ბარსელონამ ბეტისი დაამარცხა და ფინალში რეალს შეხვდება

ბეტისი 2:2 ბარსელონა | Setanta Sports

მორიგი ნახევარფინალი ესპანეთის სუპერ თასზე, პენალტების მორიგი სერია და მორიგი დრამა. ფინალში setantasports.com-ის მაყურებელი ელ კლასიკოს ნახავს.

ესპანეთის სუპერ თასზე მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვა. ბარსელონამ ბეტისი დაამარცხა პენალტების სერიაში დაამარცხა.

ძირითადი დრო

ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმი ჩავის გუნდმა მინიმალური უპირატესობით მოიგო. ერთადერთი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.

პოლონელის გოლამდე ანგარიში პედრიმ გახსნა, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ამ ტურნირზე თამაშგარის ნახევრად ავტომატიზებული სისტემა მოქმედებს. VAR-ის ოთახში, მსაჯებს ეპიზოდის შესაფასებლად დრო სწორედ ამ ტექნოლოგიამ დააზოგინა.

პედრის გოლს ნახევრად ავტომატიზებული სისტემა აუქმებს | Setanta Sports
პედრის გოლს ნახევრად ავტომატიზებული სისტემა აუქმებს

მანუელ პელეგრინის გუნდმა წონასწორობა 77-ე წუთზე აღადგინა. ლუის ენრიკეს პასით ტერ შტეგენს ნაბილ ფეკირმა გაუტანა.

დარჩენილ დროში ლევანდოვსკიმ სევილიელებს კიდევ ერთხელ გაუტანა, თუმცა გოლი ამ შემთხვევაშიც თამაშგარის გამო გაუქმდა.

ექსტრა ტაიმები

ექსტრა ტაიმებში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. ანსუ ფატიმ ბარსელონა 93-ე წუთზე დააწინაურა. მის გოლს ლორენ მორონმა 102-ე წუთზე ზუსტი დარტყმით უპასუხა. საგოლე გადაცემა ამ შემთხვევაშიც ლუის ენრიკეს ანგარიშზე იყო.

საინტერესოა, რომ ლორენ მორონს ბოლო გოლი ბეტისის მაისურით ორი წლის წინ ჰქონდა გატანილი. 29 წლის შემტევმა 2020 წლის 7 ნოემბერსაც ბარსელონას გაუტანა.

მეორე 15 წუთეულში გოლი აღარ გასულა, თუმცა მოედნიდან

პენალტები

11-მეტრიანების სერიაში ბარსელონას ფეხბურთელებმა უშეცდომოდ დაარტყეს. ბეტისის მხირდან კი ხუანმიმ და ვილიამ კარვალიუმ ვერ გაიტანეს. ორივე შემთხვევაში დამრტყმელს მარკ ანდრე ტერ შტეგენმა აჯობა.

  • ✔️ ვილიამ ჟოზე ლევანდოვსკი ✔️
  • ✔️ ლორენ მორონი კესი ✔️
  • ❌ ხუანმი ფატი ✔️
  • ❌ ვილიამ კარვალიუ პედრი ✔️

მატჩის შემდეგ

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პედრი დაასახელეს, თუმცა ნახევარმცველმა ჯილდო ტერ შტეგენს გადასცა. თავად გერმანელმა მეკარემ რეგალიის მიღება იუარა.

მეკარის გამორჩეულ თამაშზე ისაუბრა ჩავიმაც. პრესკონფერენციაზე ესპანელი სპეციალისტი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი ნამდვილად არ ყოფილა.

“მთლიანობაში და განსაკუთრებით, მეორე ნახევარში კარგად არ გვითამაშია. პირველ ტაიმში კარგად ვაზროვნებდით და აგრესიულად ვუტევდით, მეორეში – ეს აღარ გვქონია. ვერ შევქმენით საკმარისი რაოდენობის მომენტი. დღეს ორი სახე გვქონდა: ფანტასტიკური პირველი ტაიმი და მეორე, სადაც სტანდარტს საგრძნობლად ჩამოვრჩებოდით.

ანსუ ფატი უფრო ადრე უნდა შემომეყვანა, ეს ჩემი შეცდომაა. ის მსოფლიოს შემდეგ საგრძნობლად უმატებს და ქმნის მნიშვნელოვან განსხვავებას”.

ჩავი ერნანდესი – ბარსელონას მთავარი მწვრთნელი

“იმსახურებს თუ არა ტერ შტეგენი MVP-ის ჯილდოს? – აბსოლუტურად. მარკმა ის ჩემზე მეტად დაიმსახურა. მან დიდებულად ითამაშა და ფინალში სწორედ მისი თამაშის წყალობით ვიქნებით”.

პედრი – ბარსელონას ნახევარმცველი

“120 წუთის განმავლობაში ტერ შტეგენმა ორი ურთულესი ბურთი მოიგერია. ამ დროის განმავლობაში სასწორი ჩვენს მხარეს იყო. ვფიქრობ, სამართლიანი იქნებოდა, რომ ეს მატჩი ჩვენ მოგვეგო.

თანამედროვე ფეხბურთი იმდენად მაღალი ინტენსივობისაა, რომ ექსტრა ტაიმებს აღარ უნდა ვთამაშობდეთ. 90 წუთის შემდეგ მომენტალურად პენალტების სერია უნდა იწყებოდეს. 5-6 ფეხბურთელს პრობლემა შეექმნა, როგორც ჩვენი ასევე ბარსელონას მხრიდან. ახლა აღდგენა უნდა მოვასწროთ მომდევნო ოთხშაბათამდე, თუმცა ცხადია, გვერჩივნა ფინალში გვეთამაშა”.

მანუელ პელეგრინი – ბეტისის მთავარი მწვრთნელი
რეალი vs ბარსელონა | Setanta Sports
რეალი vs ბარსელონა

ფინალი – ელ კლასიკო

ფინალი 15 იანვარს, რიადში, მეფე ფაჰდის სახელობის სტადიონზე გაიმართება. რეალი vs ბარსელონა თბილისის დროით 23:00 დაიწყება და მისი ხილვა setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე