მუნდიალი კიდევ ერთმა ფავორიტმა, ბრაზილიამ დაიწყო. პენტაკამპეონებმა სერბეთს ლამაზი ფეხბურთით მოუგეს, თუმცა არის დანაკლისიც – მატჩის მიწურულს ნეიმარი ტრავმის გამო შეცვალეს.
ბრაზილიამ პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში სერბეთს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და G ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. დუბლი რიშარლისონის ანგარიშზე იყო, რომელსაც ავტორიტეტული მედია საშუალებები ძირითადში ნაკლებად ელოდნენ.
პირველ ტაიმში მაყურებელმა ლუსაილის სტადიონზე გატანილი გოლები ვერ ნახა, თუმცა თამაშს მოსაწყენი ნამდვილად არ ეთქმოდა. ვანია მილინკოვიჩ-სავიჩმა ბრაზილიელებს სამი დარტყმა აუღო. სელესაოს დომინანტური ფეხბურთის საპასუხოდ ტოპ 5 ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული სერბეთი ფიზიკურად პირველ ტაიმში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა რესურსს უმეტესად ნახევარდაცვაში ბრძოლასა და თავდაცვას ახმარდა.
რიშარლისონის დუბლი მაყურებელმა უკვე მეორე ტაიმში იხილა. ტიტემ მეორე ტაიმი მის უშუალო ვიზავის უპირობოდ მოუგო. მხოლოდ მეორე ტაიმში, დრაგან სტოიკოვიჩის გუნდის კართან სამხრეთ ამერიკელებმა 20-მდე საგოლე მომენტი შექმნეს. ტოტენჰემის ფორვარდის ორი გოლიდან განსაკუთრებით ლამაზი მეორე გამოდგა, როდესაც რიშარლისონმა ვინისიუს ჟუნიორის გადაცემა საგოლედ აქცია და ვარდნაში სერბების კარი მეორედ აიღო – ჟოგა ბონიტო!
მერე ტიტემ მოედანზე ანტონი, ჟეზუსი, მარტინელი და ფრედი შემოუშვა. შემტევმა ტრიომ სერბეთის შედარებით დაღლილ უკანახაზსა და ნახევარდაცვას კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, თუმცა გოლი აღარ გასულა.
დარჩენილ დროში ყველაზე უსიამოვნო რაც მოხდა ნეიმარის ტრავმა იყო, რომლის სიმძიმეც დღის განმავლობაში გაცხადდება. 30 წლის შემტევის წინააღმდეგ ვარდნის ავტორი ნიკოლა მილენკოვიჩი იყო. ფიორენტინას მცველს სამიოდ წლის წინ იდენტური რამ მარიო მანჯუკიჩის წინააღმდეგ აქვს გაკეთებული. მაშინ, სერია A-ში აქცენტირებული უხეშობის შემდეგ გონსალო იგუაინმა სერბს გიჟი (el loco) უწოდა.
შეხვედრის შემდეგ ნეიმარს კოჭი გვარიანად გასიებული ჰქონდა, თუმცა ის დამოუკიდებლად გადაადგილებას და მტკივანი ფეხის დადგმას ახერხებდა, რაც ცხადია, ამ სიტუაციაში, სელესაოს ქომაგებმა პოზიტიურ სიგნალად აღიქვეს. მატჩის შემდეგ ტიტემაც თქვა, – ის აუცილებლად განაგრძობს მუნდიალზე თამაშსო. მატჩი ასევე ტკივილით დაასრულა დანილომაც, თუმცა მისი შემთხვევა ნაკლებსაგანგაშოა.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
“მეთამაშა და გოლი გამეტანა მსოფლიო ჩემპიონატზე – ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. დიდებული მატჩი გვქონდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც უპირატესობას მეტოქის დაღლილობის ფონზე დავეუფლეთ. ახლა დროა, მეორე თამაშზე ვიფიქროთ, დავისვენოთ და სათანადოდ მოვემზადოთ, რადგან ყველა თამაში მნიშვნელოვანია.”
რიშარლისონი
“უზომოდ ბედნიერი ვარ, ეს საოცარი იყო. არ მეგონა თუ ასე კარგად წავიდოდა ყველაფერი. მუშაობა უნდა განვაგრძოთ. მუხლჩაუხრელად ვშრომობდით და ამ მატჩს, როგორც მორიგ შეხვედრას, ისე აღვიქვამდით, ნაცვლად მსოფლიო თასის მატჩისა.
ნეიმარი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, იმედია, ის ჯანმრთელად იქნება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს, რათა დაგვიბრუნდეს.
თამაშიდან თამაშამდე უნდა გავაგრძელოთ ასეთი ფეხბურთი, რათა დიდ მიზანს მივაღწიოთ.”
ვინისიუს ჟუნიორი
მატჩის საინტერესო ფაქტები კი ასე გამოიყურება:
- რიშარლისონს ნაკრებში, ბოლო 7 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.
- რიშარლისონი პირველი ბრაზილიელია, ვინვ 2014 წლის შემდეგ მუნდიალზე დუბლი გაიფორმა.
- მას შემდეგ, რაც რიშარლისონს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, მასზე მეტი გოლი არავის გაუტანია – 19.
მომდევნო შეხვედრას ბრაზილია შვეიცარიის წინააღმდეგ 28 ნოემბერს გამართავს.