სარჩევი
2023 მაი 01, 13:28 შშ
2 წუთის საკითხავი

მაიამიმ ნიქსი დაამარცხა და ანგარიში 1:0 მიჰყავს, გოლდენ სტეიტმა კი გადამწყვეტ რაუნდში საკრამენტოს შანსი არ დაუტოვა. სრეფ კარიმ მატჩის ბედი გადაწყვიტა.

საკრამენტო vs გოლდენ სტეიტი

არ ვიცი მოლოდინი როგორი იყო, განსხვავებული განწყობით შეხვდნენ მაყურებლები ამ შეხვედრას. ზოგი თანაბარ ბრძოლას ელოდა, ზოგიც დარწმუნებული იყო, რომ სტეფი Game 7-ში გადამწყვეტ სიტყვას იტყოდა.

ასეც მოხდა. გოლდენ სტეიტი შემდეგ ეტაპზეა და ლოს ანჯელეს ლეიკერსს შეხვდება. დიდებული ანონსია. ლებრონ ჯეიმსი და სტეფ კარი კიდევ ერთხელ გადაიკვეთებიან.

სტეფი გახდა პირველი მოთამაშე NBA-ში, რომელმაც Game 7-ში 50 ქულა ჩააგდო! თანაც ისე, რომ მატჩი ოვერტაიმში არ გადასულა. ძირითად დროშივე მოამთავრა ყველაფერი.

გოლდენ სტეიტმა 20 ქულით მოიგო – 120:100.

სტეფის ანგარიშზე 50 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 18-დან შვიდი სამქულიანი ჩააგდო.

პირველი ნახევარი თანაბრად წარიმართა, საკრამენტოს უპირატესობაც კი ჰქონდა გარკვეული ხნის მანძილზე, თუმცა, მეტი ვეღარ შეძლეს. აუცილებლად გამოსაყოფია სტეფის სიმშვიდე, ეს, რა თქმა უნდა, კოლოსალურმა გამოცდილებამ მოიტანა, მისი სიმშვიდე კი ყველასთვის გადამდებია.

საბონისი და ფოქსი პლეიოფს ემშვიდობებიან, ისღა დაგვრჩენია დიდი მადლობა გადავუხადოთ ძალიან კარგი თამაშისათვის.

გოლდენ სტეიტისა და ლეიკერსის შეხვედრა 3 მაისს, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.

მაიამი წინ გავიდა

მედისონ გარდენზე მაიამისა და ნიქსის სერია დაიწყო. ნიუ იორკელები საკუთარ დარბაზში დამარცხდნენ. თუმცა, გასაკვირი ეს ამბავი ნამდვილად არ არის, აქამდეც ვწერდით, ჯიმი ბატლერმა და მაიამიმ ისეთი მუხტი მიიღეს, ახლა მათი გაჩერება ურთულესი ამბავი იქნება.

ერთი უსიამოვნო მომენტიც მოვინელეთ, ჯიმიმ დახტომისას ფეხი ცუდად დადგა და კოჭლობით გავიდა პარკეტიდან, საბედნიეროდ მალევე დაბრუნდა, ყველაფერი კარგად დასრულდა.

ბატლერის ანგარიშზე 25 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ჩაჭრაა.

ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე 25 ქულა, 5 მოხსნა და 7 ასისტია.

მომდევნო შეხვედრა 3 მაისს, თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.