განსხვავებით ლეიკერსი – მინესოტასგან, ამ დაპირისპირებაში დრამა არ გვქონია. კარგი შეხვედრა იყო და ატლანტამ ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მოიგო.
მაიამის საკუთარი გულშემატკივარიც ვერ წაეხმარა. აღარ ჰგავს ეს პუბლიკა იმას, რომელსაც დიდი სამეულის ეპოქაში ვადევნებდით თვალყურს. გასაგებია, როცა უეიდი და ლებრონი წარმოდგენას დგამენ, იქ შენც სულ სხვაგვარად რეაგირებ, მაგრამ მაინც მეტ მხარდაჭერას ველოდი ქომაგის მხრიდან.
ალბათ, ატლანტამ არ მისცა ხალხს ამის საშუალება. თითქოს ყოველი მომდევნო ჩაგდებული ბურთი გამაყუჩებელი იყო სრულიად მაიამისთვის.
მაიამი 105:116 დამარცხდა.
ლოურის 33
ბატლერსა და ადებაიოს მცირე დააკლდათ ორმაგ დუბლამდე. კაილ ლოურიმ კი 33 წუთში 33 ქულა აიღო. თუმცა, საკმარისი არ გამოდგა.
ბატლერის ანგარიშზე 21 ქულა, 9 ასისტი, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია.
ადებაიომ 12 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი, 3 ცაჭრა და 2 ბლოკი მიითვალა.
კაილ ლოურიმ 33 ქულას 5 ასისტი და 4 მოხსნა მიამატა. 9-დან 6 სამქულიანი გამოიყენა.
ატლანტას რაც შეეხება, გუნდური თვალსაზრისით ბრწყინვალედ ითამაშეს და აბსოლუტურად ყველამ კარგი სტატისტიკა დადო, ვინც კი პარკეტზე შეაბიჯა.
კლინტ კაპელას ჰქონდა მხოლოდ 4 ქულა, თუმცა, ეს იმის ფონზე, რომ 21 მოხსნა მიითვალა.
რაც შეეხება საუკეთესოს – ტრეი იანგმა 25 ქულა, 8 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა. სამიანები არ წაუვიდა, 8-დან მხოლოდ 1 ჩააგდო.
ზევით-ქვევით
ატლანტა პლეიოფში გადაინაცვლებს და ბოსტონს შეხვდება. მშვენიერი მეტოქეა, არაფერი დაეწუნება. თუ თავის გამოცდა გინდა, უკეთესს ვერც ინატრებ.
მაიამი კი ტორონტოსა და ჩიკაგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მათში მოგებული კი მილუოკთან ეცდება რამის მიღწევას.