NBA განახლდა – ლეიკერსმა უორიორზი დაამარცხა

პაუზა დასრულდა. NBA დაბრუნდა. რეგულარული სეზონი დასკვნით ეტაპზე გადადის, თუ ვინმეს ფლეი ინში მაინც სურს მოხვედრა, ახლა შეცდომის უფლება აღარ ექნება.

პირველ რიგში, ლეიკერსი უნდა მივიღოთ მხედველობაში. საუკეთესო გუნდი, რომელიც, შესაძლოა პლეიოფის მიღმა აღმოჩნდეს, ამიტომ, მათი თამაშით დავიწყოთ.

ლეიკერსი vs გოლდენ სტეიტი

უესტბრუკმა ლეიკერსი დატოვა, დანჯელო რასელი მოვიდა და ტრავმაც მიიღო. პარკეტი ნაადრევად დატოვა. დივინჩენცოს დააბიჯა ფეხი და კოჭი გადაიბრუნა. ეს რომ ზაზა ფაჩულია ყოფილიყო ამას დიდი ამბავი მოჰყვებოდა, მაგრამ დივინჩენცო იყო და არც არავის გასჩენია ეჭვი, ემანდ შეგნებულად ხომ არ დაუტოვა ფეხიო.

ლეიკერსმა 124:111 მოიგო.

ლებრონმა ოლ სთარზე თითი დაიზიანა, საბედნიეროდ სერიოზული არაფერი აღმოჩნდა, დაბრუნდა და ისევ დაფრინავს, ზრდის ქულების რაოდენობას ისე, რომ დეკადების მანძილზე ხელუხლებელი დარჩეს.

ლებრონის ანგარიშზე 13 ქულა, 9 მოხსნა და 8 ასისტია. ექვსიდან 2 სამქულიანი გამოიყენა.

ენტონი დევისმა 12 ქულა, 12 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ბლოკი მიითვალა. ესეც მორიგი ორმაგი დუბლი.

არ უთამაშია სტეფ კარის. მის არყოფნაში გოლდენ სტეიტი საფეხურიდან საფეხურამდე ქვეითდება. თუმცა, მთავარი პლეიოფია, კარი იმ დროისთვის მზად უნდა იყოს.

კლეი ტომპსონის ანგარიშზე 22 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრაა. კლეიმ 11 დან 4 სამქულიანი გამოიყენა.

ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში ისევ მე-13 ადგილზეა. გოლდენ სტეიტი კი მე-10 პოზიციაზე დაეშვა.

ფილადელფია vs მემფისი

უხდება დიდ ბიჭს აგრესია. ჯოელ ემბიდი პირველ ნახევარში ჯექსონმა გააბრაზა, კარგად დაუბლოკა და მემფისის უპირატესობაც სოლიდური იყო, მაგრამ ფილადელფიამ თამაში მოატრიალა.

შეხვედრის მთავარი სურათი ბოლო წუთზე დაიხატა, ჯა მორანტი დრიბლინგით დაიძრა ფარისკენ და ჩვეულად აიწია ჰაერში ჩასატენად, იქ კი ჯოელ ემბიდი დახვდა, რომელმაც ბურთიანად ჩამოხსნა.

ფილადელფიამ სროლები გამოიყენა, მემფისმა ვერა. საბოლოო ანგარიში 108:105 სიქსერსის სასარგებლოდ.

ჯოელ ემბიდს ფანტასტიური მატჩი ჰქონდა, მე ისევ მიმაჩნია, რომ MVP-ის ჯილდოს იოკიჩთან ერთად, ყველაზე მეტად ეს კაცი იმსახურებს.

27 ქულა, 19 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 6 ბლოკი! მოდი და ნუ გაგიჟდები.

ჰარდენის ანგარიშზე 31 ქულა, 7 მოხსნა, 7 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკია. ჯეიმსმა 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. საშიში დუეტია, ძალიან საშიში.

ჯა მორანტის ანგარიშზე 15 ქულა, 3 მოხსნა და 5 ასისტია. კარგი თამაში ჰქონდათ დესმონდ ბეინსა და ჯარენ ჯექსონს.

ფილადელფია აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე საფეხურზეა. მემფისი დასავლეთ კონფერენციის მეორე საფეხურზე.

ბოსტონი vs ინდიანა

სანიმუშო თამაში იყო. საჩვენებელი. გაიგებს ადამიანი როგორ შეიცვალა კალათბურთი. უკვე ბევრჯერ ითქვა ეს ყველაფერი, მაგრამ ის, რაც მაილს ტერნერმა გააკეთა ყოველგვარ ზღვარს გადაცდა.

გოგამ მასთან კონკურენცია ვერ შეძლო. ტერნერმა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი – 40 ქულა დააფიქსირა, და რაც მთავარია, 10-დან 8 სამქულიანი ჩააგდო! წარმოუდგენლად მაგარი მაჩვენებელია.

პლუს 10 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ბლოკი. მაილსმა იფრინა და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ თამაში ოვერტაიმამდე მივიდა.

ბოსტონმა საბოლოო ჯამში 142:138 გაიმარჯვა.

პარკეტზე იყო ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, ალ ჰორფორდი და მარკუს სმარტიც დაბრუნდა. ამ გუნდის დასამარცხებლად ტერნერის კარიერის საუკეთესო პერფორმანსი ვერ არის საკმარისი.

ტეიტუმის ანგარიშზე 31 ქულა, 12 მოხსნა, 7 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია.

ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 30 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა.

ბოსტონი აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • კლივლენდი – დენვერი 109:115
  • ტორონტო – პელიკანსი 115:110
  • დალასი – სან ანტონიო 142:116
  • იუტა – ოკლაჰომა 120:119
  • საკრამენტო – პორტლენდი 133:116
  • ორლანდო – დეტროიტი 108:106

გოგა ბითაძეს არ უთამაშია.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე