NBA-ის თასი – ლეიკერსი და მილუოკი ნახევარფინალში გავიდნენ

გუშინ ინდიანა ეისერსი და ნიუ-ორლეან პელიკანსი გავიდნენ ნახევარფინალში. დღეს ლას-ვეგასის გზაზე მიმავალი ორი გუნდიც გაირკვა. ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, მოულოდნელი მხოლოდ პეისერსის გასვლა იყო.

გამთენიისას ლეიკერსმა ფინიქსს უმასპინძლა, მილუოკიმ ნიუ-იორკ ნიქსს.

ბაქსი vs ნიქსი

თამაშის დასაწყისშივე დავიზაფრეთ, იანისი დაშვების დროს ფეხს ადგამს ჯულიუს რენდელს, ზუსტად ისე, როგორც კავაიმ იპოვა ზაზას ფეხი – ან ზაზას ფეხმა კავაის ფეხი. ამაზე დავა ჯერ არ დასრულებულა და იქამდე გაგრძელდება სანამ კვერცხისა და ქათმის ამბავი არ ამოიხსნება.

დაეცა, დაიწყო კოჭლობა და ვიფიქრეთ რომ დაიღუპა თანამედროვე NBA-ი, მაგრამ იანისი ძალიან ძლიერია, სახსრებიც ძლიერი აქვს და მყესებიც, მოკლედ, გადარჩა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დახურა.

პირველი ნახევარი თანაბრად წარიმართა, მაგრამ ბაქსმა მაინც შეძლო მოგება, ბოლო წამებზე ლილარდმა გააკეთა ის, რისთვისაც მოიყვანეს, სამიანი ისროლა და გუნდი წინ გაიყვანა – 75:72.

ისე კი მთელი თამაში იმ ორი მოთამაშის დუელად იქცა, რომლებზეც უკვე მოგახსენეთ, არ ვიცი გაუჩნდა თუ არა ეჭვი იანიის – ემანდ, შეგნებულად ხომ არ დამიდო ფეხიო. არ ვიცი, მაგრამ თუ ასე ჩათვალა, ძალიან გაბრაზდებოდა, და ფაქტია რომ ნიქსი არ დაინდო.

მეორე მხრივ, საოცარი შეხვედრა ჩაატარა რენდელმა, მაგრამ მისი გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა, ვერც ჯეილენ ბრაუნის ქულებმა უშველა. ბაქსი ამისთვის ზედმეტად ძლიერია.

საბოლოოდ, ბაქსმა ნიქსს გადაუარა – 146:122. იანისი და კომპანია ამ ტურნირის მთავარი ფავორიტები არიან. ნახევარფინალში კი პეისერსს დაუპირისპირდებიან.

  • იანისმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 35 ქულა, 10 ასისტი, 8 მოხსნა და 3 ჩაჭრა. ერთი სამქულიანი ზუსტად გამოიყენა, FG – 15/22.
  • ლილარდის ანგარიშზე 28 ქულა, 7 ასისტი, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/13.
  • ჯულიუს რენდელმა 41 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა. ორიდან ორი სამქულიანი გამოიყენა. FG – 14/19.

ლეიკერსი vs ფინიქსი

დიდებული ლებრონ ჯეიმსი!

ბრწყინვალე კევინ დურანტი!

38 და 35 წლის მოთამაშეებმა შოუ გვაჩუქეს, მოგება კი ლოს ანჯელეს ლეიკერსს დარჩა – 106:103.

გადამწყვეტი გამოდგა ოსტინ რივზის სამქულიანი, დასრულებამდე 20 წამით ადრე. ფინიქსმა აგარიშის შემცირება მაინც შეძლო და ერთი სამიანი დააკლდა ოვერტაიმში გადასასვლელად, ეს ბოლო სროლა დურანტმა დაიტოვა, მაგრამ ძალიან რთული პოზიციიდან მოუწია ჰაერში აწევა, ამ კაცს ვერ დააფარებ, მაგრამ ძალაც აღარ ეყო – ბურთმა ფარამდეც ვერ მიაღწია.

ფინიქსს ბუკერი დაუბრუნდა, მაგრამ გუნდი ფორმაში არ არის, ლეიკერსს უფრო კარგი დინამიკა ჰქონდა წინა შეხვედრებში და ამიტომ ივარაუდეს კიდეც მათი გამარჯვება. ლოს ანჯელესელები ნახევარფინალში პელიკანსს შეხვდებიან. მიუხედავად იმისა რომ მეტოქე ძლიერია, ფავორიტად მაინც ლეიკერსი ჩაითვლება.

  • ლებრონის ანგარიშზე 31 ქულა, 11 ასისტი, 8 მოხსნა და 5 ჩაჭრაა. 4-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, FG – 12/25.
  • დევისის ანგარიშძე 27 ქულა, 15 მოხსნა, 1 ასისტი და ორი ბლოკია. FG – 10/26.
  • დურანტმა ლებრონის მსგავსად 31 ქულა ჩააგდო. პლუს 7 მოხსნა, 4 ასისტი და ერთი ბლოკი. 7-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, FG – 12/17.

სად ვუყუროთ

ერთმატჩიანი ნახევარფინალები ლას-ვეგასში 8 დეკემბერს გაიმართება. შეხვედრების ნახვას Setantasports.com-ზე შეძლებთ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე