სარჩევი

მაიამიმ მილუოკ ბაქსს უმასპინძლა და 111:95 დაამარცხა. კვლავ კარგი თამაში ჩაატარა შესანიშნავმა ოთხეულმა.

20-20 ქულა დააგროვეს ადებაიომ და ოლადიპომ. ადებაიოს 13 მოხსნა და 2 პასი ჰქონდა, ოლადიპოს 2 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა.

ყველაზე მეტი, 27 ქულა დააგროვა გეიბ ვინსენტმა, პლუს 3 მოხსნა და 2 პასი. ხოლო, ჯიმი ბატლერის ანგარიშზე 16 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასია.

ბაქსის რიგებში არ უთამაშია იანის ანტეტოკუნმპოს, მილუოკის ლიდერს მუხლის ტრავმა აწუხებს. 7 წუთი მიიღო სანდრო მამუკელაშვილმა და 5 ქულა მოიპოვა.

შარლოტი vs ბოსტონი

სახალისო მიმი გავრცელდა მას შემდეგ, რაც შარლოტმა ბოსტონი პირველ ნახევარში 66:62 დაამარცხა. მიმზე მაიკლ ჯორდანი საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა. თუმცა, რეალობა სხვაგვარი იქნებოდა, რადგან მაიკლმა ყველაზე უკეთ იცის თავისი გუნდის შესაძლებლობები.

საბოლოო ჯამში, შეხვედრა 106:122 დასრულდა, ბოსტონის სასარგებლოდ.

კარგი შეხვედრა ჩაატარა ლამელო ბოლმა, 39 წუთში 31 ქულა, 7 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ბოსტონის რიგებში კვლავ არ უთამაშია ჯეილენ ბრაუნს. სამაგიეროდ, პარკეტზე იყო ჯეისონ ტეიტუმი, რომელმაც 33 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

30 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი ჰქონდა მალკოლმ ბროგდონს.

იუტა vs ფილადელფია

კარგი მატჩი გამოვიდა. იუტა 117:118 დამარცხდა.

ბოლო სროლა ჯორდან კლარკსონს დარჩა, მაგრამ მის წინ ორი მთასავით კაცი აღიმართა და სროლაც მთლიანად გადასცდა ფარს.

მიუხედავად ცუდი ბოლო სროლისა, კლარკსონმა 38 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი დააგროვა.

30 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი, – ასეთია ჯოელ ემბიდის მონაგარი. მატჩის ბოლო ორი ქულა სწორედ მან მიითვალა, ჯეიმს ჰარდენის ეფექტური პასის შემდეგ.

თავად ჰარდენმა 31 ქულა, 6 მოხსნა და 11 პასი დააგროვა.

სიქსერსის ბალანსი 26-16 ზეა და ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ინდიანა – მემფისი 112:130

ტორონტო – ატლანტა 103:114

მინესოტა – კლივლენდი 110:102

პორტლენდი – დალასი 136:119