NBA – ლეიკერსმა წააგო, დენვერს იოკიჩი დაუბრუნდა

ისტორიული მატჩი შედგა! ლებრონ ჯეიმსმა მოხსნა რეკორდი, რომლის მოხსნასაც კარიერის დასაწყისში ვერც წარმოიდგენდა, არც კი უფიქრია.

კრიპტო არენაზე შეკრებილ ქომაგს იმედი არ გაუცრუვდა. მესამე მეოთხედის ბოლო წამებზე ლებრონმა ორქულიანი ჩააგდო და სხვა სამყაროში გადავინაცვლეთ. დრო გაჩერდა, ფოტოგრაფები შემოცვივდნენ, მაყურებლები ფეხზე წამოდგნენ, სელებრითებმა სმარტფონები დააძრეს წამის აღსაბეჭდად და ფეხზე წამოდგა თავად კარიმ აბდულ-ჯაბარი.

გვირგვინი, უკვე ოფიციალურად, ლებრონ კეიმსს გადაეცა.

მეფეს მიკროფონი მიაწოდეს და ითქვა ბევრი მადლობა, ოჯახის წევრების, NBA-ის წარმომადგენლების, ლეიკერსისა და ლეგენდების მისამართით.

მე ვიცი რა გავიღე ამ თამაშისთვის, მე ვიცი რამდენი გავიღე პარკეტზე, ჩემი წარმოდგენით მე საუკეთესო ვარ, ვისაც კი კალათბურთი უთამაშია”, – თქვა ლებრონმა შაკთან ინტერვიუში. შაკიც ითხოვდა, რომ ლებრონისგან ეს მოესმინა. იმ დღის გამოძახილი იყო, როცა ლებრონმა კლივლენდთან ერთად მიღწეული წარმატების შემდეგ გაისროლა – ყველა დროის საუკეთესო ვარო და მოჰყვა ამას დიდი ამბავი.

მეფეს არ სჭირდება იმის თქმა, რომ მეფეა! – შეახსენეს მაშინ ლებრონს.

ახლა კი გაცილებით მშვიდად მიიღებენ. 38 წლის კაცი, რომელიც დაფრინავს, რა საკვირველია, უნდა თვლიდეს, რომ ყველა დროის საუკეთესოა.

ჯეიმსმა 38 ქულა, 7 მოხსნა, 3 ასისტი და 3 ჩაჭრა დააგროვა. იყო დიდი ზეიმი, თუმცა, ლეიკერსმა ოკლაჰომასთან 130:133 წააგო. ლებრონმა 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

უესტბრუკის ანგარიშზე 27 ქულა, 4 მოხსნა, 8 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. ენტონი დევისი კი ამ დიდ ზეიმსაც გამოაკლდა.

მოვიდა იოკიჩი

ჯოკერმა ერთი თამაში გამოტოვა და უკვე მოვიწყინეთ. დაბრუნდა და ისევ მხიარულებაა. მორიგი სამმაგი დუბლი ნიკოლას შესრულებით.

დენვერმა მინესოტა 146:112 დაამარცხა.

იოკიჩის ანგარიშზე 20 ქულა, 12 მოხსნა და 16 ასისტია. სულ რაღაც 28 წუთში.

ენტონი ედვარდსმა 19 ქულა, 3 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა.

დენვერი დასავლეთში კვლავ პირველ ადგილზეა. ველით კარისა და ლუკას დუეტს, რათა იოკიჩს ოდნავ მაინც ხელი შეუშალონ.

ინგრამმა აკრიფა

უკვე ოცნებად გვექცა ოთხეულის ერთად ხილვა, – ზაიონი, ინგრამი, ვალანჩუნასი, მაკკოლუმი. მშვენიერი საპლეიოფო გუნდია, უბრალოდ ძალიან ცოტას თამაშობენ ერთად.

ამჯერად, ზაიონი ისვენებს. თუმცა, ქვემოთ-ქვემოთ წასულ პელიკანსს დაბრუნებული ბრენდონ ინგრამი მოევლინა მხსნელად.

პელიკანსმა 116:107 დაამარცხა ატლანტა.

ინგრამის ანგარიშზე 38 წუთში 30 ქულა, 3 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ჩაჭრაა. წინა შეხვედრაში ლეიკერსთან 35 ქულა ჩააგდო. და ეს მხოლოდ დასაწყისია.

დაველოდოთ ზაიონს, სხვა რა დაგვრჩენია..

ტრეი იანგის ანგარიშზე 16 ქულა, 3 მოხსნა და 16 ასისტი იყო. კიდევ ერთი ორმაგი დუბლი ტრეის შსრულებით.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • ორლანდო – ნიუ იორკ ნიქსი 98:102
  • ბრუკლინი – ფინიქსი 112:116
  • მემფისი – ჩიკაგო 104:89

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე