მაიამიმ და ლეიკერსმა ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს კონფერენციების ფინალში გადასასვლელად. ორივეს 3:1 მიჰყავს ანგარიში. შედეგს რომ თავი დავანებოთ, არც ნიქსი ჰგავს შემომტრიალებელს და არც გოლდენ სტეიტი.
ლეიკერსი vs უორიორზი
“მის გარეშე ამ თამაშს ვერ მოვიგებდით, ჩვენ ვიცოდით, რომ მზად იყო, დიდი ხანია პროფესიონალიზმით გამოირჩევა და მისი იმედი ყოველთვის გვქონდა”, – თქვა ლებრონ ჯეიმსმა, ლონი უოლკერზე, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გამარჯვებაში.
უოლკერი კობის შემდეგ გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც პლეიოფებში, სკამიდან, ბოლო მეოთხედში 15 ან მეტი ქულა დააგროვა.
Game 1-ში ჰაჩიმურა და რივზი გამოირჩნენ, ახლა უოლკერი. ლეიკერსი ძალიან კარგი და შეკრულ გუნდია. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ლებრონ ჯეიმსს. როცა მთავარი ვარსკვლავი გუნდური მოთამაშეა, მერე მთელ გუნდში ასეთივე ატმოსფერო იქმნება.
ლეიკერსმა 104:101 მოიგო.
ბოლო წამებზე სტეფი ორჯერ ეცადა ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ ორივეჯერ ფარს მოარტყა. მესამედ კი დრეიმონდ გრინმა აღარ ანდო ბურთი, შეცდომაც დაუშვა და თამაშიც დამთავრდა.
მოგების წყურვილი ლეიკერსს უფრო ეტყობა, შესაძლოა, მართალი იყო შაკილ ო’ნილი, რომელიც ამბობდა, ამდენი წარმატების შემდეგ, გოლდენის ვარსკვლავებს იგივე ვნება აღარ აქვთ და არც იმავე დონეზე თამაში შეუძლიათო.
ლებრონის ანგარიშზე 27 ქულა, 9 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ბლოკია. 9-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
დევისმა 23 ქულა, 15 მოხსნა, 2 ასისტი და 3 ჩაჭრა მიითვალა.
ლონი უოლკერის ანგარიშზე 15 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
რაც შეეხება გოლდენ სტეიტს და მის ლიდერს, სტეფმა სამმაგი დუბლი შეასრულა – 31 ქულა, 10 მოხსნა, 14 ასისტი, 3 ჩაჭრა. 14-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
ყველაფერი ძალიან კარგი იყო, უბრალოდ სამიანები არ წაუვიდა ისე, როგორც მისდის ხოლმე. ვნახოთ სტეფს შურისძიების ვნება თუ შერჩა, 1:3-დან დატრიალების ვნება.
მაიამი vs ნიქსი
ნიქსმა სერიაში მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება შეძლო და იმ მოგების შემდეგაც ყველაზე დასამახსოვრებელი ჯიმი ბატლერის სახე იყო, ირონიული, თავდაჯერებული, თითქოს ამბობდა, – სულ ეგ არის რაც შეგიძლიათ?!
ჯიმი დაბრუნდა და მაიამიმ ანგარიში 3:1 გახადა.
ბატლერის ანგარიშზე 27 ქულა, 6 მოხსნა, 10 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკია. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე 31 ქულა, 4 მოხსნა, 11 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.