მთავარი სიახლეები

კაირის ჰუკი – მავერიქსმა დენვერი დაამარცხა

მთავარი შეხვედრა გუშინ საღამოს გაიმართა და დიდებულად დასრულდა. მოლოდინი ისედაც დიდი იყო, იოკიჩის დენვერი დონჩიჩის დალასს შეხვდა, მათი გადაკვეთა ყოველთვის ძალიან საინტერესოდ მთავრდება, ამჯერად კი მოლოდინსაც გადააჭარბა.

დღეს გამთენიისას კი გოგა ბითაძის ორლანდომ და სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიომაც ითამაშეს. თუმცა, დრო მხოლოდ გოგას მისცეს, სანდრო ისევ უთამაშებელი დარჩა.

ორლანდო მეჯიქი vs ტორონტო რეპტორსი

ორლანდო წინსვლას განაგრძობს, როგორც ფილადელფია სიქსერსი ეშვება ფსკერისკენ, ისე მეჯიქი მიიწევს მაღალი საფეხურებისკენ. თუმცა, მათი მაქსიმუმი მესამე ადგილი იქნება, ამჟამად გუნდი მეხუთე ადგილზეა.

ტორონტო რეპტორსი 111:96 დაამარცხეს.

პაოლო ბანჩეროს ანგარიშზე 29 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტია. ფრანც ვაგნერმა კი 22 ქულა, 8 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.

გოგა ბითაძეს მხოლოდ სამი წუთი მისცეს და ამ დროის მანძილზე ერთი მოხსნის აღება შეძლო. სხვა ვერაფერუ გაახერხა და არც დრო ჰქონია იმდენი რომ რაიმე დასამახსოვრებელი გვენახა.

ორლანდო მომდევნო შეხვედრას შარლოტ ჰორნეტსთან გამართავს და სავარაუდოდ კიდევ უფრო განიმტკიცებს საპლეიოფო პოზიციას.

სან ანტონიო სპურსი vs ბრუკლინ ნეტსი

დავიწყოთ იმით რომ სანდრო მამუკელაშვილს საერთოდ არ უთამაშია. შეგვიძლია გავაგრძელოთ იმით რომ სპურსმა ბოლო დროს მნიშვნელოვნად გამოასწორა თამაში, რაც შედეგზეც აისახება.

ვიქტორ ვემბანიამამ მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა – 33 ქულა, 15 მოხსნა, 7 ასისტი და 7 ბლოკი! დიდებული მაჩვენებელია. აი, სამქულიანებში მოიკოჭლა, თორემ კარიერის საუკეთესო შედეგსაც დადებდა – 7-დან მხოლოდ ერთი ჩააგდო. FG – 14/26.

სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციაში ისევ ბოლო ადგილზეა, თუმცა, რაღაც კონტურები გამოჩნდა, როგორ აპირებს პოპოვიჩი მომდევნო სეზონის თამაშს. ნებისმიერ შემთხვევაში სპურსს გაძლიერება დასჭირდება, სანდრო მომავალი კი ბუნდოვანია.

დევინ ვასელის ანგარიშზე 25 ქულა და 8 ასისტია. ვიქტორის მერე დევინი სპურსის საუკეთესო მოთამაშედ იქცა.

სან ანტონიო მომდევნო შეხვედრას დალასთან გამართავს.

დალას მავერიქსი vs დენვერ ნაგეთსი

აბა ნახეთ, ორი წამია დარჩენილი თამაშის დასრულებამდე, ამ დროს დალასი ძალიან სახიფათოა, რადგან ორი ისეთი კაცი ჰყავს, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ერთი დონჩიჩია და ვიფიქრე, რომ იოკიჩი მას აეკიდებოდა, მაგრამ შევცდი, ჯოკერი კაირის დაუდგა, ძალიან დიდი კაცი დაუდგა არც თუ ისე მაღალ ირვინგს, თუმცა, ეს არც თუ ისე მაღალი ირვინგი მეტად სწრაფი, მოქნილი და ტექნიკურია, თავში ძალიან დიდი ამბები უტრიალებს, წარმოსახვას ყოველთვის აძლევს გასაქანს და ყოველთვის ძალიან თავხედი იყო.

აიღო ბურთი და მარცხენა ხელით “ჰუკი” ისროლა. შემდეგი კადრი უკვე დონჩიჩზე იყო, რომელიც ხელებგასავსავებული გარბოდა მისკენ, არ ვიცი რას ფიქრობდა ამ დროს, ალბათ – ეს რა იკადრა.. ეს რა იკადრა.. – უტრიალებდა თავში. თვით ნიკოლა იოკიჩს გადაატარა თავზე და თამაში მოიგო.

პირველი მეოთხედი – 30:34 დენვერის სასარგებლოდ.
მეორე მეოთხედი – 28:27
მესამე მეოთხედი – 26:18
მეოთხე მეოთხედი – 23:26

ბოლო მეოთხედში თამაში ლუკა დონჩიჩმა მოატრიალა. გადამწყვეტი აღმოჩნდა 24 წამით ადრე ჩაგდებული სამქულიანი. ამ სროლით ლუკამ ანგარიში გაათანაბრა და შექმნა ის მოცემულობა, რაშიც კაირი ირვინგმა თავი ისე იგრძნო, როგორც თევზმა წყალში.

“მარცხენა ხელით სროლაზე საათობით ვვარჯიშობ, როცა მეტოქეს სიმაღლეში აქვს უპირატესობა, სხვადასხვა მოძრაობების შესრულება გიწევს რომ მათ აჯობო. ამაზე ვარჯიში, ამაზე ზრუნვა ბავშვობიდან მიწევს”.

“მარცხენა ხელით სროლა ინსტიქტურად გადავწყვიტე, როცა დავინახე რომ იოკიჩი ამოვიდა სხვა შანსი უბრალოდ აღარ მქონდა, სადაც სივრცე დამრჩა, იქ ვიმოქმედე”, – თქვა მატჩის შემდეგ კაირი ირვინგმა.

  • ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე 37 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 11-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/27.
  • კაირი ირვინგის ანგარიშზე 24 ქულა, 7 მოხსნა, 9 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 11-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/23.
  • ჯამალ მარის ანგარიშზე 23 ქულა, 4 მოხსნა, 7 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/20.
  • იოკიჩის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 16 ქულა, 11 მოხსნა, 7 ასისტი, 2 ჩაჭრა. FG – 6/16.

დენვერ ნაგეთსი (47/21) დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, დალას მავერიქსი (39/29) მეშვიდეა. ნაგეთსი მომდევნო შეხვედრას მინესოტა ტიმბერვულვზთან გამართავს.

რეგულარული სეზონი

ვაშინგტონ ვიზარდსი vs ბოსტონ სელტიკსი – 104:130
ჯორდან პულის ანგარიშზე 31 ქულაა, ჯეისონ ტეიტუმმა 30 ქულა ჩააგდო;

ლოს ანჯელეს კლიპერსი vs ატლანტა ჰოუკსი – 93:110
კავაი ლეონარდის ანგარიშზე 28 ქულაა, პოლ ჯორკმა 26 ქულა ჩააგდო;

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე