სარჩევი
2024 იან 21, 12:35 შშ
2 წუთის საკითხავი

NBA – ში მორიგი შეხვედრები გაიმართა, სან ანტონიო სპურსმა სეზონში მერვე შეხვედრა მოიგო. ცუდია რომ სანდრო მამუკელაშვილს არ უთამაშია. ისედაც მცირე დრო ეძლევა, ამჯერად კი საერთოდ არ გამოჩენილა.

სან ანტონიო vs ვაშინგტონი

სან ანტონიო მყარად არის დასავლეთ კონფერენციის ბოლო საფეხურზე. ვაშინგტონი აღმოსავლეთში ბოლოს წინა ადგილზეა, მხოლოდ დეტროიტს უსწრებს, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს რომ საერთოდ არსებობა უნდა შეწყვიტოს.

სპურსმა მერვე შეხვედრა მოიგო სეზონში. რა თქმა უნდა, ვემბის დახმარებით, ცოტა უცნაურია ასეთი ვარსკვლავის ყურება ასეთ წყალწაღებულ ორგანიზაციაში, თუმცა, გეგმა არსებობს, პოპოვიჩს არსად არ ეჩქარება, მზად არის ეს სეზონიც ქარს გაატანოს, ოღონდ მომდევნო სეზონზე კარგი პიკი აიყვანოს და ვიქტორის ირგვლივ კონკურენტუნარიანი გუნდი შეკრას.

მერე კი უნდა ველოდოთ მაღლა სვლას. ეტაპობრივად, რა თქმა უნდა.

ბოლო მეოთხედში თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გადამწყვეტი გამოდგა ვემბის სამქულიანი, ამ სროლით ანგარიში გაათანაბრა და დარჩენილ დროში სან ანტონიომ დაწინაურებაც შეძლო – 131:127.

ფანებს უხარიათ. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ადგილზეა სპურსი, სან ანტონიოს დიდი საკალათბურთო კულტურა აქვს, მართალია ამ კულტურას ახლა მხოლოდ მოგონებები აცოცხლებს, მაგრამ იმედიც ცოცხალია, იმედი იმისა, რომ ისევ ნახავენ რაღაც ისეთს, რასაც 90-იანების მიწურულსა და 2000-იანების პირველ ნახევარში უყურებდნენ.

ვემბიმ 28 წუთში 24 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი და 6 ბლოკი მიითვალა. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/21.

საოცარი კალათბურთელია, საშიში პოტენციალით.

რეგულარული სეზონი

  • დეტროიტი vs მილუოკი – 135:141
    დემიენ ლილარდმა 45 ქულა და 11 ასისტი დააგროვა;
  • შარლოტი vs ფილადელფია – 89:97
    ემბიდის ანგარიშზე 33 ქულა და 10 მოხსნაა;
  • ატლანტა vs კლივლენდი – 95:116
  • ნიქსი vs ტორონტო – 126:100
  • ჩიკაგო vs მემფისი – 125:96
  • ჰიუსტონი vs იუტა – 127:126
  • მინესოტა vs ოკლაჰომა – 97:102