სარჩევი
2023 ნოე 09, 15:05 შშ
3 წუთის საკითხავი

NBA-ში მორიგი დღის თამაშები გაიმართა, განსაკუთრებულ ინტერესს დენვერისა და გოლდენ სტეიტის დაპირისპირება იწვევდა. მოლოდინმა გაამართლა, ბოლო წუთების დრამაც ვიხილეთ, გამარჯვება კი იოკიჩის დენვერს დარჩა.

კარგი თამაში იყო ბოსტონსა და ფილადელფიას შორის, ჰარდენის გარეშე დარჩენილი ჯოელ ემბიდი ჯერჯერობით მოტივაციას არ უჩივის და თამაშების მოგებასაც ახერხებს.

დენვერი vs გოდენ სტეიტი

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მეოთხე მეოთხედამდე თითქმის თანაბრად მივიდნენ, გოლდენ სტეიტი 81:78-ს იგებდა. ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა კრის პოლის მნიშვნელობა, სტეფ კარის არყოფნისას სწორედ ის იყო თამაშის წარმმართველი.

კრისი ყოველთვის ძალიან მაღალი კლასის მოთამაშე იყო, ახლა ამ ყველაფერს კოლოსალური გამოცდილებაც დაემატა, ერთადერთი მის მენტალურ სიმტკიცესთან ჰქონდათ პრეტენზიები და ეს სწორედ ის არის, რაც გოლდენ სტეიტს ბოლო ათწლეულია არ აკლია.

თუმცა, ამ შეხვედრაში სიზუსტე მაინც დააკლდათ, ჯერ კრის პოლმა ვერ ჩააგდო სამიანი ძალიან მნიშვნელოვან დროს, მერე კი სტეფ კარიმ ვერ ჩააგდო ორიანი, არადა, ასე რომ შეირბენს ფარქვეშ მერე ხელს ვეღარაფერი უშლის. ასეთ რამეს მხოლოდ სეზონის დასაწყისში თუ ნახავ.

დენვერმა 108:105 მოიგო.

  • ნიკოლა იოკიჩი, რა თქმა უნდა, მოწოდების სიმაღლეზეა. ჯოკერმა 37 წუთში 35 ქულა ჩააგდო. 8-დან 1 სამქულიანი გამოიყენა. დააგროვა 13 მოხსნა, 5 ასისტი, 3 ჩაჭრა და ერთი ბლოკი. FG – 14/25.
  • აარონ გორდონმა შეხვედრა ორმაგი დუბლი დახურა – 11 მოხსნა, 14 ქულა. რეჯი ჯექსონმა კი 20 ქულა მიითვალა.
  • სტეფ კარის ანგარიშზე 34 წუთში 23 ქულაა. 5 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრა. სტეფმა 13-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/13.

ფილადელფია vs ბოსტონი

ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ტაირის მაქსიზე. ფაქტობრივად ფილადელფიას მომავლის განმსაზღვრელია, რადგან, თუ მაქსიმ ვერ ითამაშა, თუ განვითარება ვერ განაგრძო, ჯოელ ემბიდის პრეტენზიები გაიზრდება და საეჭვოა რომ ფილადელფიაში დარჩეს.

ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. მაქსი მოწოდების სიმაღლეზეა, ემბიდი ნამდვილად არ არის მარტო. ფილადელფია საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ სელტიკსი რეგულარულში დაამარცხოს.

თუმცა, მათი საჩემპიონო ამბიციები მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აი, NBA-ის თასზე როგორ განვითარდება მოვლენები ეს უკვე ცალკე საკითხია, ძალიან რთულია რამის ვარაუდი, რადგან ამ ტურნირს ისტორიაში პირველად ვადევნებთ თვალყურს.

ფილადელფიამ 106:103 მოიგო.

ბოსტონი ბოლო მეოთხედის მანძილზე ბოლომდე მდევრის როლში იყო, მაქსიმუმ რაც შეძლეს ანგარიშის სამ ქულამდე შემცირება იყო, ბოლო სროლა კი პორზინგასმა დაიტოვა, რაც უკვე წამგებიანი მოცემულობაა.

პორზინგასს კარგი შეხვედრა ჰქონდა, მაგრამ მისი სამიანი ფარს ძლივს მისწვდა.

  • ჯოელ ემბიდის ანგარიშზე 37 წუთში, 27 ქულაა. ამას 10 მოხსნაც მიამატა და ორმაგი დუბლი შეასრულა. 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 4 ბლოკი. ასეთია მისი მონაგარი. 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/20.
  • ტაირის მაქსის ანგარიშზე 39 წუთში 25 ქულაა. ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. პლუს 5 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი ჰქონდა. 11-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/27.
  • პორზინგასის ანგარიშზე 31 წუთში 29 ქულაა. 6-დან ორ სამქულიანი ჩააგდო. ყველაზე მეტი ქულის აღება შეძლო, მაგრამ მაინც ბოლო უბადრუკი სამიანით დაგვამახსოვრდა.
  • ჯეისონ ტეიტუმმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 15 მოხსნა, 6 ასისტი. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და 3 ჩაჭრაც დააგროვა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • შარლოტი vs ვაშინგტონი – 116:132
  • ინდიანა vs იუტა – 134:118
  • ბრუკლინი vs კლიპერსი – 100:93
  • ნიქსი vs სან ანტონიო – 126:105
  • ჩიკაგო vs ფინიქსი – 115:116
  • ჰიუსტონი vs ლეიკერსი – 128:94
  • მემფისი vs მაიამი – 102:108
  • მილუოკი vs დეტროიტი – 120:118
  • მინესოტა vs ნიუ ორლეანი – 122:101
  • ოკლაჰომა vs კლივლენდი – 128:120
  • დალასი vs ტორონტო – 116:127
  • საკრამენტო vs პორტლენდი 121:118