უკანასკნელი მერვედფინალისტებიც გამოვლინდნენ. ვიცოდით, რომ ბრაზილია გასული იყო, თუმცა, გასარკვევი დარჩა რომელი ადგილით გავიდოდა ჯგუფიდან. საფრანგეთისა და პორტუგალიის მსგავსად, ბრაზილიამაც ძალიან გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და შედეგიც მსგავსი მივიღეთ, – ვერცერთმა გრანდმა ვერ შეძლო ჯგუფში სამივე მატჩის მოგება.
ბრაზილია – კამერუნი
ითამაშა ყველამ ვისაც შანსი არ მისცემია და ვერ ვიტყვით, რომ ტიტე საგონებელში ჩააგდეს. ამის მერე უფრო თამამად დასვამს ამ ფეხბურთელებს სკამზე. ცუდი ის არის, რომ ბრაზილიას გოლი არ ჰქონდა გაშვებული და ძირითადი შემადგენლობით რომ გამოსულიყო არც გაუშვებდა, მაგრამ ბევრი ცვლილება ვნახეთ და ბოლო წუთებზე მაინც გაუშვეს, – აბუბაკარმა თავით ლამაზი გოლი შეაგდო, მაისურიც გაიხადა, მეორე ყვითელი ბარათიც მიიღო, მსაჯს ხელი ჩამოართვა და ბედნიერმა დატოვა მოედანი. შვილიშვილებს მოუყვება რომ ბრაზილიას გამარჯვების გოლი გაუტანა. ეს უკვე დიდი ამბავია.
ბრაზილია კი ამის მერეც შეტევაში გაიქცა და ეცადა წამატებულ წუთებზე მაინც გაეტანა, მომენტი ბევრი შექმნა, ჩარჩოში კი ვერ მოარტყა, მართლაც გასაოცრად ააცილეს ყველა დარტყმა. არადა, იყო შანსი პირველი ადგილი დაეკარგა, ეს კი ტიტეს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა, რადგან, ასეთ შემთხვევაში პორტუგალისთან მოუწევდა დაპირისპირება, ბრაზილია ის ნაკრებია, რომელსაც არავის რიდი და შიში არ აქვს, მაგრამ პირველ ადგილზე გასვლით ყველაზე იოლი გზა ექნებოდა გარანტირებული, ჰოდა, გავიდნენ პირველზე.
ახლა მათი გზა ასეთია, – ბრაზილია მერვედფინალში სამხრეთ კორეას შეხვდება, მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში იაპონიასა და ხორვატიას შორის გამარჯვებულს. ნაადრევად არაფრის თქმა არ ღირს, მაგრამ ისიც კარგად ჩანს, რომ უკვე ცნობილ მეტოქესაც და მომავალში გასარკვევსაც ორი თავით აღემატება. ასეთი იოლი გზა გამოვიდა, რადგან, ესპანეთმა სხვა გზით ისურვა სიარული, არადა ელოდა ხალხი ბრაზილია-ესპანეთს მეოთხედფინალში.
შვეიცარია – სერბეთი
ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ვიხილეთ, შანსი ორივე გუნდს ჰქონდა და ბოლომდეც ითამაშეს. ორივე ნაკრებს ჰყავს ფეხბურთელები, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლოთ, მერვედფინალსაც მოუხდებიან და ვერც იმას ვიტყვით რომ პორტუგალიას იოლი გასეირნება ელის, გნებავთ შვეიცარიას შეხვედროდა და გნებავთ სერბეთს.
ანგარიში შაქირიმ გახსნა, ამ კაცს კარგად გამოსდის მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაში, საკლუბო კარიერაც მშვენიერი ჰქონდა და ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ითვლება უკვე ძალიან დიდი ხანია. თავისი ცნობილი ცაციათი გაიტანა, მეკარისაგან ახლო კუთხეში.
სერბეთს აუცილებლად უნდა მოეგო, შემტევები ნამდვილად კარგი ჰყავს, ასე უგოლოდ ამ მატჩს არ დატოვებდნენ. ჯერ მიტროვიჩმა გაათანაბრა ძალიან კარგი თავური დარტყმით, ნამდვილად პრემიერლიგური გოლი იყო, მერე კი ვლაჰოვიჩმა წინ გაიყვანა სერბეთი. ურთულესი პოზიცია იყო, თუმცა, შაქირიზე ნაკლები მარცხენა არც ვლაჰოვიჩს აქვს. დაბალი დარტყმით, მეკარისაგან შორეულ კუთხეში შეაგორა, – 2:1.
ტაიმის ბოლო კი შვეიცარიელთა კარგი შეტევა ემბოლოს გოლით დასრულდა. პირველ ტაიმში უკვე ოთხი გოლი იყო გასული, ანგარიში საყაიმო, ყველაფერი თავიდან უნდა დაწყებულიყო, პარალელურ შეხვედრაში ნულები ეწერა ტაბლოზე.
როგორც ხდება ხოლმე, ასეთი კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში ბევრი გოლი აღარ გასულა, მეორე ტაიმი ერთი გოლისა გამოდგა და ეგ გოლი შვეიცარიამ შეაგდო, ლამაზი კომბინაცია ფროილერმა დაასრულა გოლით.
შვეიცარია მერვედფინალში პორტუგალიასთან ითამაშებს. მათ შორის გამარჯვებული კი ესპანეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.