ბუსკეტსი სეზონის ბოლოს ბარსელონას დატოვებს

კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა რომ სერხიო ბუსკეტსი სეზონის ბოლოს ბარსელონას დატოვებს. ჩავის სურდა, რომ 34 წლის ფეხბურთელს ერთი წლით გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი, მაგრამ ბუსკეტსმა უარი თქვა.

ცუდი სეზონი ნამდვილად არ აქვს, ბარსელონასთან ერთად სუპერ თასი მოიგო, თან მადრიდის რეალთან. უდიდესი ალბათობით ლა ლიგასაც მოიგებს და ასე გამარჯვებული დატოვებს ბარსელონას.

დებიუტი

სერხიო ბუსკეტსის დებიუტი გვარდიოლას სადებიუტო სეზონში შედგა და ტრიპლეტიც იზეიმეს ერთად. სწორედ 2008/09 წლების სეზონიდან იწყება დიდი დინასტია, რომელიც ნაწილობრივ პეპის წასვლით დასრულდა, ნაწილობრივ ლიონელ მესის, ახლა კი ბუსკეტსი უკანასკნელი მოჰიკანის როლში დაემშვიდობება ბარსელონას.

თავიდანვე მიიქცია დიდი ყურადღება მაღალი ტექნიკური შესაძლებლობებით, აზროვნების უნარითა და პასის კულტურით, უპირველსად კი ტაქტიკური განათლებაა მნიშვნელოვანი, უფრო სწორად, ალღო, რადგან იმის სწავლება შეუძლებელია, რასაც ბუსკეტსი აკეთებდა წლების მანძილზე, ეს მოაზროვნე ადამიანის ადაპტაციის უნარი უფროა რევოლუციონერი მწვრთნელის ხელში.

თავის დროზე, პეპიც ამავე როლს ითავსებდა კრაიფის ბარსელონაში და ბუსკეტსის მიმართ მისი პატივისცემა განუსაზღვრელი იყო.

კონკურენტი

ია ია ტურეს შემდეგ ბუსკეტსს დიდი კონკურენტი არასდროს ჰყოლია, მოუყვანეს მაშერანო, მაგრამ შანსი არ დაუტოვა და არგენტინელი ცენტრალურ მცველად დახიეს, მოუყვანეს პაულინიუ და სულ სხვა პოზიცია შეითავსა, იყვნენ ალექს სონგი და სხვა ფეხბურთელები, მაგრამ ბუსკეტსი ყოველთვის შეუცვლელად დარჩა.

მხოლოდ ტურე იყო ღირსეული კონკურენტი, გვარდიოლამ კი ბუსკეტსი არჩია. ბევრი რამით განსხვავდებოდნენ, ტურე ფიზიკურად ბევრად ძლიერი იყო, დრიბლინგიც უყვარდა, ბევრად გამტანი ფეხბურთელიც გახლდათ, ბუსკეტსი უფრო მოაზროვნე და ტაქტიკურად განსწავლული იყო, გადაწყვეტილებას ბევრად სწრაფად იღებდა და გვარდიოლასთვის ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ისიც სათქმელია, რომ ლა მასიას ტრიო ბევრად ეფექტური იქნებოდა – ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტას შემთხვევაში.

ბოლოს ფრენკი დე იონგი მოიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ფრენკი სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს, ბუსკეტსის მსგავსად არ უყვარს დერეფნებში პასის გაცემა, არც ასეთ რისკზე მიდის, მხოლოდ მაშინ გასცემს პასს, როცა დარწმუნებულია, რომ ადრესატამდე მივა. ბურთის ამოტანას დრიბლინგით არჩევს და არა ზონებს შორის პასით. საყრდენ ზონასაც ხშირად ტოვებს, განსაკუთრებით ბურთის ამოტანის დროს.

ამიტომ გაუჭირდა ფრენკის ბუსკეტსის შეცვლა, თუმცა, ჩავი ერნანდესმა იდეალური გამოსავალი მოძებნა, ასეთი ეფექტური დე იონგი არასდროს ყოფილა, ვერც ვალვერდემ, ვერც სეტიენმა და ვერც კუმანმა გამოსავალი ვერ იპოვეს, ჩავიმ კი იპოვა.

ამ სეზონში აბსოლუტურად შეავსეს ერთმანეთი და რაღაც მხრივ სამწუხაროა, რომ ამ გასაღების ძიებაში ძალიან დიდი დრო დაიკარგა. ბუსკეტსი წავა და მათ დუოს ვეღარ ვიხილავთ.

სანაკრებო დონეზე

როგორც კლუბში, ისე ნაკრებშიც შეუცვლელი იყო. გარდა ჩავი-ინიესტასი, ჩაბი ალონსოც უმაგრებდა გვერდს და მსოფლიოს საუკეთესო ნახევარდაცვის ხაზიც შექმნეს. რა თქმა უნდა, მოჰყვა ამას ტიტულები, სერხიო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. გვარდიოლას მსგავსად, დელ ბოსკეც დიდ პატივს სცემდა, ესმოდა მისი ნიჭი და შესაძლებლობები.

ასე რომ, ძალიან დიდ მემკვიდრეობას ტოვებს, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში. სერხიო ორი ეპოქალური გუნდის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა.

საუკეთესო თავის პოზიციაზე?

ალბათ არა. თუმცა, იყო დრო, როცა ეს კითხვა დაისვა. და გამოჩნდნენ მწვრთნელებიც, რომლებმაც სერზიო საყრდენ ზონაში ყველაზე მაღლა დააყენეს. ბოლო წლებში ბარსელონას მსგავსად ბუსკეტსსაც ცუდად წაუვიდა საქმე. სტაბილურობა დაკარგა, ჩემპიონთა ლიგაზე რამდენჯერმე თავიც შეირცხვინა, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მატჩები მოუტრიალეს, რამაც თითოეულ ფეხბურთელზე იქონია ძალიან ცუდი ზეგავლენა.

მას მერე, ბუსკეტსს თავის პოზიციაზე საუკეთესოს იშვიათად თუ უწოდებენ, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ნებისმიერ შემთხვევაში იქნება.

მესი ირჩევს ბუსკეტსს

პეპმა გაიხსენა ერთხელ, ვარჯიშზე ორკარას თამაშის დროს მესი ყოველთვის ბუსკეტსს ირჩევდაო, ყოველ ჯერზე, პირველ რიგში ბუსკეტსს ირჩევდა, მესიმდე ბურთის მიტანის ორგანიზებასა და დაცვას ის აგვარებდა, შეტევაში კი ლეო ამთავრებდა ყველაფერს. მერე დააყოლა გვარდიოლამ, მესის ძალიან კარგად ესმის ფეხბურთიო.

მოკლე თეზისად რომ შევკრათ, ასე გამოვა – თუ ფეხბურთი გესმის, ირჩევ ბუსკეტსს.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე