სარჩევი
2023 ნოე 01, 15:12 შშ
3 წუთის საკითხავი

NBA-ის რეგულარული სეზონი დაიწყო. დიდი მოლოდინით, ფავორიტებით, აუტსაიდერებით და რამდენიმე ისეთი ორგანიზაციით, რომელსაც დაშლას უწინასწარმეტყველებენ.

ამ ეტაპზე, როგორც წესი, ხურდებიან. თავიანთ თამაშს ეძებენ, თუ ვინმემ შევსება მიიღო ერთგვარი შეთამაშების ეტაპი უდგათ, ჯერ ნიადაგს სინჯავენ შეძლებენ თუ ვერა ასეთი შემადგენლობით რეგულარულის ჩამთავრებას, თუნდაც ზამთრამდე. მაგრამ, მაინც ჩანს ხოლმე ის ნიშნები, რომელიც გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს.

მაგალითად, ვიქტორ ვემბანიამა ნამდვილად საკალათბურთო მოვლენაა, რომლისგანაც მხოლოდ პროგრესს უნდა ველოდოთ. ჭკვიანი და გონიერი მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს, სხვა ღირსებებზე რომ არაფერი ვთქვათ, თანაც, დამრიგებელიც ისეთი ჰყავს ყველამ რომ უნდა ინატროს.

მთავარია ჯანმრთელად დარჩეს – ყველაზე ხშირად ამას მოისმენთ მასთან მიმართებით. ერთადერთი კითხვის ნიშანი აქ ისმება, სხვა ყველაფერი რიგზეა.

ჯანმრთელობაზე კიდე ყველას უილიამსონი ახსენდება. ყველას თუ არა, მე მაინც მახსენდება. რატომღაც განსხვავებულ სურათს ველოდი დასაწყისისთვის მაინც, მაგრამ ორლეანი გამოვიდა პარკეტზე და ზაიონი ისევ ორი კაცის წონას ატარებს. ისევ ისეთი სწრაფი და მოქნილია, ისევ ისეთი ნახტომი აქვს და წონის შესაბამისად, ისევ ძალიან დიდი რისკია დაშავების.

არ ვიცი, რას ფიქრობენ ორგანიზაციაში, უდიდესი ტალანტია, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. არც ჩარლზ ბარკლის დარიგებამ გაჭრა, არც კონტრაქტში ჩამატებულმა პუნქტებმა, არც მუქარამ, ზაიონი ისევ საკმარისზე დიდია.

მთავარი მოვლენა კი დემიენ ლილარდის მილუოკში გადასვლაა. იანისმა დიდებული პარტნიორი შეიძინა, პირველი თამაშებიდან ისე ჩანს, რომ ყველაფერი რიგზეა, ლილარდი გუნდში კარგად ჩაეწერა, ის ნიუანსებიც აითვისა, რაც ბაქსს ახასიათებს და თავის მხრივ გამოჩნდა რომ ბევრი რამის მიცემა შეუძლია გუნდისთვის, გასნაკუთრებით პერიმეტრიდან.

ფინიქს სანსი vs სან ანტონიო სპურსი

ფინიქსი შეხვედრას დანაკლისით შეხვდა, თუმცა, მაინც ფავორიტის რანგში. არ იყვნენ დევინ ბუკერი და ბრედლი ბილი. ბრედლის ჯერ ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია ახალ გუნდში. სამაგიეროდ, ჯანზეა კევინ დურანტი, სწორედ მისი და ვემბის დუელს ელოდნენ მაყურებლები და მიიღეს კიდეც, მაგრამ უნდა ითქვას, რომ შეხვედრა გაცილებით საინტერესო და მასშტაბური გამოდგა, ვიდრე ორი მოთამაშის დაპირისპირება იყო.

ფინიქსმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და თითქოს მშვიდად უნდა მიეყვანა მატჩი გამარჯვებამდე, ოცქულიანი უპირატესობის აღმოფხვრა სანსთან ურთულესი საქმეა, პოპოვიჩს კი უყვარს სირთულეები.

სან ანტონიომ 115:114 მოიგო.

ბოლო სროლა ვემბის ერთ-ერთმა კერპმა, კევინ დურანტმა დაიტოვა, მაგრამ მისი სროლა არაზუსტი აღმოჩნდა, ბურთი ფარმა აისხლიტა და სან ანტონიომ ძალიან სერიოზული განაცხადი გააკეთა.

კევინი მაინც ტაში გააცილეს, მიუხედავად იმისა, რომ დამარცხდა, ალბათ მაინც საუკეთესო იყო პარკეტზე.

  • დურანტის ანგარიშზე 37 წუთში 26 ქულა, 7 ასისტი და 2 მოხსნაა.
  • ერიკ გორდონის ანგარიშზე 36 წუთში 20 ქულა, 6 ასისტი და 2 მოხსნა.
  • სან ანტონიოს მხრიდან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა კელდონ ჯონსონს, 33 წუთში 27 ქულა, 4 ასისტი და 3 მოხსნა დააგროვა.
  • ვემბის ანგარიშზე კი 28 წუთში 18 ქულა, 1 ასისტი და რვა მოხსნაა.

ბითაძის 4 წუთი

სანდრო მამუკელაშვილს ფინიქსთან არ უთამაშია. მას მთელი სეზონის მანძილზე მოუწევს ბრძოლა იმისათვის, რომ საჭირო წუთები მიიღოს.

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი ლოს ანჯელეს კლიპერსთან 118:102 დამარცხდა. გოგამ მხოლოდ ოთხი წუთი დაჰყო პარკეტზე, ამ დროის მანძილზე ერთი ქულა, 3 ასისტი და ერთი მოხსნა მიითვალა.

როგორც სანდროს, ასევე მასაც მოუწევს კონკურენციის დაძლევა. NBA-ში სხვაგვარად არ გამოვა.