NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა, სულ უფრო მძაფრდება იმის განცდა, რომ წინ კარგი პლეიოფები გველის. ატლანტამ ჩიკაგო ერთი ქულით დაამარცხა, – 123:122. ბოგდან ბოგდანოვიჩმა 28 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ტრეი იანგის ანგარიშზე 19 ქულა, 2 მოხსნა და 14 შედეგიანი გადაცემაა.
დეროუზანისა და ლავინის კარგი თამაში საკმარისი არ გამოდგა. დეროუზანმა 34 ქულა დააგროვა, პლუს 13 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა. ზაკ ლავინის ანგარიშზე 21 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასია.
ატლანტა ჰოუკსის ბალანსი 14-13 ია. ჩიკაგო ბულსის 11-15.
ფილადელფია სიქსერსმა შარლოტი გაანადგურა ანგარიშით 131:113. ისევ დაფრინავს ჯოელ ემბიდი, რომლის ანგარიშზეც ამჯერად 53 ქულა, 12 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაა. 19 ქულას მოუყარა თავი ჯეიმს ჰარდენმა, ასევე ჰქონდა 9 მოხსნა და 16 შედეგიანი გადაცემა.
შარლოტის რიგებში 29-29 ქულა დააგროვეს ტერი როზიერმა და კელი უბრე ჯუნიორმა.
დიდ ინტერესს იწვევდა ნიუ ორლეანისა და ფინიქსის მატჩი. წინა შეხვედრაში ზაიონის ქმედებამ დაძაბულობა და გაწევ-გამოწევა გამოიწვია. ზაიონი ამჯერადაც დომინანტური იყო, მის ანგარიშზე 35 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასია. პელიკენსმა შეხვედრა ოვერ ტაიმში მოიგო, – 129:124. ნიუ ორლეანი პლეიოფში ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. დიდი მნიშვნელობა ექნება ბრენდონ ინგრამის სათამაშო ფორმას.