სარჩევი
2023 მარ 24, 12:12 შშ
1 წუთის საკითხავი

გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენის ბაიერნმა იულიან ნაგელსმანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

ასე მოულოდნელად. თითქოს, სანაკრებო პაუზას დაელოდნენ, რათა მეტი დრო ჰქონოდათ საქმის დასალაგებლად. ბაიერნის ხელმძღვანელები იშვიათად იღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, შეიძლება ითქვას, რომ ნაგელსმანის თაობაზე ბევრი ექნებოდათ ნაფიქრი და ეგებ მის შემცვლელთანაც დიდი ხნის წინ დაეწყოთ მოლაპარაკება.

შემცვლელად კი ტომას ტუხელს ასახელებენ. ჩემპიონთა ლიგის მომგებ მწვრთნელს. ტუხელის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა, მას თავისი სტილი აქვს და ფეხბურთელებს შუა სეზონშივე მოუწევთ გადაწყობა და ახლებურ სტილთან შეგუება.

არადა, ჩემპიონთა ლიგაზე მცირე ცვლილებაც კი ახდენს გავლენას.

მოგეხსენებათ, ბაიერნს მეტოქედ მანჩესტერ სიტი ერგო. ოლივერ კანი კი ყოველთვის წინ იხედება. ის რომ ბაიერნი დორტმუნდს ერთი ქულით ჩამორჩა ბუნდესლიგაში ეს დიდად საშიში მოვლენა არ არის, მაგრამ ის, რომ პეპ გვარდიოლასთან და ჰოლანდთან მოუწევთ დაპირისპირება – ეს საშიშია.

ბაიერნში ჯერ კიდევ თამაშობენ ის ფეხბურთელები, რომელთაც პეპ გვარდიოლა ძალიან კარგად იცნობს. მათ განვითარებაში დიდი წვლილიც შეუტანია.

ხელმძღვანელებმა კი ჩათვალეს, რომ პეპთან ტუხელს იმაზე მეტი შანსი ექნება, ვიდრე ნაგლესმანს შეიძლებოდა რომ ჰქონოდა.

არც შიდა ამბები უნდა დაგვავიწყდეს. არის რაღაცები, რასაც ოლი არავის პატიობს, არც ჰანსი ფლიკს და არც იულიან ნაგელსმანს.

ისღა დაგვრჩენია ტუხელის კონტრაქტს დაველოდოთ.