Game 4 – ბატლერისა და ჯეიმსის დღე NBA-ში

Game 4 მთელი თავისი დრამატიზმით გადაიშალა ლოს ანჯელესსა და მილუოკში. ერთმანეთზე უკეთესი შეხვედრები ვიხილეთ, ერთმანეთზე უკეთესი პერფორმანსებით.

მილუოკს იანის ანტეტოკუნმპო დაუბრუნდა, შესაბამისად, მოლოდინიც ისეთი იყო, რომ ანგარიში უნდა გათანაბრებულიყო, მაგრამ არაფრის დაგეგმვა არ შეიძლება იმ გუნდთან, რომელსაც ჯიმი ბატლერი ჰყავს.

მაიამი vs მილუოკი

ის რომ ჯიმი ბატლერი საპლეიოფო მოთამაშეა ეს საყოველთაო ცოდნის საგანია. წლიდან წლამდე მის გარდაქმნას ვადევნებთ თვალყურს, რეგულარულიდან პლეიოფებამდე. რაღაც იღვიძებს მასში, სულ სხვაგვარი ვნება და გამარჯვების წყურვილი. ის, რაც ლეგენდებს ახასიათებთ.

ეს სერიაც დიდებულად დაიწყო, პირველ ნომერთან ანგარიში მიჰყავს და ეს უკვე დიდი ამბავია, მაგრამ ის, რაც ამ შეხვედრაში იკადრა, ყოველგვარ საზღვარს გასცდა. ჯიმი ბატლერმა კარიერის პიკი დააფიქსირა!

შესაბამისი დროის შერჩევაც ასეთი უნდა, მთავარ ფავორიტთან, პლეიოფში, Game 4-ში, ჯიმიმ იფრინა და პლეიოფების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი გვაჩუქა.

უკან მოიტოვა ლებრონისა და უეიდის რეკორდი, ახლა ჯიმი ბატლერია მაიამის ის მოთამაშე, რომელსაც ყველაზე მეტი აქვს საპლეიოფო მატჩში ჩაგდებული.

ეს ყველაფერი არ არის, გასათვალისწინებელია მატჩის დრამატურგია – მილუოკიმ პირველი მეოთხედი 33:28 მოიგო, მეორე მეოთხედი 24:22, მესამე მეოთხედი 32:28, აი, ასე სტაბილურად და დამაჯერებლად მიჰყავდა საქმე გამარჯვებამდე, ბოლო მეოთხედში კი ჯიმი ბატლერმა ყველაფერი შემოატრიალა, მაიამიმ 41:25 მოიგო, საერთი ჯამში – 119:114.

იანის ანტეტოკუნმპომ მცირე დისკომფორტით ითამაშა, იანისს ზურგი აწუხებდა, დაბრუნდა, სამმაგი დუბლი შეასრულა, ბრწყინვალე მატჩში ჩაატარა და მაინც დაიჩრდილა, იმიტომ, რომ ჯიმი ბატლერმა ამ დღეს ყველა და ყველაფერი დაჩრდილა.

ჯიმის ანგარიშზე 56 ქულა! 9 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ბლოკია. 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

იანისის ანგარიშზე 26 ქულა, 10 მოხსნა, 13 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკია.

უკვე დასკვნით ფაზაში ვართ. მთავარ ფავორიტს წაგების უფლება აღარ აქვს. ვალდებულია, რომ ორივე თამაში მოიგოს, შემდეგ კი Game 7 გვაჩუქოს.

ლეიკერსი vs მემფისი

აქ მეშვიდე და მეორე ადგილოსნის ჯახი გვაქვს, სადაც მეშვიდე ადგილოსანს მიჰყავს ანგარიში, მაგრამ, თავს ნუ მოვიტყუებთ, ამაში სენსაციური და მოულოდნელი არაფერია. ლეიკერსში თუ მთავარი ხალხი ჯანმრთელად არის, ამ გუნდისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მით უმეტეს, მეფეს თუ გამოაღვიძებ.

დილონ ბრუქსი მემფისშიც კი ყველაზე საძულველ მოთამაშედ იქცა, რადგან ნამდვილი დათვი გამოაღვიძა, მემფისელი გრიზლები კი დათუნია ტედის როლში არიან.

ვინ ექაჩებოდა, რავიცი..

სანამ 40 ქულას არ აიღებს არავის პატივს არ ვცემო. ამბობს მოთამაშე, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს 40 ქულის მოპოვება. ხანდახან დაფიქრება გმართებს სანამ პირს გააღებ, ახლა მთელი NBA-ი სეირს უყურებს, როგორ ათრევს ლებრონ ჯეიმსი დილონ ბრუქსს.

3:1 – ლოს ანჯელესმა კიდევ ერთი მოიგო, თუმცა, ამჯერად უფრო გაჭირვებით. ყველაფერი ოვერტაიმში გადაწყდა, არადა, ერთი წამი და იქვე დამთავრდებოდა, ენტონი დევისმა ჯა მორანტს დააფარა, ბურთი ლებრონს დარჩა და თავისივე ნახევრიდან ჩააგდო, თუმცა, ვერ მოასწრო, ამჯერად ნამდვილად არ გვაქვს იმის უფლება, რომ ასაკმა და სისწრაფემ უმტყუვნა, არა, უბრალოდ ასე მოხდა. ოვერტაიმი უნდა გვენახა.

მემფისი 6 წამით ადრე წინ გავიდა, მაგრამ ეს საკმარისი დროა ლებრონ ჯეიმსისთვის. ის გააკეთა, რასაც მთელი კარიერაა აკეთებს. აგრესიულად შევარდა ფარზე და ზუსტი სროლით შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.

აბა, ბრუქსი ხომ არ დააფარებდა?!

ოვერტაიმში ლებრონი იყო გრიზლი, მემფისელები არასრულწლოვანი ბავშვების როლში დარჩნენ.

ლეიკერსმა 117:111 მოიგო.

ჯეიმსის ანგარიშზე 22 ქულა, 20 მოხსნა, 7 ასისტი და 2 ბლოკია. ჯეიმსი გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც პლეიოფში 20+20 ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო.

თურმე, მატჩის მერე უთხრეს ამ სტატისტიკის შესახებ და თავადაც გაკვირვებია. მაგარი შეგრძნებააო – დააყოლა.

ჯერ არაფერი დასრულებულა. მემფისი ბრძოლისუნარიანი გუნდია, შესაძლოა, ჭკუაც ისწავლონ და კიდევ უფრო დაიძაბოს სერია. ვნახოთ..

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე