სარჩევი
2023 იან 18, 14:30 შშ
1 წუთის საკითხავი

ტრადიციული შეხვედრა შედგა თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და NBA-ს მოქმედ ჩემპიონ, გოლდენ სტეიტ უორიორზს შორის.

უორიორზმა ბოლო 8 წელში ოთხჯერ მოახერხა ჩემპიონობა, მაგრამ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში არ ყოფილა. სტეფ კარიმ განაცხადა, რომ თეთრ სახლში ვიზიტი არ აინტერესებდა. საპასუხოდ, დონალდ ტრამპა მიწვევა გააუქმა.

ამჯერად ხელისშემშლელი გარემოებები არ ყოფილა. გოლდენ სტეიტს თეთრ სახლში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა უმასპინძლეს.

“გოლდენ სტეიტ უორიორზს ყოველთვის გულთბილად მივიღებთ თეთრ სახლში, – განაცხადა ბაიდენმა და სტეფ კარიც შეამკო კეთილი სიტყვით, – ის ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენია“.

უორიორზის სათამაშო სტილმა დიდი გავლენა იქონია ამერიკაზე, ეს გუნდი გამოხატავს ინდივიდუალური თავისუფლებისა და სიმტკიცის ერთიანობას”.

გოლდენ სტეიტმა ჩემპიონობა იზეიმა 2015, 2017, 2018 წლებში და ახლოს იყვნენ დიდი ეპოქის შექმნასთან, მაგრამ 2016-ში ლებრონ ჯეიმსი ჩაერია საქმეში, 2019-ში კი ტრავმები.

ტრავმებმა გუნდის ჩავარდნა გამოიწვია და კითხვაც კი დაისვა, – შეძლებდა თუ არა უორიორზი ჩვეულ დონეზე დაბრუნებას? 2021/22 წლების სეზონში ამ კითხვას პასუხი გაეცა.

ბოლო რამდენიმე წელი რთული იყო, კრიტიკოსები დაეჭვდნენ კიდეც, შერჩა თუ არა გუნდს საჩემპიონო ამბიციები, – თქვა ბაიდენმა, შემდეგ კი იხუმრა, – ძმებო, მე ვიცი ეს რას ნიშნავს“.

სტეფ კარიმ მასპინძლებს გოლდენ სტეიტის სათამაშო ფორმები გადასცა, კამალა ჰარისს ნომერი პირველი, – როგორც ნომერ პირველ ქომაგს, და ჯო ბაიდენს ნომერი 46, – როგორც 46-ე პრეზიდენტს.

შეხვედრას ესწრებოდა ზაზა ფაჩულიაც, გოლდენ სტეიტის დირექტორი, ბიზნეს საკითხებში.