სარჩევი
2023 დეკ 16, 14:16 შშ
4 წუთის საკითხავი

ქართველებმა NBA-ის ყველაზე გავლენიანი გუნდების წინააღმდეგ ითამაშეს. ასე მოხდა, ასე დაემთხვა. გოგა ბითაძემ ბოსტონ სელტიკსთან, სანდრო მამუკელაშვილმა კი ლოს ანჯელეს ლეიკერსთან.

თავის მხრივ, არც ორლანდო მეჯიქი და სან ანტონიო სპურსი არიან მეორე რანგის გუნდები, ორივეს აქვს თავისი კულტურა და მდიდარი ისტორია. კარგია რომ ასეთ ორგანიზაციებში ქართველები თამაშობენ, თუმცა, მოცემულობა განსხვავებულია. გოგა NBA-ში კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, სანდროს კი იშვიათად ეძლევა სათამაშო დრო.

ორლანდო vs ბოსტონი

რთულია “თიდი გარდენზე” თამაში. ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა, ბევრი ისტორიული პერფორმანსი გვახსოვს ამ კედლებში, მათ შორის, გვახსოვს პლეიოფების ისტორიაში საუკეთესო ინდივიდუალური თამაში და მარცხი, ამ არენაზე ასე ხდება, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, მოგებული როგორც წესი ბოსტონი რჩება.

პირველი მეოთხედი თანაბრად წარიმართა, მაგრამ მიწურულს ორლანდო სამიანებით დაბომბეს, ორი სროლა ზუსტად წავიდა და ანგარიში 30:24 გახდა. გოგამ ტრადიციულად სასტარტოში დაიწყო, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ფარ ქვეშ თავს კარგად იცავდა.

აი გოგას გასვლის მერე ორლანდოს ფარი საბოლოოდ აიღეს, ბოსტონი აგდებდა ისე როგორც სურდა. ხელის შემშლელი აბსოლუტურად არავინ იყო. ასე რომ ანგარიში მეორე მეოთხედის ბოლოსკენ უკვე 64:48 იყო ბოსტონის სასარგებლოდ.

მესამე მეოთხედში სელტიკსმა უპირატესობა შეინარჩუნა, სხვაობა 23 ქულა იყო, ბოლო მეოთხედი ფორმალობად იქცა. ამ არენაზე ხშირად ხდება ხოლმე ასე. საბოლოოდ, ბოსტონმა 128:111 მოიგო.

მიუხედავად ამისა, გოგამ კარგი სტატისტიკა დადო, ორმაგი დუბლია მის ანგარიშზე – 27 წუთში 15 ქულა, 11 მოხსნა, 1 ასისტი. ამჯერად ბლოკის გარეშე, არც სამიანი უსვრია, FG – 7/8.

ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე დაქვეითდა, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა – ბოსტონი, მილუოკი, ფილადელფია – პირველი სამეული ასეთია.

გოგა ბითაძე ერთადერთი იყო,რომელმაც ამ შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა. ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 30 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტია.

18 დეკემბერს სელტიკსი და მეჯიქი კიდევ ერთხელ ითამაშებენ, ისევ “თიდი გარდენზე”.

სან ანტონიო vs ლეიკერსი

როგორც იქნა, სპურსის წარუმატებელი სერია დასრულდა!

ვემბის დამატების მერე ცოტა სხვა მოლოდინი იყო, მით უმეტეს, რომ გასული სეზონის ბოლოს გუნდი რაღაცას დაემსგავსა. უკვე საუბრობენ იმაზე რომ ესეც ტაქტიკაა, ვემბის ბოლომდე არ ტვირთავენ, არა იმიტომ რომ ტრავმებს აარიდონ, არამედ იმიტომ, რომ სპურსი რაც შეიძლება ქვემოთ დარჩეს, კიდევ ერთი მაღალი პიკი რომ დაიმატონ და აი მერე შეიძლება წარმატებაზე საუბარი, თორემ, ამ გუნდის იმედი პოპოვიჩსაც არ აქვს.

ცუდი მოსასმენია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მამუკელაშვილი თამაშობს ამ გუნდში და ასეთ დროსაც კი არ ეძლევა სათამაშო წუთები. ლეიკერსთან სანდრომ სულ რაღაც ორი წუთი მიიღო, ერთი სამქულიანი ისროლა და ჩააგდო. ეს იყო და ეს.

ჰოდა ასე, ზედიზედ 18 მარცხის მერე სპურსმა ლეიკერსი დაამარცხა – 129:115. გაიგე ახლა რას აკეთებენ ორგანიზაციაში და ვის რა აზრები უტრიალებს თავში.

შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულეს ვიქტორ ვემბანიამამ და ლებრონ ჯეიმსმა. NBA-ის მომავალმა და ჯერ კიდევ აწმყომ. თუმცა, ლებრონს უკვე ისეთი მემკვიდრეობა აქვს, წარსულიც არის, აწმყოც და მომავალიც, ჯორდანის მსგავსად.

  • აღსანიშნავია დევინ ვასელის კარგი თამაში – 36 ქულაა მის ანგარიშზე, 10-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.
  • ვემბიმ 13 ქულა, 15 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკი მიითვალა. 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 5/13.
  • ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 23 ქულა, 7 მოხსნა, 14 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/17.

დასავლეთ კონფერენციაში ლეიკერსი მერვე ადგილზეა, სან ანტონიო მყარად დგას მეთხუთმეტეზე. სპურსი მომდევნო შეხვედრას პელიკანსთან გამართავს, ლეიკერსი კი ნიუ-იორკ ნიქსთან.

რეგულარული სეზონი

  • შარლოტი vs პელიკანსი – 107:112
    ზაიონ უილიამსონმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 21 ქულა, 11 მოხსნა.
  • ფილადელფია vs დეტროიტი – 124:92
    ჯოელ ემბიდმა 35 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა.
  • ვაშინგტონი vs ინდიანა – 137:123
    ჯორდან პულმა და კაილ კუზმამ საერთო ჯამში 61 ქულა დააგროვეს. (30, 31)
  • ტორონტო vs ატლანტა – 104:125
    ტრეი იანგის ანგარიშზე 38 ქულა და 11 ასისტია.
  • მემფისი vs ჰიუსტონი – 96:103
    დესმონდ ბეინმა 28 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
  • ფინიქსი vs ნიქსი – 122:139
    ჯეილენ ბრანსონმა 50 ქულა დააგროვა!