სარჩევი
2023 მაი 06, 15:08 შშ
2 წუთის საკითხავი

თავიდანვე ნათელი იყო, რომ ფინიქსი მარტივად არ დათმობდა სერიას. მიუხედავად იმისა, რომ კრის პოლი მოისაკლისეს, მაინც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ბოსტონმა კი მოახერხა და სერიაში დაწინაურდა, თანაც, ფილადელფიაში!

ფინიქსი vs დენვერი

ზუსტად ამისთვის არის ფინიქსში კევინ დურანტი. გადამწყვეტ მომენტში თავისი სიტყვა უნდა თქვას და გუნდს წარმატებაში დაეხმაროს. ჯერ კიდევ გასათანაბრებელია ანგარიში, დენვერი მაინც წინ არის, თუმცა, სანსის მოთამაშეებს თავდაჯერება დაუბრუნდათ.

ყველა ვარსკვლავმა თქვა თავისი სიტყვა. გარდა დურანტისა, ბრწყინვალე იყო დევინ ბუკერი და კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა ნიკოლა იოკიჩმა. არ აქვს მნიშვნელობა მისი გუნდი აგებს თუ იგებს, ჯოკერი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.

ფინიქსმა 121:114 მოიგო.

შეხვედრას დემიენ ლილარდიც ესწრებოდა. ასე თუ გახდება პლეიოფის ნაწილი.

კევინ დურანტის ანგარიშზე 39 ქულა, 9 მოხსნა, 8 ასისტი და 2 ბლოკია. ორიდან ერთი პორტერ ჯუნიორს დაუბლოკა, თუმცა, შემდეგ იმავე ჯუნიორმა გადაატენა. კევინმა 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

დევინ ბუკერის ანგარიშზე 47 ქულა, 6 მოხსნა, 9 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკია. დიდებულია! 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. 47 ქულა პლეიოფში ბუკერის კარიერაში უმაღლესი მაჩვენებელია.

იოკიჩის ანგარიშზე კი 30 ქულა, 17 მოხსნა, 17 ასისტი და 1 ბლოკია. საერთოდ არ ვიცი ამ კაცზე რა ვთქვა. ჯოკერის მსგავსი მოთამაშე NBA-ში საერთოდ არ მოიძებნება. იოკიჩი გახდა პირველი მოთამაშე პლაიოფების ისტორიაში, რომელმაც ერთობლივად მოიპოვა 25 ქულაზე, 15 ასისტსა და 15 მოხსნაზე მეტი.

წინ Game 4 ია. ფინიქსმა აუცილებლად უნდა გაათანაბროს, წინააღმდეგ შემთხვევაში დენვერში მოუწევს გადამწყვეტი მატჩის თამაში.

ფილადელფია vs ბოსტონი

ემოციურად დაიწყო, ჯოელ ემბიდმა მაიკლ ჯორდანის სახელობის MVP-ის ჯილდო გულშემატკივარს წარუდგინა. იყო ცრემლი და ამაღელვებელი სიტყვები. მერე კი ბოსტონი გამოვარდა პარკეტზე.

ჯოელმა ისევ დააფარა ჯეილენ ბრაუნს, კეილენი კი ჯიუტად ცდილობს ჯოელს თავზე გადაატაროს, ან გადაატენოს, არ გამოვა ეგ ამბავი. სამაგიეროდ, უილიამსმა ჯეიმს ჰარდენი ჩამოხსნა ციდან, მოკლედ, სახალისო თამაში გამოდგა.

იყო პატარა ინციდენტიც, დიდი ჯოელი წააქციეს და ორ ბოსტონელს დაახტა თავზე, თანაც წარმოუდგენლად დიდი ზომის ფეხებით, უილიამსს კინაღამ თავი გაუჩეჩქვა, ჯეილენ ბრაუნი კი შედარებით მარტივად გამოძვრა.

სიმართლე ითქვას, ბოსტონს მოგება არ გასჭირვებია. საუკეთესო გუნდია ლიგაში და თუ ჩემპიონობამდე ვერ მივიდნენ, ძალიან დიდმა ლიდერმა უნდა გამოიდოს თავი, ასეთები კი მოიძებნებიან.

ტეიტუმის ანგარიშზე 27 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 11-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ჯეილენ ბრაუნმა 23 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა.

ემბიდმა 30 ქულა, 13 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 4 ბლოკი დააგროვა. 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 16 ქულა, 6 მოხსნა, 11 ასისტი და ერთი ჩაჭრაა. 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.