სარჩევი

დიდი დრო არ გასულა რაც ორლანდოსა და სან ანტონიოს შეხვედრაზე დავწერეთ და წუხილიც გამოვთქვით რომ ამ დაპირისპირებამ ქართველების გარეშე ჩაიარა, უფრო სწორად, სულ ბოლოს, რამდენიმე წამი მისცეს გოგა ბითაძეს. ეგ იყო და ეგ.

ისევ შეხვდნენ გუნდები ერთმანეთს და დამაიმედებელი კვლავ არაფერია, სანდრო მამუკელაშვილი არ გამოჩენილა, გოგა ბითაძეს კი მხოლოდ 3 წუთი დაუთმეს.

სანდროს ბოლო შვიდ შეხვედრაში მხოლოდ სამი წუთი აქვს პარკეტზე გატარებული, ორი ქულა და ორი ასისტი მიითვალა. სამ წუთში ცუდი არ არის. პოპოვიჩი კი ჯიუტად არ სწყალობს.

რაც შეეხება გოგას, ბოლო ორ შეხვედრაში დიდხნიანი უქმობის მერე 3-3 წუთი მისცეს. ბითაძე სან ანტონიოსთან ნულზე დარჩა. არც პასი, არც ქულა, არც ბლოკი, არც ჩაჭრა.

ორლანდო მეჯიქმა 127:111 მოიგო.

NBA-ში გაცილებით საინტერესო შეხვედრები გაიმართა და დროა ამას დავუთმოთ ყურადღება.

მინესოტა vs მილუოკი

თავიდანვე უცნაური იყო შუა სეზონში მაიკ ბუდენჰოლზერის გათავისუფლება და მის ნაცვლად დოკ რივერსის მოყვანა. დასკვნების გამოსატანად ჯერ მაინც ადრეა, მაგრამ დიდი ლოგიკა რომ ამ გადაწყვეტილებაში არ ყოფილა, ამას ბჭობა არ სჭირდება.

მილუოკი მეორე ადგილს იკავებდა კონფერენციაში და თამაშობდა ისე, როგორც უნდა ეთამაშა. დოკ რივერსის მოსვლის შემდეგ გუნდმა მეხუთე შეხვედრა წააგო, და ამ დროის მანძილზე მხოლოდ ერთის მოგება შეძლო დალასთან.

იწერება რომ მოთამაშეები უკვე უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ეჭვი შეაქვთ რივერსის მეთოდებში. რა ვიცი.. წესით, უნდა დალაგდეს ბევრი რამ, მაგრამ პლეი-ოფში ასე ქაოტურად საქმის კეთება არ ივარგებს.

მილუოკი მინესოტას შეხვდა და 129:105 დამარცხდა.

რა გასაკვირია.. ბოლო დროს ლიდერებთანაც მარცხდებიან და აუტსაიდერებთანაც. მინესოტას კი ისეთი აკრეფილი აქვს ამჟამინდელ ბაქსს ნამდვილად არ დაინდობდა.

  • არ უთამაშიათ დემიენ ლილარდსა და კრის მიდლტონს. შესაბამისად, ბაქსს სამიანები დააკლდა. თუმცა, 21 და 27 ქულა აიღეს ჯა ქროუდერმა და ეი ჯი გრინმა.
  • რაც შეეხება იანისს, მისი სტატისტიკა ასეთია – 17 ქულა, 3 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ჩაჭრა. FG – 7/14. იანისმა 27 წუთი გაატარა პარკეტზე.
  • ენტონი ედვარდსმა 26 ქულა, 3 მოხსნა, 9 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სულ ერთი ასისტი დააკლდა ორმაგ დუბლამდე. 11-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/20.
  • თაუნსის ანგარიშზე 19 ქულა, 5 მოხსნა და 1 ასისტია. 6-დან 4 სამქულიანი ზუსტად ისროლა.
  • ორმაგი დუბლი შეასრულა რუდი გობერმა – 16 ქულა, 11 მოხსნა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში მილუოკ ბაქსი მესამე საფეხურზე დაეშვა, მეორე კლივლენდ კავალიერსია.

რეგულარული სეზონი

  • ინდიანა პეისერსი vs გოლდენ სტეიტ უორიორზი – 109:131
    სტეფ კარიმ 42 ქულა დააგროვა, 11 სამქულიანი ჩააგდო. შეგახსენებთ, რეკორდი კლეი ტომპსონს ეკუთვნის – 14 სამქულიანი. სტეფმა პირველ მეოთხედში 6-დან 6 სამქულიანი ჩაგდება შეძლო.
  • ბრუკლინ ნეტსი vs კლივლენდ კავალიერსი – 95:118
    დონოვან მიჩელის ანგარიშზე 27 ქულაა.
  • ნიუ-იორკ ნიქსი vs დალას მავერიქსი – 108:122
    დონჩიჩის ანგარიშზე 39 ქულა და 11 მოხსნაა.
  • მემფის გრიზლი vs ჩიკაგო ბულზი – 110:119
    დემარ დეროზანის ანგარიშზე 30 ქულაა.
  • ფინიქს სანსი vs იუტა ჯაზი – 128:115
    კევინ დურანტმა 31 ქულა აიღო.
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი vs დენვერ ნაგეთსი – 106:114
    ლებრონის ანგარიშზე 25 ქულა და 9 მოხსნაა, ენტონი დევისმა 32 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. ოსტინ რივზმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 10 ასისტი.
    იოკიჩის ანგარიშზე 24 ქულა, 13 მოხსნა და 9 ასისტია. ჯამალ მარიმ 29 ქულა და 11 ასისტი მიითვალა.
  • პორტლენდი vs დეტროიტი – 122:128
    ჯერემი გრანტმა 49 ქულა ჩააგდო.