ნიუ იორკ ნიქსმა დალას მავერიკსს უმასპინძლა და ისტორიული მატჩიც შედგა.
დასრულებამდე 4 წამი რჩებოდა, საჯარმო ხაზთან ლუკა დონჩიჩი იდგა, ბურთის ჩაგდებას აზრი აღარ ჰქონდა, ანგარიში მხოლოდ ერთ ქულამდე შემცირდებოდა. აქ გვაჩვენა ლუკამ რომ განსაკუთრებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე.
საჯარიმოს შეგნებულად გაფუჭების მცდელობა, იმის იმედად რომ ბურთს მეტოქის ფარზე მოხსნი და მერე ჩააგდებ ბევრჯერ გვინახავს, ამ ბევრიდან ძალიან მცირე ამართლებს ხოლმე, ამ მცირეში კიდევ უფრო მცირეა შემთხვევა ბურთი იმან მოხსნას, ვინც საჯარიმოს ასრულებს და მერე არანორმალური სროლით ჩააგდოს.
ლუკამ ეს შეძლო.
შეგნებულად გაარტყა ბურთი ფარს, მერე ბურთმა ხელიდან ხელზე იფრინა და ისევ ლუკას ჩაუვარდა, რომელსაც ბურთი არც კი უგრძვნია კარგად ხელში ისე ისროლა ფარისკენ და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.
არ ვიცი რა უფრო უცნაური სანახავი იყო, ლუკას სასწაული ქულები თუ მისი შესრულებული მოძრაობები ჩაგდებული ბურთის მერე.
მე მგონი იცეკვა. ასე უძველესი ტომის წარმომადგენლები ცეკვავდნენ. ღმერთებს რომ წვიმა მოევლინათ მათთვის.
სახალისო სანახავი იყო, კიდევ უფრო სასაცილო გამოდგა მატჩის შემდგომი კომენტარი.
ლუკას უთხრეს, რომ ისტორია დაწერა, აქამდე NBA-ში არავის აუღია 60 ქულა, 21 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა, – ამაზე რას იტყვი?
“ძალიან დავიღალე. ლუდი მჭირდება ძალების აღსადგენად“, – უპასუხა ლუკა დონჩიჩმა.
გარდა ამისა, ეს არის პირველი შემთხვევა NBA-ში, როცა სამმაგი დუბლის შესრულების პირობებში, კალათბურთელმა 60 ქულასთან ერთად 20 მოხსნა დააგროვა.
ასევე, ლუკა გახდა კალათბურთელი, რომელმაც დალასის ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა აიღო. აქამდე რეკორდი დირკ ნოვიცკის ეკუთვნოდა.
ბოსტონი – ჰიუსტონი
ბოსტონმა 126:102 დაამარცხა ჰიუსტონი. ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 38 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასია. ჯეილენ ბრაუნმა 39 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
ბოსტონის ბალანსი 25-10 ზეა.
48 ქულა და მარცხი
ვაშინგტონმა ფილადელფიას უმასპინძლა და 116:111 დაამარცხა. ჯოელ ემბიდმა 48 ქულა, 10 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა.
ჰარდენის ანგარიშზე 26 ქულა, 7 მოხსნა და 13 პასი იყო.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
ორლანდო – ლეიკერსი 110:129
ინდიანა – ატლანტა 129:114
ტორონტო – კლიპერსი 113:124
მემფისი – ფინიქსი 108:125
ოკლაჰომა – სან ანტონიო 130:114
გოლდენ სტეიტი – შარლოტი 110:105
საკრამენტო – დენვერი 106:113