სარჩევი
2023 თებ 07, 12:58 შშ
2 წუთის საკითხავი

საინტერესო შეხვედრები გაიმართა NBA-ში. ჯერჯერობით მოცდა გვიწევს, კაირის გადასვლა დალასში არ გაოფიციალურებულა, თუმცა, ცვლილებით უკვე ბევრი რამ შეიცვალა.

ბრუკლინში პოსტ-კაირის ერა დაიწყო. კევინ დურანტი ისევ არ დაბრუნებულა. კლიპერსთან შეხვედრა გამოტოვა სეთ კარიმაც და მოულოდნელი გმირიც ვიხილეთ.

დიდი დანაკლისის პირობებში დიდი დრო მიიღო 21 წლის ქემ ტომასმა, იაპონიაში დაბადებულმა ამერიკელმა მოთამაშემ, რომელმაც 39 წუთში 47 ქულა ჩააგდო!

თითქოს კაირის დაემშვიდობაო, ამ სტატისტიკით. ერთ მატჩიანი გაბრწყინებაა თუ ახალი ვარსკვლავის დაბადება? ამას გავიგებთ, დრო საკმარისი ექნება.

ტომასმა 47 ქულას 4 მოხსნა და 3 ასისტი მიამატა. 11-დან 7 სამქულიანი ჩააგდო.

კლიპერსის რიგებში 29 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრა ჰქონდა პოლ ჯორჯს.

კავაი ლეონარდის ანგარიშზე 24 ქულა, 4 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრაა.

ბრუკლინი ფავორიტთა შორის აღარ განიხილება. ახლა ისღა დარჩენიათ კევინ დურანტი შეინარჩუნონ.

გოლდენ სტეიტი vs ოკლაჰომა

სტეფმა მორიგი ტრავმა მიიღო რის გამოც All Star-ს გამოტოვებს. დასანანია. მთელი კონცენტრირება რეაბილიტაციაზე იქნება, იმისათვის, რომ პლეიოფებს კარგ ფორმაში შეხვდეს.

უორიორზმა 141:114 დაამარცხა ოკლაჰომა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კლეი ტომპსონი იყო, რომელმაც 33 წუთში 42 ქულა, 3 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა.

ძველი კლეი გაახსენდა ალბათ ბევრს, 16-დან 12 სამქულიანი ჩააგდო. სტეფ კარის დონის მაჩვენებელია. პირველ ნახევარში 9-დან 7 სამქულაინი გამოიყენა. ეს კლეის მეორე საუკეთესო მაჩენებელია კარიერაში.

აღსანიშნია ჯორდან პულის ორმაგი დუბლი – 21 ქულა, 4 მოხსნა და 12 ასისტი.

ოკლაჰომას რიგებში ყველაზე მეტი ქულა “ოლ სთარმა” შაი გოლჯეს-ალექსანდერმა დააგროვა, – 20 ქულას 4 ასისტიც მიაყოლა.

ლილარდი vs იანისი

დემიენ ლილარდი დიდებული მოთამაშეა, შესაფერის სეზონს ატარებს და მისი ქებით არასდროს დავიღლები, მაგრამ ეს ბერძენი კაცი ოლიმპოს მთისკენ მიაპობს ტალღებს.

მილუოკმა 127:108 დაამარცხა პორტლენდი.

ლილარდის ანგარიშზე 28 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრაა.

მილუოკის ერთი ვარსკვლავი ვერ დაამარცხებს. დიდი ტრიო – ანტეტოკუნმპო, ლოპესი, მიდლტონი აღგა, პლუს ჯრუ ჰოლიდეი, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ეს საჩემპიონო გუნდია.

იანისმა ორმაგუ დუბლი შეასრულა, ორი ასისტი დააკლდა სამმაგ დუბლამდე, – 24 ქულა, 13 მოხსნა, 8 ასისტი. მხოლოდ 23 წუთი დაჰყო პარკეტზე.

ბრუკ ლოპესს 27 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • დეტროიტი – ბოსტონი 99:111
  • ვაშინგტონი – კლივლენდი 91:114
  • ჩიკაგო – სან ანტონიო 128:104
  • ჰიუსტონი – საკრამენტო 120:140
  • იუტა – დალასი 111:124