NBA – უორიორზი სერიაში დაბრუნდა

Game 3 – დღე პირველი. სტუმარ-მასპინძლები შეიცვლებიან და უკვე გამოიკვეთება ვის ექნება ქამბექის შანსი. მაგალითად, ბრუკლინი წარსულშია, ალბათ, თავიდანვე ასე იყო განსაზღვრული, უორიორზი კი თამაშში დაბრუნდა.

გოლდენ სტეიტი vs საკრამენტო

არ იყო დრეიმონდ გრინი, ცნობილი და მტკივნეული ამბების გამო. დაბრუნდება გაბრაზებული და ალბათ ცოტათი ფრთხილიც, მისი და საბონისის ბრძოლა ძალიან კარგი სანახავი იქნება.

უორიორზმა კი მის გარეშეც მოიგო. კლეი და კარი ასეთი მატჩების მოსაგებად საკმარისი ძალაა. უორიორზმა ოთხიდან სამი მეოთხედი მოიგო, მესამე მეოთხედი კი თანაბრად დასრულდა – 31:31. საბოლოო ჯამში, გოლდენ სტეიტმა 114:97 გაიმარჯვა.

სტეფ კარიმ 36 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკიც მიითვალა. 12-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

საკრამენტოს რიგებში ორმაგი დუბლით გამოირჩა დომანტას საბონისი – 15 ქულა, 16 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა.

დე’არონ ფოქსის ანგარიშზე 26 ქულა, 9 მოხსნა, 9 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 9-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ასე რომ, ანგარიში შემცირდა – 2:1. გოლდენ სტეიტი ანგარიშის გათანაბრებას ეცდება, მერე კი ყველაზე საინტერესოც დაიწყება.

კლიპერსი vs ფინიქსი

ლოს ანჯელესში ფინიქსი დაწინაურდა, ანგარიში 2:1 მიჰყავს. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ კლიპერსს გარდა პოლ ჯორჯისა, კავაიც გამოაკლდა, მხოლოდ რასელმა კი ვერაფერი გააწყო. არადა, მე თუ მკითხავთ, რასი სწორედ მაშინ არის ყველაზე სასარგებლო, როცა ერთპიროვნული ლიდერია.

რაღაც ისეთიც ვნახე, რაც მანამდე არ მინახავს, დევინ ბუკერს სპორტული ფეხსაცმელი გასძვრა, თამაში არ შეჩერებულა, ხელში აიღო და ფეხშიშველმა გააგრძელა თამაში, მსაჯმა არც ამჯერად შეაჩერა შეხვედრა, დევინმა კი მეტოქეზე დაფარება სცადა, სპორტული ფეხსაცმლით ხელში.

ნეტავ, გამოსვლოდა.

პირველი ნახევარი ასე თუ ისე თანაბრად წარიმართა, ფინიქსმა 54:51 მოიგო. ჯორჯისა და კავაის არყოფნაში ლიდერობა რასმა აიღო თავის თავზე და ნორმან პაუელიც მოულოდნელი ვარსკვლავი გამოდგა.

მესამე მეოთხედში ფინიქსი 12 ქულით გაიქცა, დიდი სამეულის ძალიან კარგი თამაშის შედეგად. მეოთხე მეოთხედში კი სამქულამდეც დავიდა სხვაობა, მაგრამ ფინიქსმა ისევ იმძლავრა და მოგება ხელიდან აღარ გაუშვია – 129:124.

ნორმან პაუელმა 41 წუთში 42 ქულა ჩააგდო. 5 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ბლოკი. 12-დან 7 სამქულიანი გამოიყენა.

რასელ უესტბრუკის ანგარიშზე 30 ქულა, 12 ასისტი, 8 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკია. რასმა 7-დან 3 სამქულიანი გამოიყენა.

ფინიქსის შემადგენლობაში იფრინა დევინ ბუკერმა – 45 წუთში 45 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი, 3 ჩაჭრა და 2 ბლოკი მიითვალა. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

კევინ დურანტის ანგარიშზე 28 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ფილადელფია მარტივად იგებს

როგორც მოსალოდნელი იყო ანგარიში 3:0 ია. ფილადელფიამ Game 3 ბრუკლინში მოიგო. ერთი შეხვედრაც და წერტილს დასვამს. აღარ უნდა აწყობდეთ დროის გაწელვა. ბრუკლინზე აქამდეც გვითქვამს, რომ სულ სხვა ხალხის დამსახურებით აღმოჩდნენ პლეიოფში და ამიტომ ვგულშემატკივრობდი მათ მიღმა დარჩენას, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ვერც Play In-იდან დააღწევდნენ თავს.

თუმცა, მოხდა ასე და ვერაფერს ვიზამთ. ფილადელფია პლეიოფში სეირნობს.

თამაში დაიწყო ძალიან სახალისოდ. ნიკ კლაქსტონს კარგად აუგდეს და ლამაზად ჩატენა, ემბიდმა დაფარება ვერ შეძლო და ძირს დაეცა, კლაქსტონმა კი გადაწყვიტა ისე გადაებიჯებინა მისთვის, როგორც სკოტი პიპენმა პატრიკ იუინგს, ანაც, ალენ აივერსონი გაიხსენეთ, სწორედ ამ გადაბიჯებების გამო უკვდავება მოიპოვეს ამ ეპიზოდებმა, ჯოელ ამბიდი კი ამას არაფრის დიდებით არ დაუშვებდა, კაცი MVP-ისთვის იბრძვის, აბა, კლაქსტონის გადასაბიჯებელი სად არის?!

ჰოდა, ამოჰკრა კიდეც ისე როგორც სჩვევია.

როცა ნიკ კლაქსტონი ხარ თავს ამის უფლება არ უნდა მისცე.

მესამე მეოთხედში ბრუკლინი წინ გავიდა და მეოთხედის დასასრულს ჯეიმს ჰარდენს პარკეტი დაატოვებინეს, მხარი უშნოდ გამოიყენეო, ასეთი ბრალი დასდეს. რას ვიზამთ, თანამედროვე NBA-ში ასეთები მოსულა.

მეოთხე მეოთხედი კი იმით გაგრძელდა რითიც დაიწყო, ნიკ კლაქსტონმა კიდევ ერთხელ ჩატენა, ემბიდმა ვერ დააფარა და კლაქსტონი ისევ პროვოკაციული იყო, ჰოდა, მასაც მოუწია პარკეტის დატოვება.

ჰგავდა ეს პროვოცირება ბრუქსისა და ლებრონის დაპირისპირებას. სხვადასხვა წონითი კატეგორიებია. ეს პატარა ხალხი კიდე ყველანაირი მეთოდის გამოყენებას ცდილობს, აბა როგორ, პლეიოფების ბოლოს და ბოლოს.

ბოლო წუთს ტაირის მაქსიმ სიქსერსი დააწინაურა და მერე ემბიდის ჯერიც მოვიდა, ბოლო წამებზე დინვიდის დააფარა და არ მისცა უფლება თამაში ოვერტაიმში გადაეყვანა. ისე გამოვიდა, რომ ეს მატჩი მაინც ემბიდმა მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო თამაში არ ჰქონია.

ემბიდის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 14 ქულა, 10 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი.

ნიკ კლაქსტონმა 18 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ანგარიში 3:0 ია სიქსერსის სასარგებლოდ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე