სარჩევი
2024 მაი 29, 15:23 შშ
2 წუთის საკითხავი

მინესოტა ტიმბერვულვზი Game 4-ში დაბრუნდა. ასეც იყო მოსალოდნელი. ინდიანა პეისერსივით არ დაემშვიდობებოდნენ პლეიოფს. დალასი ერთ ნაბიჯშია ფინალთან, მაგრამ ამ მცირე ნაბიჯის გადადგმას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება. ხანდახან გავიწყდება რომ ამ მცირესთვის ყველაზე მეტი უნდა გაიღო.

მატჩის შემდეგ ლუკამ თქვა საკმარისი ენერგია არ გამიღიაო – არ ვიცი, მისი სიტყვები უბრალოდ პასუხისმგებლობის აღებას ჰგავდა, მოიქცა ისე, როგორც ლიდერი უნდა მოქცეულიყო. აქ იმდენად ფიზიკურად დახარჯვაზე არაა საქმე, როგორც ფსიქოლოგიურ მზადყოფნაზე, უბრალოდ სანამ საქმე არ მომთავრდება, მანამდე არ გაქვს ფინალზე ფიქრის უფლება.

Job’s not finished – როგორც კობი იტყოდა. სწორედ ასეთი მენტალიტეტია საჭირო გადამწყვეტ მატჩებში.

ედვარდსიც დაბრუნდა

ედვარდსიც, თაუნსიც. ასე უბრალოდ არ დანებდებოდნენ, ორივემ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ამ სერიაში. ენტონი თაუნსის თამაში ბოლო მეოთხედში განსაკუთრებით გამოსარჩევია.

ედვარდსის თავში კი რა ხდება კაცმა არ იცის. მისი ყურება ძალიან სახალისოა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი თაობის ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა და ბევრის აზრით NBA-ის მომავალი სახე. უბრალოდ, სახალისო ბიჭია, ყველაფრისგან სიამოვნებას იღებს და ასეთი ხალხი ძალიან აკლია ლიგას, ედვარდსი არის მოთამაშე, რომლის გამოც, ოკეანის გადაღმა ხალხს შეუძლია ღამეები ათენოს მისი თამაშის მოლოდინში.

ამჯერადაც გვაჩუქა კარგი ჰაილაითი – შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე, როცა მინესოტა 6 ქულით წინ იყო, ლუკა წამოვიდა შეტევაში და ედვარდსი პერიმეტრთან დაჯარიმდა, პროტესტი უნდა გამოეთქვა, მაგრამ ბურთს გააყოლა თვალი და რაც უფრო უახლოვდებოდა ბურთი ფარს მით უფრო დიდზე იღებოდა გაოგნებული ედვარდსის პირიც, ასე პირდაღებული შეხვდა ლუკას სამქულიანს.

+4-ის შანსი იყო, მაგრამ დონჩიჩმა საჯარიმო ვერ გამოიყენა. ბოლო იმედი სწორედ ეს იყო. ლუკას საჯარმოს ბევრი რამის შეცვლა შეეძლო.

  • ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 28 ქულა, 10 მოხსნა, 15 ასისტი და 1 ჩაჭრა. 11-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/21.
  • კაირი ირვინგის ანგარიშზე 16 ქულა, 2 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/18.
  • ენტონი ედვარდსს სამმაგ დუბლამდე ერთი ასისტი დააკლდა – 29 ქულა, 10 მოხსნა და 9 ასისტი. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/25.
  • ენტონი თაუნსის ანგარიშზე 25 ქულა, 5 მოხსნა და 1 ასისტია. 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/13.

Game 5 – სად ვუყუროთ?

წავედით ისევ მინესოტაში – პარასკევს, 31 მაისს, თბილისის დროით 04:30-ზე მინესოტა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირებას შეეცდება. დალასი კი სერიის დასრულებას.

შეხვედრის ყურებას Setantasports.com-ზე შეგიძლიათ იხილოთ.