NBA – ახალი წლის ღამეს – 39 წლის ლებრონი დაფრინავს

NBA-ის არ აინტერესებს ახალი წელი. ან აინტერესებს, მაგრამ პაუზას არ იღებს. თავს აჯერებენ რომ რეგულარული ლიგა დიდი საჩუქარია მაყურებლისთვის, არადა, არ არის საქმე ასე. ნაციონალური ლიგა მაყურებელს კარგავს, შიდა ტურნირის შემოღებაც მაყურებლის შენარჩუნების მცდელობა იყო, რამდენად ივარგა თავად განსაჯეთ. თამაში კი გრძელდება.

გოგა ბითაძე ორლანდოს სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა, ნიქსთან 30 წუთი მისცეს, 13 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი მიითვალა. ამჟამად კი ფინიქსთან ითამაშა სასტარტოდან და 22 წუთი დაუთმეს.

ორლანდო vs ფინიქსი

კევინ დურანტი ვერ გააჩერეს, არც იყო მოსალოდნელი რომ ვინმე ხელის შეშლას შეძლებდა, რამდენჯერმე გოგამაც სცადა, მაგრამ არ გამოვიდა, კევინზე კი ვერ ვიტყვი, რომ მაქსიმალური მონდომებით ითამაშა, უფრო ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობდა, თითქოს სავარჯიშოდ არის გამოსულიო.

კარგი თამაში ჰქონდა პაოლო ბანჩეროსაც, ორლანდოს მთავარ იმედსა და ლიდერს, პაოლო უნდა გახდეს ის ადამიანი, რომელიც მეჯიქს პლეიოფებისკენ გაუძღვება, ჯერჯერობით არ აქვს ორლანდოს ცუდი პოზიცია.

  • ბითაძემ 22 წუთში 6 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა. FG – 3/5 ზე.
  • პაოლო ბანჩეროს ანგარიშზე 28 ქულა, 9 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/23 ზე.
  • კევინ დურანტმა 31 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/21 ზე.

ფინიქსმა 112:107 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის მერვე საფეხურზეა. ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრას ორლანდო გოლდენ სტეიტთან გამართავს. ფინიქსი კი პორტლენდს შეხვდება.

ლეიკერსი vs პელიკანსი

30 დეკემბერს მეფეს 39 წელი შეუსრულდა. არ ვიცი კიდევ რამდენს ითამაშებს, მაგრამ როცა მოთამაშე ასეთ ასაკს აღწევს, მერე ყველას სურს რომ 40 წლამდე ითამაშოს, 40-ის მერე კიდე შეხედავს რა ფორმაშია, აძლევს თუ არა ორგანიზმი საშუალებას და გადაწყვეტილებასაც მერე მიიღებს.

თუ საფეხბურთო კლუბ მილანის ლეგენდარულ ექიმს დავუჯერებთ, მილანის ცნობილი ლაბორატორიის დამფუძნებელსნ ჟან-პიერ მესრემანს დავუჯერებთ, აბსოლუტურად განსხვავდება რეგისტრაციის ასაკი, ბიოლოგიური ასაკისაგან. მაგალითად ყოველთვის კლარენს ზეედორფი მოჰყავდა, რომელზეც ამბობდა, რომ 34 წლის ასაკში მისი რეალური სპორტული აქტივობის ასაკი 26 წელი იყო.

არ ვიცი ახლა ჟან-პიერი ლებრონზე რას იტყოდა, რამდენს მისცემდა, 39 წლის ასაკში ჰაერში ზაიონივით იწევა, ფიზიკურად დიდებულ ფორმაშია, სხვა ყველაფრით კი მხოლოდ მდიდრდება, გამოცდილება იქნება თუ ინტელექტი. ეგ კი არა, ისიც ითქვა, ამ სეზონში სამიანებს რომ ისვრის, ეგრე მთელი კარიერის მანძილზე არ უსვრიაო.

ლებრონი კარგია, კარგი სეზონი აქვს, მაგრამ ლეიკერსი მაინც დამარცხდა – 129:109.

ზაიონი და ინგრამი მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.

  • ლებრონმა 37 წუთში 34 ქულა, 5 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/21.
  • ორმაგი დუბლი შეასრულა ენტონი დევისმა, 35 წუთში 20 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. პლუს 3 ასისტი და 5 ბლოკი.
  • ზაიონ უილიამსონმა 32 წუთში 26 ქულა, 4 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა. FG – 8/12.
  • ინგრამმა 38 წუთში 26 ქულა, 5 მოხსნა, 8 ასისტი, 3 ჩაჭრა და 2 ბლოკი დააგროვა. 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/18 ზე.

ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა. პელიკანსი კი მეშვიდე პოზიციას იკავებს. ლეიკერსი მომდევნო შეხვედრას მაიამისთან გამართავს, პელიკანსი კი ბრუკლინ ნეტსს შეხვდება.

რეგულარული სეზონი

  • ვაშინგტონი vs ატლანტა – 126:130
    ტრეი იანგმა 40 წუთში 40 ქულა და 13 ასისტი მიითვალა.
  • ოკლაჰომა vs ბრუკლინი – 124:108
  • სან ანტონიო vs ბოსტონი – 101:134
  • მემფისი vs საკრამენტო – 92:123
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე