NBA – სენსაციების დღე პლეიოფში

პლეიოფის კიდევ ოთხი შეხვედრა ვიხილეთ. ერთმანეთზე უკეთესი, თუმცა, ერთი ცუდი ამბავიც მოხდა, იანისმა მხოლოდ 11 წუთი ითამაშა და პარკეტი დატოვა.

მემფისი vs ლეიკერსი

დაამარცხებს თუ არა ნომერი 7 ნომერ 2-ს? ეს არის პლეიოფების მთავარი კითხვა, რადგან აბსოლუტურად შესაძლებელი ამბავია. ანგარიში უკვე ლეიკერსს მიჰყავს, თანაც მემფისში მოიგეს – 128:112.

ლეიკერსმა თავიდანვე ძალიან კარგად დაიწყო, უფრო მობილიზებული ჩანდა, უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებდა, და გამოცდილებაც მეტად ეტყობოდა.

გარდა ამისა, ძალიან მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარეს ჰაჩამურამ და რივსმა. თუ ამავე დონეზე განაგრძეს თამაში, ლეიკერსს შეუძლია გაცილებით წინაც გაიხედოს, გადახედავ ხუთეულს და საჩემპიონო გუნდია.

პირველ ნახევარში ბრწყინვალე იყო ენტონი დევისი, ნახევრის ბოლოს ხელი იტკინა, პარკეტი დატოვა და პულსიც აგვიჩქარდა, დევისის შემთხვევაში ყველა გასვლა უკვე მძიმე ტრავმად აღიქმება, არადა, დიდი სიამოვნებაა მისი თამაშის ყურება, თანაც, ასეთ დონეზე.

დევისი დაბრუნდა, ლეიკერსმა უპირატესობა მოიპოვა და თამაშის ბოლო წუთებზე გვარიანად გაექცა მემფისს.

ლებრონმა და დევისმა ორმაგი დუბლი შეასრულეს. ლებრონის ანგარიშზე 21 ქულა, 11 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა და 3 ბლოკია. 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. ერთი ღრმა სამიანი ყველაზე საჭირო დროს, როგორც მეფეს სჩვევია ხოლმე.

დევისის ანგარიშზე 22 ქულა, 12 მოხსნა, 3 ასისტი, 3 ჩაჭრა და 7 ბლოკია! შვიდივე სიგიჟე!

მიუხედავად ამ დუოს ასეთი თამაშისა, ყველაზე დიდი ყურადღება ჰაჩიმურას ერგო, მაგრად წაუვიდა სროლა, ჩაყარა და ჩაყარა. 6-დან 5 სამქულიანი ისროლა ზუსტად! 29 ქულა აიღო, 6 მოხსნა და 1 ასისტი. FG – 11/14 ზე!

რივზის ანგარიშზე კი 23 ქულა, 3 მოხსნა და 4 ასისტია.

რაც შეეხება მემფისს. საუკეთესო ჯექსონ ჯუნიორი იყო, ჯა მორანტმა ერთ-ერთ ეპიზოდში ხელი იტკინა, ეცადა დევისს თავზე გადაფრენოდა, მაგრამ დევისი კარგად დადგა, ჯა შეეჯახა, დაჯარიმდა და დაშვების დროს მაჯაც დაიზიანა.

ჯექსონის ანგარიშზე 31 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტია.

ბეინის ანგარიშზე 22 ქულა, 5 მოხსნა და 6 ასისტი.

ჯა მორანტმა კი 18 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.

ასეთი ამბავია. ეს სერია ყველა შემთხვევაში დიდებული სანახავი იქნება.

მილუოკი vs მაიამი

აქაც ინტრიგა გვაქვს. ასე გამოვიდა. იანისმა დაზიანება მიიღო და რაც უფრო მეტ ხანს გამოტოვებს მით უფრო მეტად გაიზრდება ინტრიგის ხარიხსიც. ორჯერ ზედიზედ მიიღო მძიმე დარტყმა, ჯერ ადებაიო შეასკდა მაღალ სისრაფეზე, მერე თავად უტევდა მეტოქის ფარს და ძალიან ცუდად დაეცა. იანისმა წელი დაიზიანა.

მილუოკის არ გაურისკავს. ჯერ პირველი მატჩია სერიაში, ახლა მთავარი გმირის ჯანმრთელობით გარისკვა ვერ არის გონივრული.

ასე დატოვა იანისმა თამაში და მაიამიმ სერიაში პირველი მატჩი მოიგო – 130:117.

კარგი სტატისტიკა ჰქონდათ კრის მიდლტონსა და ჯრუ ჰოლიდეის, მაგრამ თამაში ჯიმი ბატლერს მიჰყავდა.

ბატლერის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 35 ქულა, 11 ასისტი, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა.

კრის მიდლტონმა 33 წუტში 33 ქულა, 9 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა. 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

ორმაგი დუბლი შეასრულა ჯრუ ჰოლიდეიმ – 16 ქულა, 16 ასისტი, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა. 9-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

იანისის მდგომარეობა გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

კლიპერსი vs ფინიქსი

აღმოსავლეთში მერვემ პირველი დაამარცხა. დასავლეთში მეშვიდემ მეორე. ასე სენსაციებით დავიწყეთ, კლიპესსა და ფინიქს შორის კი სენსაცია ვერ გვექნება, ზედმეტად კარგია ორივე იმისათვის, რომ სენსაცია გვქონდეს.

პირველი მეოთხედი კლიპერსმა შესანიშნავად ჩაატარა. კავაი ლეონარდი მეტოქის ფარს აწიოკებდა, საპირისპიროდ ბუკერი აქტიურობდა. კლიპერსს კვლავინდებურად აკლია პოლ ჯორჯი, დაუმატეთ ამ კოლექტივს ეს დიდი კაცი და საჩემპიონო გუნდი სახეზეა.

მეორე მეოთხედში კევინ დურანტმა გაიღვიძა და სხვაობა შემცირდა, კლიპერსმა პირველი ნახევარი 59:54 მოიგო.

მესამე მეოთხედი ფინიქსისთვის საუკეთესო გამოდგა, ჯერ 9 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა, შემდეგ სადავეები მაინც გაექცათ და თანაბარი ანგარიში მივიღეთ – 81:81.

გადამწყვეტი მომენტი კი 11 წამით ადრე ვნახეთ, დევინ ბუკერი უტევს, ანგარიში 111:108 კლიპერსის სასარგებლოდ. ყველაფერი წინ არის, უფრო სწორად, წინ რასელ უესტბრუკია, რომელიც ბუკერს აფარებს, მერე ბურთს არტყამს ისე რომ აუტზე გადავიდეს და თავისთვის იტოვებს.

აღნიშნა რასმა ეს ამბავი ისე, როგორც სჩვევია.

საბოლოოდ კლიპერსმა 115:110 მოიგო.

დასაწყისიც ასეთი უნდა.

კევინ დურანტს ერთი მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე – 27 ქულა, 9 მოხსნა, 11 ასისტი, 1 ჩაჭრა, 2 ბლოკი. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

კრის პოლის ანგარიშზეც ორმაგი დუბლია – 7 ქულა, 11 მოხსნა, 10 ასისტი, 2 ჩაჭრა. 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

დევინ ბუკერმა 26 ქულა, 1 მოხსნა, 3 ასისტი, 4 ჩაჭრა და 3 ბლოკი მიითვალა.

კლიპერსის შემადგენლობაში 38 ქულა აიღო კავაი ლეონარდმა, 5 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა, 1 ბლოკი. 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

რასელ უესტბრუკის ანგარიშზე 9 ქულა, 10 მოხსნა, 8 ასისტი, 2 ჩაჭრა და 3 ბლოკია. რასმა დაცვაში ძალიან მაგრად ითამაშა. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ორმაგი დუბლია ზუბაჩის ანგარიშზე – 12 ქულა, 15 მოხსნა.

დენვერი vs მინესოტა

აი აქ კი ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. დენვერმა მინესოტა ძალიან მარტივად 109:80 დაამარცხა. პარკეტზე იყო ჯოკერი და უკვე ყველაფერი ნათელია.

ამჯერად მხოლოდ ორმაგ დუბლს დასჯერდა – 13 ქულა, 14 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა.

ორმაგი დუბლი შეასრულა პორტერ ჯუნიორმა – 18 ქულა, 11 მოხსნა, 2 აისისტი.

მინესოტას რიგებში ორმაგი დუბლით გამოირჩა ენტონი თაუნსი – 11 ქულა, 10 მოხსნა, 2 ასისტი.

18 ქულით ჩაამთავრა შეხვედრა ედვარდსმა.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე