ნუ გააღვიძებ – ბოსტონში Game 7 შედგება

ნიკოლა იოკიჩმა კევინ დურანტი სახლში გაუშვა. ახლა მშვიდად დაელოდება ლეიკერსსა და გოლდენ სტეიტს შორის გამარჯვებულს. მე მგონი, ცოტა გაბრაზდა კიდეც რომ MVP-ის ჯილდოს გარეშე დატოვეს, ეს სიბრაზე კიდე იოკიჩსაც უხდება და კალათბურთსაც.

ბოსტონმა სერიაში ანგარიში ისევ გაათანაბრა, გუნდებმა ერთმანეთის ქალაქში მოიპოვეს გამარჯვება და ნავარაუდევი Game 7-ი მივიღეთ, შეხვედრა ბოსტონში გაიმართება.

დენვერი vs ფინიქსი

ბევრი ელოდა რომ დენვერი სერიას დაასრულებდა, მაგრამ ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებასაც არ ელოდნენ. ნაგეთსი მთელი შეხვედრის მანძილზე დომინანტი იყო თავის გენერლის მსგავსად და მარტივად გავიდა კონფერენციის ფინალში.

იოკიჩი ძალიან ახლოს არის მთავარ მიზანთან. ამასობაში კი გამოჩნდა, რომ მშვენიერი კოლექტივი ჰყავს ირგვლივ შემოკრებილი, ზუსტად ისე თამაშობენ, როგორც მათ ლიდერს სჭირდება.

კალათბურთში ერთი მოთამაშე ძალიან ბევრს ნიშნავს, ერთი დიდი ლიდერის ფასი ძალიან მაღალია. ფინიქსს ჰყავს ვარსკვლავები, ძალიან დიდი ვარსკვლავებიც, მაგრამ იოკიჩის მსგავსი ლიდერი არცერთი არ არის.

ჯოკერმა მორიგი სამმაგი დუბლი მიითვალა – 32 ქულა, 10 მოხსნა, 12 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკი. FG – 13/18 ზე.

ჯამალ მარიმ 26 ქულით დახურა შეხვედრა.

კევინ დურანტის ანგარიშზე 23 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ბლოკია. კევინს სამქულიანი საერთოდ არ უსვრია, რაც, ძალიან უცნაური ამბავია.

დევინ ბუკერმა კი სერიაში ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა – 12 ქულა, 1 მოხსნა, 8 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

31 ქულა დააგროვა კემერონ პეინმა, რაც დურანტმა და ბუკერმა არ ისროლეს, ყველა პეინმა ჩაყარა – 9-დან 7 სამქულიანი ჩააგდო.

ასე რომ, დენვერი კონფერენციის ფინალშია და მეტოქეს ელოდება. კევინ დურანტი კი სახლში წავიდა.

ფილადელფია vs ბოსტონი

სიქსერსმა იდეალური შანსი გაუშვა ხელიდან ფინალში გასასვლელად. გადამწყვეტი შეხვედრა სახლში ჩაატარეს, თამაში დაიწყო და ბოსტონის მთავარმა ლიდერმა ყველა ბურთი ააცილა, ჯეისონ ტეიტუმს პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა. ეს ალბათ მისი კარიერის ყველაზე ცუდი პირველი ნახევარი იყო.

როცა ასეთი რამ ხდება, ვალდებული ხარ, რომ მეტოქეს აჯობო, მაგრამ მიუხედავად ტეიტუმის ასეთი ჩავარდნისა, სიქსერსმა ბოსტონთან პირველი ნახევარი 7 ქულით წააგო. ეს უკვე დიაგნოზია, ეს ნიშნავს, რომ ფინალში სათამაშოთ მზად არ ხარ.

მეორე ლიდერს რაც შეეხება, ტრადიცია გაგრძელდა, ჯეილენ ბრაუნმა კვლავ სცადა ემბიდისთვის ეჯობნა და ამ უკანასკნელმა ისევ დაბლოკა. თუ სწორად მახსოვს, ემბიდმა ბრაუნს ყველა თამაშში დაუბლოკა სროლა.

მესამე მეოთხედში ფილადელფია დაწინაურდა. ერთ ნაბიჯში აღმოჩდნენ ფინალთან, სულ რაღაც ერთი მეოთხედი და სიქსერსს ფინალში ვიხილავდით, თავის MVP-ისთან ერთად, მაგრამ, ბოლო მეოთხედში ტეიტუმმაც გაიღვიძა.

გაიღვიძა თუ გააღვიძეს..

ზედიზედ ჩაყარა სამიანები და ბოსტონი გამარჯვებამდე მიიყვანა. მძიმე დარტყმაა სიქსერსისთვის, წინ კი Game 7 გველოდება.

ჯოელ ემბიდის ანგარიშზე 26 ქულა, 10 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკია.

ჯეიმს ჰარდენმა 13 ქულა, 7 მოხსნა, 9 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. 6-დან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო.

ტაირის მაქსის ანგარიშზე 26 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი და 3 ჩაჭრაა. 9-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება ბოსტონის მექულეებს, – ტეიტუმის ანგარიშზე 19 ქულა, 9 მოხსნა, 6 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკია. 11-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. ოთხივე ბოლო მეოთხედში.

მარკუს სმარტმა ყველაზე მეტი, 22 ქულა დააგროვა, ბრაუნმა – 17.

აღსანიშნია, რომ ბოსტონმა მხოლოდ 7 მოთამაშე გაიყვანა პარკეტზე: ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, ალ ჰორფორდი, მარკუს სმარტი, რობერტ უილიამსი, მალკოლმ ბროგდონი და დერიკ უაითი.

სულ ეს არის. ბოსტონისთვის საკმარისია.

Game 7-ი 14 მაისს შედგება.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე