სარჩევი
2023 ივნ 01, 15:15 შშ
3 წუთის საკითხავი

სამართლიანი ფინალი გვაქვს, ორივე გუნდმა ძალიან რთული გზა გაიარა და უძლიერესი მოთამაშეები გაუშვეს სახლში. დენვერმა ჯერ დევინ ბუკერისა და კევინ დურანტის დუეტს დაუქნია ხელი, მერე კი ლებრონ ჯეიმსსა და ენტონი დევისს.

თუმცა, დასავლეთ კონფერენციის ლიდერისგან ეს გასაკვირი არ ყოფილა. აი, აღმოსავლეთ კონფერენციის მერვეადგილოსანმა ჯერ Play in-ში დაამარცხა ჩიკაგო, შემდეგ კი ორი მთავარი ფავორიტი გააგდეს – იანისის ბაქსი და ტეიტუმის სელტიკსი. ნახევარფინალში კი ნიქსის დამარცხება საერთოდ არ გასჭირვებიათ.

ფინალი, რომელიც გაგვახარებს

კლასიკური ფინალი უფრო აწყობდათ, უფრო გაყიდვადი იქნებოდა, ბევრად გაყიდვადი. თუმცა, ლეიკერსი საჩემპიონო გუნდი არ არის, მათ მაქსიმუმი გაიღეს და ეს მაქსიმუმი კონფერენციის ფინალი აღმოჩნდა. სელტიკსმა ისევ ისეთი განცდა დატოვა – ამ გუნდს რაღაც აკლია. სულ მცირე კონტრიბუცია, რომელიც ჩემპიონობისთვის საკმარისი იქნება. ჯერჯერობით ამ რაღაცას ვერ მიაგნეს, ჯერჯერობით ამ რაღაცას ტეიტუმისგან ითხოვენ. იქნებ არ არის პრობლემა ტეიტუმში?!

ფინალი კი ნებისმიერ შემთხვევაში სასიამოვნო იქნება, ან ჯიმი ბატლერს დაამშვენებს საჩემპიონო ბეჭედი, ან, ნიკოლა იოკიჩს. აბა, როგორ არ უნდა გიხაროდეს ეს ამბავი?! რა თქმა უნდა, ყველას თავისი ფავორიტი ჰყავს, გამარჯვებული მხოლოდ ერთი იქნება, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, იქნება დამსახურებული.

რას მოიფიქრებს მაიამი?

ბემ ადებაიოს კარგი სეზონი აქვს, ჯიმი ბატლერის შემდეგ მაიამის საუკეთესო კალათბურთელია და დიდი წვლილიც მიუძღვის აქამდე მოსვლაში, მაგრამ ფინალში ისეთი კაცის წინააღმდეგ მოუწევს თამაში, რომელიც განსაკუთრებულ გამოცდილებას შესძენს.

ადებაიოსთვის ერთი პლუსი ეს არის, გამოცდილებას ნებისმიერ შემთხვევაში შეიძენს, საკითხავია, უარყოფითსა თუ დადებითს. იოკიჩი NBA-ის ყველაზე მრავალმხრივი მოთამაშეა, და მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული სეზონის MVP-ის ჯილდო ცხვირწინ ააცალეს, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრისა და ყველა დროის ყველაზე დომინანტი კალათბურთელის აზრით, ის მაინც ლიგის საუკეთესო ცენტრია.

რა თქმა უნდა, იოკიჩის შეჩერება მხოლოდ ბემის დავალება არ იქნება, უბრალოდ შეუძლებელია იოკიჩი ერთმა მოთამაშემ შეაჩეროს. მაიამი კი ძალიან ჭკვიანურ დაცვას თამაშობს, ჰოდა, ჯოკერის პირისპირ განსაკუთრებულ იდეებს ველით.

გარდა ამისა, მაიამის პერიმეტრის კარგად დაცვაც მოუწევს, რადგან დენვერი 2023 წლის პლეიოფებში 38%-იანი სიზუსტით ისვრის სამიანებს.

მეორე მხარეს კი მენტალური მონსტრი, ჯიმი ბატლერია, სწორედ ეს ორი ვარსკვლავი განსაზღვრავს რამდენად დასამახსოვრებელი ფინალები იქნება.

რეგულარულ სეზონში დენვერმა ორივე თამაში მოიგო:

  • დენვერი – მაიამი 124:119
  • დენვერი – მაიამი 112:108

ჯიმის რა ვუყოთ?

სავარაუდოდ გორდონს მოუწევს მისი დაჭერა. დენვერის საუკეთესო მცველია, დურანტთან და ჯეიმსთან დაპირისპირებას კარგად გაართვა თავი. ისიც წაეხმარება, რომ ბატლერი ამ ორი მოთამაშესთან შედარებით გაცილებით ნაკლებად ისვრის სამქულიანებს. შესაბამისად, გორდონს დაცვის დიაპაზონის გაზრდა არ მოუწევს.

სხვა მხრივ კი ყველა ერთ განსაკუთრებულ რჩევას აძლევს, – თავი შეიკავე “თრეშთოქისგან”, ბატლერს ჯორდანის მენტალობა აქვს, ერთი გამომწვევი სიტყვა და მისი მოტივაცია ორმაგად იზრდება, თუმცა, თუ შიში შეგატყო თვალებში არც ამ მხრივ დაგინდობს.

ვიცით გორდონ, არ არის მარტივი, მაგრამ ფინალში სხვაგვარად არ გამოვა.

ფინალების პირველი შეხვედრა 2 ივნისს, თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.

პრომოკოდი და მაისის შეთავაზება setantasports.com-ზე

სასიამოვნო სიახლე გვაქვს setantasports.com-ის მკითხველებისთვის. შეიძინეთ, ჩვენი პლათფორმის ერთთვიანი გამოწერა და მიიღეთ უფასოდ დამატებით 2 თვე.

1+2 შეთავაზებით სარგებლობისთვის, საჭიროა, რეგისტრაციისას გამოიყენოთ პრომოკოდი May23. ასეთ შემთხვევაში setantasports.com-ის სერვისით სარგებლობას 1 თვის ფასად 3 თვის განმავლობაში შეძლებთ.