აღმოსავლეთ კონფერენციისა და საერთო ცხრილის ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოლოდინი კი სულ სხვაგვარი იყო, ბოსტონმა მილუოკი პარკეტიდან გააქრო.
ბოსტონი vs მილუოკი
გუნდებს დანაკლისი არ ჰქონიათ, ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ვარსკვლავი ამ შეხვედრას გამოაკლდა. უბრალოდ, მილუოკის დღე არ ყოფილა.
ბოსტონმა პირველი ნახევარი 28 ქულით მოიგო, თამაში კი 41 ქულით – 140:99.
მილუოკის შემადგენლობაში ორმაგი დუბლი შეასრულა ბობი პორტისმა, – 10 მოხსნა, 12 ქულა.
კრის მიდლტონმა კი მხოლოდ 20 წუთი ითამაშა, მერე სახეში იდაყვი მოხვდა და იმდენი სისხლი დაღვარა მთელი მესამე მეოთხედი პარკეტის გაწმენდას მოანდომეს.
ანტეტოკუნმპოს ანგარიშზე 24 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. იანისმა ხუთიდან ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო.
ბოსტონმა კი იფრინა, ჩვეულად მაღალ დონეზე ითამაშეს ჯეისონ ტეიტუმმა და ჯეილენ ბრაუნმა.
ტეიტუმის ანგარიშზე 31 წუთში 40 ქულა, 8 მოხსნა და 1 ასისტია. ჯეისონმა 10-დან 8 სამქულიანი ჩააგდო! FG – 12/18 ზე.
ბრაუნის ანგარიშზე 30 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრაა. ჯეილენმა 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/20 ზე.
მილუოკი კვლავ პირველ ადგილზეა, თუმცა, არის თუ არა საუკეთესო გუნდი?
დენვერი vs პელიკანსი
დალოცოს ღმერთმა ბრენდონ ინგრამი! ღმერთმა თუ არა, ზაიონმა მაინც უნდა დალოცოს, რადგან სწორედ ის მიუძღვება გუნდს პლეიოფებისკენ, და როცა ზაიონი დაბრუნდება, ერთი დიდი მადლობა უნდა გადაიხადოს.
პელიკანსმა დენვერი 107:88 დაამარცხა.
საქმე ის არის, რომ ნიკოლა იოკიჩს არ უთამაშია. პელიკანსმა კი უმნიშვნელვანესი გამარჯვება მოიპოვა.
ინგრამის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 31 ქულა, 11 მოხსნა, 10 ასისტი. ბრენდონმა 1 სამქულიანი ისროლა, არაზუსტად.
ორმაგი დუბლი მიითვალა ვალანჩუნასმა – 15 ქულა, 12 მოხსნა.
პელიკანსი დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. დენვერი კი კვლავ ლიდერია.