ბრაზილიამ მეორე წრის მატჩიც მოიგო, შედარებით რთულად. ნეიმარის გარეშე დარჩენილ გუნდს ბოლო წუთებამდე არ უმართლებდა, 83-ე წუთზე კი კაზემირომ კარგი ცენტრფორვარდივით ითამაშა და გადამწყვეტი გოლი შეაგდო.
ბრაზილიელთა ნახევარმცველი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს სტადიონზე შეკრებილმა ლეგენდებმა, – რობერტო კარლოსმა, კაფუმ, რონალდომ და კაკამ. ნეიმარი კი კაზემიროს გოლს ტვიტერზე გამოეხმაურა, – “ის უკვე დიდი ხანია მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია”.
მოგვიანებით ამის შესახებ ბრაზილიელთა თავკაცს, ტიტესაც ჰკითხეს, რომელმაც ასეთი პასუხი გასცა ჟურნალისტებს, – “სხვების აზრს პატივს ვცემ, როგორც წესი, ასეთ დროს კომენტარს არ ვაკეთებ, მაგრამ ამჯერად თავს უფლებას მივცემ რომ ვთქვა, კი, ნეიმარს ვეთანხმები, კაზემირო საუკეთესოა”.
საქებარი სიტყვები არ დაიშურა ტიტეს ასისტენტმა, სესარ სამპაიომ, რომელიც 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა და თავადაც კარგად მოეხსენება რას ნიშნავს, როცა საყრდენ ნახევარმცველს გააქვს გადამწყვეტი გოლი.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა თავად კაზემირომ, – “კარგია, რომ გავიტანე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გუნდურობა. ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ. ჩვენ როგორც ერთიანმა გუნდმა უნდა ვითამაშოთ, ეს ტიტულის მოსაგებად ძალიან მნიშვნელოვანია”.