სარჩევი
2023 თებ 17, 10:01 შ-მდე
2 წუთის საკითხავი

პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა. ყველაფერი ოლდ ტრაფორდზე გადაწყდება.

ჩავი vs ტენ ჰაგი

სურპრიზები ორივე მწვრთნელმა შემოგვთავაზა, ჩავიმ სასტარტო თერთმეტეულის თვალსაზრისით, ტენ ჰაგმა კი ტაქტიკური ვარიაციის. რაღაც მხრივ, ორივემ მიიღო ის, რაც სურდა.

ტენ ჰაგის ამოცანა იყო, რომ მაქსიმალური კომფორტი შეექმნა რაშფორდისთვის, შეეთავაზებინა მისთვის ის ზონა, რომელიც ყველაზე დაუცველი იქნებოდა ბარსელონასთვის, ამ ამბავს ვერგჰოსტის პოზიცია შეეწირა, მაგრამ ეს არავის ანაღვლებს, როცა სასწორზე ბარსელონასთან გამარჯვება დევს.

ტეჰ ჰაგის გადაწყვეტილებამ იმუშავა, რაშფორდმა ერთი შეაგდო, მეორე გოლში კი ლომის წილი დაიდო. ორივე შემთხვევაში მარჯვენა ნახევასფეროდან შეუტია.

არაუხო vs რაშფორდი

დავაანონსეთ არაუხოსა და რაშფორდის დუელი, მაგრამ ურუგვაელი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჩავი მარცხენა ფლანგზე ელოდა მარკუსს, ტენ ჰაგმა კი დაუმალა, მასაც და არაუხოსაც.

არაუხოს ცენტრში დაბრუნებას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან რაშფორდს ნებისმიერ დროს შეეძლო პოზიციის შეცვლა, დაცვის ხაზში ხშირი პოზიციური ცვლილება კი მთლიანად არევდა თამაშს.

ამ გადაწყობაში გამარჯვებული ტენ ჰაგი დარჩა.

დაღი ნახევარდაცვაში

ბარსასთვის ყველაფერი ცუდად დაიწყო, ტრავმა მიიღო პედრიმ, რის გამოც კრეატიული მხარე მნიშვნელოვნად დაიკარგა. ლევანდოვსკიზე ბურთის ატანა გაჭირდა, მომენტებიც ნაკლები იყო.

ყვითელი ბარათი მიიღო გავიმ, კონტრშეტევის ჩაშლისთვის. ძალიანაც გაბრაზდა, მაგრამ ამას უკვე ვეღარაფერს უშველის, საპასუხო მატჩს გამოტოვებს. დიდი ალბათობით, პედრიც არ იქნება, რაც ბარსელონასთვის ძალიან დიდი დანაკლისია.

რაფინიას პროტესტი და ბოდიში

ჩავიმ ორივე გოლის ავტორი გაიყვანა მოედნიდან. ერთადერთი მიზეზი რატომაც სასტარტო თერთმეტეულის გამო კრიტიკის ქარ-ცეცხლში არ გაატარებენ, არის ის რომ მარკოს ალონსომ გოლის გატანა შეძლო. ვერ ჩაუთვლიან დიდ შეცდომად იმას, რასაც გოლი მოჰყვა.

რაფინიამ კი დიდი პროტესტი გამოთქვა ცვლილების გამო, ხელიც უხეშად ჩამოართვა ჩავის, მაგრადაც ილანძღებოდა სათადარიგოთა სკამზე, მერე კი გააცნობიერა ბოდიში თუ არ მოვიხადე, შესაძლოა თამაში აღარ მომიხდესო და ეს საზეპირო ბოდიშიც სხაპასხუპით ჩაგვაბარა.

ჩავიმ ბოდიში მიიღო. ყველაფერი რიგზეა.

საპასუხო მატჩი 24 თებერვალს შედგება.