ბარსელონა ჩემპიონია

ბარსელონამ გასვლაზე ესპანიოლი დაამარცხა და ლა ლიგის ტიტულს დაეუფლა. ჩემპიონობა მეზობლის მოედანზევე იზეიმა და გულშემატკივართა წყრომა დაიმსახურა. რამდენიმე ათეული ქომაგი მოედანზე გადმოხტა, ფეხბურთელებს გაეკიდა, ესენიც გაიქცნენ და გასახდელს შეაფარეს თავი.

ერთი შეხედვით საშიში სურათი იყო, თუმცა, ცუდი შედეგები არ მოჰყოლია, ჩემპიონებმა სიცილ-სიცილით დატოვეს მინდორი.

მატჩის შემდგომ ჩავიმ აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს მოედანზე არ უნდა დაეწყოთ ზეიმი, ასე თქვა, ეტიკეტი დაიცვა, ისე კი მისთვისაც ალბათ სულერთი იყო, 2007 წლის მარცხისთვის ერთგვარი შურისძიება გამოუვიდა.

გასახდელში 27-ე ჩემპიონობა კლუბთან ერთად იზეიმა ჟუან ლაპორტამ. აქაც გამოჩნდა, რომ კარგი დიპლომატია, ტრიბუნაზე ყველაზე თავშეკავებული იყო, გასახდელში კი ყველაზე აქტიური.

ერნანდესმა მწვრთნელის რანგში პირველად იზეიმა ქვეყნის ჩემპიონობა. დიდად ბარსელონური სეზონი ვერ გამოვიდა, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდს ჯერ 64 გოლი აქვს შეგდებული, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ და მხოლოდ 13 მიიღო საკუთარ კარში, რაც ძალიან მაგარი მაჩვენებელია.

ბარსას ქომაგებმა კი ზეიმის დროს მესის ღრიალი დაიწყეს, მღეროდნენ ისე, როგორც ჩვეულებრივ მღერიან ხოლმე, მესისთან ერთად თუ მის გარეშე. ეს კიდევ ერთი თხოვნაა არგენტინელისა და კლუბის ხელმძღვანელების მიმართ, რომ დიდი დაბრუნება შედგეს.

ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს ეს თხოვნა, სურვილი ორმხრივია, თუმცა, დაბრკოლება, ბიუროკრატიული თვალსაზრისით ჯერ კიდევ ბევრია.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე