სარჩევი

ხორვატებმა ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი გამოთიშეს ტურნირს. ბრაზილია უკეთესი იყო, თუმცა, ეს ფეხბურთია, ბურთი მრგვალია, მოდრიჩი ლეგენდაა, ხორვატია ნახევარფინალშია. ასე გამოვიდა, უნარების ტესტივით.

არგენტინამ ძალიან დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში ნიდერლანდები დაამარცხა. მესი ნელ-ნელა მიიწევს სანუკვარი მიზნისკენ. უკვე შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო ჩემპიონატი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ფინალამდეც არ მისულა.

რა იქნება ვნახავთ, ანონსი კი ბევრის მთქმელია. მანამდე კარგი იქნება ურთიერთშეხვედრები გავიხსენოთ.

მარადონა VS ბობანი

ხორვატია ჯერ კიდევ ახალგაზრდა ნაკრები იყო, როცა არგენტინას პირველად ეთამაშა. 1994 წელს მოხდა ეს ამბავი, ზედ მსოფლიო ჩემპიონატის წინ. არგენტინამ მუნდიალის წინ წაივარჯიშა, ხორვატები კი დამოუკიდებელი ნაკრების შენებას იწყებდნენ. ჰყავდათ შუკერი, ბობანი, იარნი, პროსინეჩკი. არგენტინელებს – მარადონა, ბატისტუტა, რედონდო, კანიჯა და ა.შ. მატჩი 0:0 დასრულდა. ხორვატების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თანაბარი მატჩი გამოდგა, 94 წლის ფორმაციის არგენტინასთან, მით უმეტეს, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, არ იყო ეს მარტივი საქმე. თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა ხალხმა, ეს ფეხბურთელები ოთხი წლის მერე რა ამბავს დაატრიალებდნენ.

სწორედ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ ერთმანეთს მეორედ. მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიამ უფრო შორს გააღწია, არგენტინასთან ჯგუფურ ეტაპზე 0:1 დამარცხდა. ის ერთადერთი პინედამ შეაგდო, ორტეგას პასის შემდეგ.

21-ე საუკუნეში

უკვე სამჯერ მოასწრეს შეხვედრა – 2006, 2014 და 2018 წლებში. არის ერთი ფეხბურთელი, რომელმაც სამივე ამ მატჩში მიიღო მონაწილეობა. რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, – ლიონელ მესი. მოდრიჩმა კი ერთი გამოტოვა. ლუკა ნელ-ნელა ჩამოყალიბდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად, საფეხურებად იარა მწვერვალამდე, ლიონელ მესი კი თავიდანვე საფეხბურთო მოვლენად იყო შერაცხული.

კარგი გასახსენებელია 2006 წლის მატჩი. კარგად ჩანს ვინ არის მესი და რას წარმოადგენს ხორვატია. თებერვლის ბოლოს მესიმ იმ მომენტისთვის კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ჩელსისთან, სტენფორდ ბრიჯზე, დღემდე ხშირად იხსენებენ რა დღეში ჩააგდო დელ ორნო და რობენი. სხვათა შორის, სანამ დელ ორნოს მოედნიდან გააძევებდნენ, მანამდე გაშლილი ფეხი ჩაარტყა მუხლში, მსგავსი შეჯახების შემდეგ ფეხზე წამომდგარი ფეხბურთელი მე არც მანამდე მინახავს, არც მის მერე. მესი კი წამოდგა და იმაზე მაგრად გააგრძელა თამაში, ვიდრე იქამდე თამაშობდა.

პირველ მარტს კი უკვე არგენტინა ხორვატიის ამხანაგური მატჩი ვნახეთ, მესისგან მოლოდინი ძალიან დიდი იყო და ეს მოლოდინი გამართლდა. მთელი ხორვატია დასდევდა, ურტყამდნენ, მაგრამ მაინც ყველაფერს აკეთებდა რაც სურდა, რეალურად, ორი გოლი შეაგდო, თუმცა, ერთ-ერთს კარის ხაზთან კარლოს ტევესი შეეხო და გოლი მას ჩაეთვალა. მიუხედავად მესის ასეთი თამაშისა, ხორვატიამ 3:2 მოიგო. ასეთი ნაკრებია. იმ მატჩებსაც იგებს, რომელშიც საუკეთესო არ არის.

მესისგან 2006 წლის მუნდიალზე გაბრწყინებას ელოდნენ, მაგრამ ჩელსისთან განმეორებით მატჩში კუნთი გაიწყვიტა. მართალია გამოჯანმრთელება მოასწრო, მაგრამ ფორმაში შესვლა გაუჭირდა, ამიტომ, ძირითად შემადგენლობაში თავი ვერ დაიმკვიდრა.

ისევ ამხანაგური

2014 წელს შედგა შეხვედრა სადაც ლუკა მოდრიჩს მონაწილეობა არ მიუღია. ლუკამ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. არგენტინამ მარტივად მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ პირველი გოლი გაუშვა. მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, ხორვატებმა მესის ვერაფერი მოუხერხეს და დამარცხდნენ. ლეომ ჯერ საგოლე პასი გააკეთა, – ანსალდიმ შორეული დარტყმით გაათანაბრა, მერე კი პენალტი ზუსტად შეასრულა. გარდა ამისა უამრავი მომენტი შექმნა, რომელიც გოლად ვერ აქციეს. (როგორც ხდება ხოლმე).

ეს მატჩი 2014 წლის ნოემბერში გაიმართა. არგენტინა უკვე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იყო.

2018 წლის მუნდიალი

ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ შეხვედრაზე. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მესის ასეთი ცუდი მატჩი კარიერის მანძილზე არ ჩაუტარებია. არგენტინაზე დიდი ზეწოლა იყო, პირველ ტურში ისლანდიის ნაკრებს ვერ მოუგეს, მესიმ პენალტი ვერ გაიტანა, ხორვატია კი მშვენიერ ფორმაში იყო, პირველივე მატჩებიდან ეტყობოდათ, რომ შორს შეეძლოთ წასვლა, ჰოდა, ფონალამდე მივიდნენ.

ხორვატიამ არგენტინა 3:0 გაანადგურა. ლუკა მოდრიჩი, რომელსაც ახალგაზრდობაში იოჰან კრუიფის კარიკატურას ამსგავსებდნენ, მატჩის მთავარი დირიჟორი იყო, მესი კი ჩაიკარგა. ბოლოს ისე გაღიზიანდა უხეშობაზე გადავიდა, რის გამოც ხორვატებმა სიხისტით უპასუხეს. მოკლედ, მესის ბოლო მატჩიდან ძალიან ცუდი მოგონებები აქვს, ახლა კი რევანშის აღებას ეცდება.

თავის მხრივ, ეს იქნება გარდამავალი ეტაპი ლუკა მოდრიჩისთვის, ჯერ მხოლოდ ის ფეხბურთელია, რომელიც მესისა და რონალდუს ეპოქაში ოქროს ბურთი მოიგო, ამასაც თავზე წამოაძახებენ ხოლმე, – რონალდუს ეკუთვნოდაო. კიდევ ერთი ფინალი, თან ნახევარფინალში მესის დამარცხება, სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანს.

კომენტარები

ოთხი წლის წინ ყველა პატარა ქვეყანას ოცნების უფლება მივეცით. არავის სჯეროდა, რომ ფინალში გასვლა შეგვეძლო. ისინი შთაგონებულნი იყვნენ ჩვენი ბრძოლისუნარიანობითა და სათამაშო ხარისხით”.

ორივე გუნდმა დიდი ემოციური ზეწოლა გადაიტანა. ფეხბურთს დიდ სიხარულთან ერთად დიდი მწუხარებაც მოაქვს, ფინალში მხოლოდ ორი გუნდი ითამაშებს”, – თქვა ხორვატთა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა.

“ხვალინდელ მატჩს არაფერი აქვს საერთო 2018 წლის მატჩთან. მოლოდინი ძალიან მაღალია, სოლიდურ, დინამიურ და სამართლიან თამაშს ველი. მსოფლიოს საუკეთესო ოთხ გუნდს შორის ვართ, ეს დიდი მიღწევაა, თუმცა, მეტი გვინდა”.

საკმარისი ძალა, სურვილი და ენერგია გვაქვს, ახლა დაღლილობაზე საუბრის დრო არ არის. ვეთამაშებით არგენტინას, რომელსაც ლიონელ მესი ჰყავს. მათი თამაში გავაანალიზეთ და ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, ჩემი ფეხბურთელების მჯერა”.

კომენტარი გააკეთა არგენტინის მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ:

კონკრეტული მატჩის გამო არ შევცვლით იმ გზას, რომელიც არჩეული გვაქვს. ეს მორიგი მატჩია, რომლის მოსაგებადაც ყველაფერს გავიღებთ. იღბალი ხან შენ მხარეს არის, ხან არა, შეიძლება უძლიერესმა ვერც მოიგოს, ეს ფეხბურთია”.

“მთელი არგენტინა მხარს გვიჭერს და ვგრძნობთ რომ ჩვენი სჯერათ, თუმცა, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ხვალინდელ მატჩზე სრულად უნდა ვკონცენტრირდეთ”.

“ხორვატიას გამოკვეთილი სათამაშო სტილი აქვს, რომელსაც არ შეცვლის. ცალკეულ მატჩებში ხდება გარკვეული დაპირისპირება ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის, მსაჯი ამისთვის არსებობს, რომ ეს დაძაბულობა განმუხტოს. არგენტინელები უნდა ამაყობდნენ იმით რასაც მივაღწიეთ, ჩვენ კოპა ამერიკის გამარჯვებულები ვართ და ახლა ფინალისკენ მივიწევთ”.

პრესკონფერენციას დაესწრო ტალიაფიკო, რომელსაც ლიონელ მესიზე დაეკითხნენ, – “ის ჩვენი კაპიტანი და ლიდერია. ჩვენი მთავარი მოტივატორი”.

2018 წელთან შედარებით განსხვავებული მატჩი იქნება, ხორვატიის თამაში გავაანალიზეთ და ვიცით, რომ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ჩვენ ახალი იარაღი გვაქვს, რომელსაც სწორად გამოვიყენებთ”, – ამბობს ტალიაფიკო.