამ 1:0 მოიგო. ეს არის და ეს. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია ახლა იწერება.