NBA-ის რეგულარული სეზონის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ლუკა დონჩიჩის დალასი და იანის ანტენტოკუმპოს მილუოკი დაუპირისპირდნენ. მატჩი დაძაბული გამოდგა, მილუოკიმ მხოლოდ ერთი ქულით მოიგო, – 106:105.
მატჩის საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახდა, 37 წუთში 33 ქულა, 6 მოხსნა და 11 პასი დააგროვა. 28 ქულას მოუყარა თავი იანისმა, პლუს 10 მოხსნა და სამი შედეგიანი გადაცემა. ბოლო სროლა ლუკას დარჩა, თუმცა, ვერ გამოიყენა, მიუხედავად ამისა, ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა.
დიდ ინტერესს იწვევდა ფილადელფია სიქსერსისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსის შეხვედრა. ჯოელ ემბიდი და ჯეიმს ჰარდენი, ლებრონისა და ენტონი დევისის წინააღმდეგ. უნდა ითქვას, რომ ლეიკერსმა ბოლო დროს ხარისხი გააუმჯობესა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ფილადელფიას დასამარცხებლად, სიქსერსმა 11 ქულით მოიგო, – 133:122.
საუკეთესო იყო ჯოელ ემბიდი, 38 ქულით, 12 მოხსნითა და 5 პასით. კარგი მონაგარი ჰქონდა ჯეიმს ჰარდენსაც, – 28 ქულა, 4 მოხსნა, 12 პასი.
ლეიკერსში ყველაზე მეტი ისევ დევისმა ჩააგდო, – 31 ქულას 12 მოხსნაც მიუმატა. ლებრონს 23 ქულა ჰქონდა, 4 მოხსნა და 6 პასი, აღსანიშნავია, რომ ლებრონმა პარკეტზე 44 წუთი გაატარა.
დაძაბული გამოდგა პელიკენსისა და ფინიქსის შეხვედრა, არა ანგარიშის, არამედ ზაიონის საქციელის გამო. პელიკენსმა 128:117 მოიგო, უკანასკნელი ქულები ზაიონ უილიამსონმა ჩააგდო, 360 გრადუსით დატრიალდა და ბურთი კალათში ჩატენა, ეს კი NBA-ის დაუწერელი კანონის მიხედვით არ შეიძლება, ბოლო წამებზე კალათბურთელები აღარ ისვრიან, ერთგვარ პატივისცემას ავლენენ ერთმანეთის მიმართ, ზაიონმა ეს პატივისცემა არაფრად ჩააგდო.
უილიამსონმა 35 ქულა მოაგროვა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და უამრავი ლამაზი მომენტი. მიმდინარე სეზონში როგორც იქნა აჩვენებს იმ თამაშს, რასაც მისგან ელოდნენ. მთავარია ჯანმრთელად იყოს და მისი ნახვა საპლეიოფო მატჩებში დიდი სიამოვნება იქნება.
ნეტსი მოგებას აგრძელებს, ბრუკლინმა ატლანტა დაამარცხა 120:116, კევინ დურანტის ანგარიშზე 34 ქულა იყო, ირვინგის ანგარიშზე 33. ასევე 33 ქულა ჰქონდა ატლანტას შემადგენლობაში ტრეი იანგს, 31 ქულა ჰქონდა ბოგდანოვიჩს.
ბრუკლინის ბალანსი 15-12 ია, ატლანტას 13-13.