სარჩევი
2023 თებ 24, 13:20 შშ
2 წუთის საკითხავი

საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები 88:80 დაამარცხა და ისტორიულ მიღწევამდე ერთი მოგებაღა აშორებს.

მოსაგები თამაში იყო, საქართველო ფავორიტის რანგში ჩავიდა, რთული შეხვედრა გამოდგა, მაგრამ გამარჯვება მაინც მოიპოვა. მთავარი მატჩი კი წინ არის, საქართველოს ნაკრები ისლანდიას უმასპინძლებს, 26 თებერვალს, მოგების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

მოგებულ თამაშს რაც შეეხება, პირველი ტაიმი სანერვიულო გამოდგა. საქართველო ფარქვეშ უკეთესი იყო, ნიდერლანდები პერიმეტრზე. სამქულიანები წაუვიდათ და პირველი ნახევარი 42:35 მოიგეს.

ძალიან კარგი თამაში ჰქონდათ გიორგი შერმადინსა და თორნიკე შენგელიას. კაპიტანი მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ. მეორე ნახევარში ბურჯანაძის გამოსვლამ კი დიდი მუხტი შემოიტანა, პირველივე სამიანი ჩააგდო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი აღმოჩნდა ნაკრებისთვის.

სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

  • ესპანეთი – 17 ქულა
  • იტალია – 16 ქულა
  • საქართველო – 14 ქულა
  • ისლანდია – 13 ქულა
  • უკრაინა – 12 ქულა
  • ნიდერლანდები – 9 ქულა

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთეს გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და გიორგი შერმადინმა:

ნიდერლანდები დავამარცხეთ და ერთი ნაბიჯი გადავდგით მსოფლიო ჩემპიონატისკენ. დარჩა ერთი მოგება 26 თებერვალს ისლანდიასთან, რომელსაც ყველა ელის. დარბაზი ბოლომდე გაივსება და გულშემატკივარი ექსტრაენერგიას მოგვცემს. თავს არ დავზოგავთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ“, – თქვა შერმადინმა.

ზუროსმა კი მოთამაშეების სიმამაცეს გაუსვა ხაზი:

ურთულესი თამაში იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ორიდან ორი მატჩის მოგება გვჭირდებოდა. 10 ქულით ვაგებდით და სწორედ ამ დროს გამოიჩინეს კალათბურთელებმა დიდი სიმამაცე. თამაში შემოვატრიალეთ და უმნიშვნელოვანესი მოგება მოვიპოვეთ”.

პირველი ტაიმის შემდეგ ბევრი არაფერი შეგვიცვლია, უბრალოდ, მატჩის დასაწყისში უამრავი სამქულიანი გავაცუდეთ, ნერვიულობა დაგვეტყო. მეტოქეს თავდაჯერებით თამაშის უფლება მივეცით. მეორე ტაიმიდან კი მეტად კონცენტრირებულები და მოტივირებულები ვიყავით. სამქულიანებიც გამოვიყენეთ და ყველაფერი გაიოლდა“, – თქვა მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა.

ასე რომ, 26 თებერვალს კიდევ ერთი ფურცელი უნდა ჩაიწეროს ქართული კალათბურთის ისტორიაში.