იოკიჩმა დენვერი დააწინაურა

ძალიან კარგი მატჩით გაიხსნა ლეიკერსისა და ნაგეთსის სერია, დენვერმა ლოს ანჯელეს ლეიკერსი 132:126 დაამარცხა. იფრინა ენტონი დევისმა, თუმცა, უფრო მაგრად იფრინა ნიკოლა იოკიჩმა.

დენვერის უპირატესობა პირველ ნახევარში

პირველი ნახევრის შემდეგ ნაგეთსის უპირატესობა 18 ქულა იყო, მესამე მეოთხედში კი 20 ქულამდე გაიზარდა. პირველი ნახევრის შემდეგ ნიკოლა იოკიჩს უფრო მეტი მოხსნა ჰქონდა, ვიდრე მთლიანად ლეიკერსს. ასეთ პირობებში ძალიან რთულია მეტოქის დამარცხება, ფაქტობრივად შეუძლებელიც კია.

იოკიჩს ყველაფერი გამოსდიოდა, მათ შორის, მოუმზადებელი სამიანიც კი ჩააგდო, ისროლა საზამთროსავით და სუფთად მოათავსა კალათში. ამ კაცს ყველაფერი შეუძლია და უკვე გრძნობს კიდეც რომ ჩემპიონობის დროა.

არ უნდა გამოგვრჩეს ჯამალ მარის კარგი თამაში. დენვერში მეორე კაცის სახელი აქვს და თამაშიდან თამაშამდე ამტკიცებს, რომ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

ბოლო მეოთხედი

ლეიკერსი ბოლო მეოთხედში დაბრუნდა, ბრძოლისუნარიანობა და კლასი კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი დამარცხდა, ასეთი დასასრულის შემდეგ მაინც შეინარჩუნეს საბრძოლო განწყობა, ლიდერებმა იციან, რომ დენვერის დამარცხება შეუძლებელი არ არის.

ბოლო წუთს ლებრონი ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა, მისი სამიანი ზუსტი არ გამოდგა. გამარჯვების მომტანი ქულა მომდევნო შეხვედრისთვის გადადო.

იოკიჩის ტრადიციული სამმაგი

ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე 34 ქულა, 21 მოხსნა, 14 ასისტი და 2 ბლოკია. აბა, რა უნდა ვთქვათ ახლა ამის შესახებ?! უკვე ისედაც ყველა იმაზე საუბრობს, რომ ჯოკერს MVP-ის ჯილდო წაართვეს.

ეგ არაფერი, შეუძლია ფინალების MVP-ი დაისაკუთროს.

ჯოკერმა 3-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/17 ზე.

ჯამალ მარის ანგარიშზე 31 ქულა, 5 მოხსნა და 5 ასისტია.

რაც შეეხება ლეიკერსს და მის ლიდერებს. ენტონი დევისმაც მაგარი სტატისტიკა დადო. მის ანგარიშზე 40 ქულა, 10 მოხსნა, 3 ასისტი, 3 ჩაჭრა და 2 ბლოკია. ერთიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო.

ლებრონმა 26 ქულა, 12 მოხსნა, 9 ასისტი და 1 ბლოკი დააგროვა. სამიანები კი არ წაუვიდა, ოთხჯერ ჰქონდა მცდელობა და ვერცერთი ვერ გამოიყენა.

Game 2 19 მაისს გაიმართება.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე