სარჩევი
2024 მაი 17, 15:10 შშ
2 წუთის საკითხავი

ძალიან რთული იყო ზედიზედ სამი წაგებული შეხვედრის მერე სერიაში დაბრუნება, მით უმეტეს, ჩემპიონებთან, ნიკოლა იოკიჩის დენვერ ნაგეთსთან. მინესოტამ ეს შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემადგენლობას ნამდვილად არ აქვს დიდი გამოცდილება, ახლა დგამენ ამ ნაბიჯებს, ახლა ქმნიან თავიანთ მომავალს, თითქოს ის გუნდია, რომელმაც ნელ-ნელა უნდა იაროს ჩემპიონობისკენ. თუმცა, არა მგონია ვინმეს გაუკვირდეს, თუ ახლავე შეძლებენ ყველაფერს.

ენტონი ედვარდსმა მატჩის შემდეგ თქვა რომ შემადგენლობაში ყველა თავდაჯერებულია, ხაზი გაუსვა ჯეიდენ მაკდენიელსის (21 ქულა, FG – 8/10) კარგ თამაშს, ბოლოს კი ისიც აღიარა – ჯერ კიდევ დენვერში ყვიროდა ყველას Game 7-ში გნახავთო.

მინესოტა ტიმბერვულვზი vs დენვერ ნაგეთსი

მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა დღეს გამთენიისას. მინესოტამ დენვერს გადაუარა – 45 ქულით აჯობეს. ბოლო მეოთხედში დენვერმა მხოლოდ 9 ქულა ჩააგდო. ეს მეოთხედი 29:9 დათმეს. ისე კი ყველა მეოთხედში დამარცხდნენ:

პირველი – 31:14
მეორე – 28:26
მესამე – 27:21

ყველაზე მეტად ამ ყველაფერს ნიკოლა იოკიჩის გამომეტყველება ასახავდა, როგორც წესი, ნიკოლას ბევრი არაფერი ეტყობა ხოლმე სახეზე, მაგრამ ამჯერად ბრაზიც შეეტყო და იმედგაცრუებაც. ამას რა სჯობია?! გადამწყვეტ მატჩში გაბრაზებულ ნიკოლა იოკიჩს ვიხილავთ!

თავის მხრივ, ნიკოლა იოკიჩმა თქვა რომ ეს არ იყო ერთი ჩვეულებრივი თამაში, ასეთი მარცხი იშვიათია, მაგრამ ჩვენ ეს უნდა მივიღოთ და შევეცადოთ რომ მომდევნო შეხვედრაში უკეთესად ვითამაშოთო, – მორიდებული და თავშეკავებული იყო, თუმცა, მაინც ეტყობოდა ბრაზი.

ენტონი ედვარდსის ანგარიშზე 27 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი და 3 ჩაჭრაა. 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/17.

კარლ-ენტონი თაუნსის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 10 ქულა, 13 მოხსნა, 5 ასისტი. 4-დან ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო. FG – 4/10.

ნიკოლა იოკიჩმა ორმაგი დუბლიც კი ვერ შეასრულა, ეს ამ სერიაში მესამედ მოხდა, უბრალოდ წინა ორ შეხვედრაში იოკიჩმა 32 და 35 ქულა დააგროვა. ამჟამად მის ანგარიშზე მხოლოდ 22 ქულა დააგროვა, 9 მოხსნა და 2 ასისტი. 4-დან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო, FG – 9/19.

სად ვუყუროთ?

თბილისის დროით 04:30 ზე ინდიანა პეისერსი ნიუ-იორკ ნიქსს უმასპინძლებს. შეხვედრას Setantasports.com ზე იხილავთ.

ინდიანას აუცილებლად მოგება სჭირდება Game 7-ში გადასასვლელად. ნიქსი და ბრანსონი კი ეცდებიან ყველაფერი ინდიანაში დაასრულონ.