საინტერესო შეხვედრები ჩატარდა NBA-ში. ბოლო დროს ეპიკური შეხვედრები და რეკორდები ვიხილეთ, ჯოელ ემბიდისა და ლუკა დონჩიჩის პერფორმანსებმა NBA-ისკენ ის მაყურებელიც მოაბრუნა, რომელთაც, როგორც წესი, ძილი ურჩევნიათ მატჩების ყურებას.
ჩვენ კი ქართველებით დავიწყოთ, თუმცა, სამწუხაროდ, სათქმელი არც არაფერია.
ქართველები წუთის გარეშე
გოგამ ბოლო ხუთ შეხვედრაში სამი გამოტოვა. ჩატარებულ ორ შეხვედრაში, საერთო ჯამში 11 წუთი დაუთმეს. თითქოს ნდობაც ჰქონდა და უმატებდა კიდეც, მაგრამ ახლა სეზონის ყველაზე კრიტიკულ ნაწილში შეაბიჯა, სადაც ისევ მოუწევს თავის დამკვიდრება. ასეთი ადგილია NBA-ი, ერთი წუთითაც კი არ შეიძლება ყურადღების მოდუნება.
დალასთან რამდენიმე წამი დაუთმეს, მწვრთნელს ბოლო წამზე დასჭირდა და შემოუშვა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ორლანდო 129:131 დამარცხდა. და როდის გახდა ბითაძე საჭირო? სხვაობა ორი ქულაა, დრო თითქმის აღარ არის, საჯარიმოს ხაზთან პაოლო ბანჩერო დგას, შეუძლია ჩააგდოს, მაგრამ არაფრის მომცემი ქულაა, მაინც დამარცხდება, ამიტომ, ყველამ იცის რასაც იზამს, შეგნებულად გააფუჭებს და წავა მერე ბრძოლა ფარზე – აი, ამიტომ შემოიყვანეს ბითაძე, მაგრამ ბანჩერომ ისეთი ძალით ესროლა ფარს რომ ბურთი მისი ნახევრისკენ წავიდა, ვაგნერი დაეწია და ძალიან შორიდან ისროლა, თითქმის.. თითქმის ჩავარდა.
კიდევ ერთი სუპერ მატჩი ჰქონდა ლუკა დონჩიჩს, სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა. წინა შეხვედრაში სამმაგი ჰქონდა, იმის წინაში კი 73 ქულა ჩააგდო. ლუკას აწყვეტილი აქვს და დალასის მოგებაში ლომის წილიც დაიდო.
მისი სტატისტიკა ასეთია – 43 წუთში 45 ქულა, 15 ასისტი, 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა. 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/23. სულ რაღაც ერთი მოხსნა სამმაგ დუბლამდე.
- კაირი ირვინგს არ უთამაშია. უმცროსმა ჰარდევეიმ კი 36 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
- პაოლო ბანჩეროს ანგარიშზე 36 ქულა, 9 მოხსნა და 7 ასისტია.
დალასმა (26/21) სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გამოიკეთა და დასავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილზეა.
ორლანდო (24/23) აღმოსავლეთ კონფერენციის მერვე ადგილზე დაეშვა. პლეიოფისთვის მძიმე ბრძოლა მოუწევთ.
მამუკელაშვილი ისევ არ ჩანს
რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, მისთვის სეზონი ისე გრძელდება როგორც დაიწყო. ან საერთოდ არ თამაშობს, ან ძალიან ცოტას თამაშობს. ამჯერად წუთიც ვერ მიიღო საჩუქრად, სპურსი კი ვაშინგტონთან დამარცხდა.
ვაშინგტონს თუ არა.. აბა ვიღას უნდა მოუგო?!
ორი ვარსკვლავის მატჩი იყო, კუზმას შემთხვევაში ვარსკლავი გადამეტებულია, მაგრამ ვიზარდსში სწორედ ამიტომ თამაშობს, ვარსკვლავად უნდა თავი იგრძნოს. ურჩევნია მაჩანჩალა გუნდს ლიდერობდეს, ვიდრე დიდი გუნდის მეორეხარისხოვანი მოთამაშე იყოს. ან მესამეხარისხოვანი.. ან მეოთხე, მეხუთე.. სკამი.
ვიზარდსმა 118:113 მოიგო.
ვემბიმ ორმაგი დუბლი შეასრულა, სასიამოვნოა ამ კაცის თამაშის ყურება, უბრალოდ, მოსაწყენია, როცა გუნდს მოტივაცია არ აქვს. არ ვიცი მისი ზრდისთვის ეს რამდენად კარგია, პოპოვიჩმა იცის რასაც აკეთებს და ამ დროს მუდმივი კომუნიკაციაა ასეთ მოთამაშესთან საჭირო, თორემ, ეგზისტენციალურ კრიზისს ვერ აცდებიან, ბოლოს და ბოლოს, გაიღვიძებს ერთ დღესაც ვემბი და იკითხავს – აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ?!
- 31 წუთში 22 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი – ასეთია ვემბის სტატისტიკა. 4-დან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო. FG – 9/19.
- კუზმას ანგარიშზეც ორმაგი დუბლია – 18 ქულა, 11 მოხსნა, 5 ასისტი.
ვიზარდსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ დეტროიტს უსწრებს. სან ანტონიო დასავლეთში ვერც ვერავის ვერ უსწრებს. მყარად დგას ფსკერზე.
ბოსტონი vs პელიკანსი
ცუდი კალენდარი აქვს პელიკანსს. ასე გამოჩნდა იმიტომ, რომ ბოლო ხუთიდან ოთხი შეხვედრა წააგეს – ფინიქსთან, ოკლაჰომასთან, მილუოკთან და ახლა ბოსტონთან. მანამდე დამარცხდნენ დალასთან და დენვერთან. მოკლედ, დიდი ვერაფერი გუნდი გამოდგა.
არადა, მოლოდინი მქონდა, ჯანმრთელი პელიკანსელებისგან გაცილებით მეტს ველოდი, ადრე ის მქონდა სათქმელი რომ ვიღაც ყოველთვის აკლდათ, ახლა როგორც იქნა თავი მოიყარეს და რად გინდა.. ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა დათმეს.
რას ვიფიქრებდი და.. აგრესია აკლიათ. შეთამაშება რომ დააკლდებოდათ ეს თავიდანვე ნათელი იყო, მაგრამ აგრესია??
დაწყებით კი მაგრად დაიწყეს, პირველი მეოთხედი ბოსტონს 36:25 მოუგეს, თან შეხვედრა თი დი გარდენზე შედგა, აქ თამაში რა რთულია კარგად მოგეხსენებათ.
მეორე მეოთხედი ბოსტონმა 25:24 მოიგო. ასე რომ, პირველი ნახევრის მერე დისტანცია შენარჩუნდა – 60:50 პელიკანსის სასარგებლოდ.
დიდებული მესამე მეოთხედი იყო, ბოსტონი შუაწელს წინაც გავიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მეოთხედი პელიკანსმა მოიგო – 87:81. ბრწყინვალე იყო ზაიონ უილიამსონი, ერთი პასი კი ჩაუჭრეს, რასაც ბოსტონის სწრაფი სამქულიანი შეტევა მოჰყვა, მაგრამ ამან წარმოდგენა ვერ შეგვიცვალა, ზაიონს ძალიან მაგარი მონაკვეთი ჰქონდა, სამჯერ ზედიზედ “and one” დიდი ამბავია, თან საოცარი ბურთები ჩავარდა.
მეოთხე მეოთხედიც ძალიან სანახაობრივი გამოდგა, ზაიონმა ისევ იფრინა, ინგრამიც კარგი იყო, ტეიტუმმა პუბლიკა გააგიჟა და ბოსტონმა პელიკანსი პერიმეტრიდან დაბომბა – 118:112 სელტიკსის სასარგებლოდ. ამ არენაზე ასე ხდება ხოლმე.
- ზაიონის ანგარიშზე 26 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრაა. FG – 11/18.
- ინგრამის ანგარიშზე 28 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/24.
- ტეიტუმმა 28 ქულა, 10 მოხსნა, 8 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა. ორი ასისტი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/18.
- ჯეილენ ბრაუნმა 22 ქულა, 11 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა. 5-დან 1 სამქულიანი ზუსტად გამოიყენა. FG – 8/15.
პელიკანსი (26/21) დასავლეთ კონფერენციის მერვე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას ჰიუსტონ როკეტსთან გამართავს.
ბოსტონი, (36/11) რა თქმა უნდა, ლიდერობს აღმოსავლეთს და მომდევნო შეხვედრას ინდიანასთან ჩაატარებს.
დენვერი vs მილუოკი
აი დღის მთავარ შეხვედრამდეც მივედით. ნიკოლა იოკიჩის დენვერ ნაგეთსი იანის ანტეტოკუნმპოს მილუოკ ბაქსს შეხვდა და შავი დღე აყარა. ბაქსი აღმოსავლეთში მეორეა, ისევე როგორც დენვერი დასავლეთში. პლეიოფში კი ამათზე საშიში გუნდი არა მგონია ვინმე იყოს.
მეტწილად თანაბარი თამაში იყო და პირველი ნახევარი ასეც დასრულდა – 56:56. აი მესამე მეოთხედის ბოლოს დენვერმა დაწინაურება შეძლო – 82:75. იოკიჩთან ერთად ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა ჯამალ მარიმ, მათი დუეტი დღითიდღე უმჯობესდება.
სტოკტონისა და მელოუნის არ იყოს..
დენვერმა საბოლოოდ 113:107 მოიგო. მილუოკს რამდენჯერმე ჰქონდა შანსი წინ გასულიყო მეოთხე მეოთხედში, მაგრამ დენვერი ყოველ ჯერზე ახერხებდა დისტანციის გაზრდას.
- იოკიჩმა მორიგი სამმაგი დუბლი მიითვალა – 25 ქულა, 16 მოხსნა, 12 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკი. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/25.
- ჯამალ მარის ანგარიშზე 35 ქულა, 2 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრაა. FG – 13/22.
- იანისმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 29 ქულა, 12 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. ერთიდან ერთი სამქულიანი გამოიყენა, FG – 11/19.
- ლილარდის ანგარიშზე 18 ქულა, 3 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ბლოკია. 4-დან 2 სამქულიანი ზუსტად გამოიყენა. FG – 5/13.
რეგულარული სეზონი
- შარლოტი vs ნიქსი – 92:113
ჯეილენ ბრანსონმა 32 ქულა ჩააგდო; - კლივლენდი vs კლიპერსი – 118:108
კავაი ლეონარდმა 30 ქულა ჩააგდო; - ბრუკლინი vs იუტა – 147:114
მიკალ ბრიჯისის ანგარიშზე 33 ქულაა; - მაიამი vs ფინიქსი – 105:118
ჯიმი ბატლერმა 26 ქულა ჩააგდო; - ჰიუსტონი vs ლეიკერსი – 135:119
ჯეილენ გრინი – 34 ქულა, 10 მოხსნა.
ლებრონ ჯეიმსმა, ენტონი დევისმა და დანჯელო რასელმა 23-23 ქულა ჩააგდეს, ლებრონმა 10 ასისტიც მიამატა და ორმაგი დუბლი შეასრულა; - მემფისი vs საკრამენტო – 94:103
საბონისის ანგარიშზე 20 ქულა და 26 მოხსნაა; - ოკლაჰომა vs მინესოტა – 101:107
შაი გოლჯეს-ალექსანდერის ანგარიშზე 37 ქულაა; - პორტლენდი vs ფილადელფია – 130:104