სარჩევი
2023 აპრ 08, 13:56 შშ
2 წუთის საკითხავი

ბოლომდე იბრძოლეს, ბოლომდე იწვალეს, მაგრამ მაინც დასრულდა. არადა, კაირი ირვინგის გადმობირების შემდეგ, ამ გუნდს ჩემპიონობის კანდიდატად ასახელებდნენ.

საბოლოოდ, იმ ხალხის მოლოდინი გამართლდა, რომლებმაც კაირის ტრეიდი უარყოფითად შეაფასეს, ლუკას ასეთი რანგის ლიდერი გვერდით არ სჭირდებოდა. გუნდს ერთი გამოკვეთილი ლიდერი უნდა ჰყავდეს, სხვაგვარად საქმე აირევა.

დონჩიჩის თამაში ნელ-ნელა გაუარესდა, არა ინდივიდუალურად, არამედ გუნდურად, თითქოს ადგილი ვეღარ იპოვა, ახლა საკითხავია, მომდევნო სეზონი როგორ დაიგეგმება, ფაქტია, რომ ეს დუეტი ამ სახით არ მუშაობს.

დალასი vs ჩიკაგო

ჩიკაგო გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა პარკეტზე, არც დეროზანი იყო, არც ზაკ ლავინი, დალასს თითქოს მარტივად უნდა მოეგო, მაგრამ არაფერში არ გაუმართლათ.

ჯერ არ გაუმართლათ იმაში, რომ კაირი ირვინგი არ ჰყავდათ. მერე არ გაუმართლათ იმაში, რომ ბრწყინვალედ ჩატარებული პირველი მეოთხედის მერე ლუკაც გამოაკლდათ. მიუხედავად ამისა, პირველი ნახევარი 67:54 მოიგეს, თითქოს გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ…

დალასმა უპირატესობა ბოლო მეოთხედში დაკარგა, ჩიკაგო წინ გაუშვა, ბოლო სროლით ანგარიშის გათანაბრება შეიძლებოდა, მაგრამ მსროლელი აღარ ჰყავდათ, შესაბამისად ერთმა სამიანმა ფარამდე ვერ მიაღწია, მეორე კი ქომაგს გაარტყეს თავში.

ლუკამ 13 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.

ჩიკაგომ 115:112 მოიგო.

მავერიქსისთვის სეზონი დასრულდა.

ლეიკერსი vs ფინიქსი

იოლი გამარჯვება იყო. ფინიქსს თავი ქუდში აქვს, ამიტომ, დიდმა სამეულმა დაისვენა. სამაგიეროდ, დასვენებისთვის არც ლებრონს სცალია და არც ენტონი დევისს.

ლეიკერსმა 121:107 მოიგო.

ლებრონმა 29 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა, 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ენტონი დევისის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 14 ქულა, 21 მოხსნა! 4 ასისტი და 3 ბლოკი.

ლეიკერსი პლეიოფისთვის ბრძოლას ბოლო შეხვედრამდე გააგრძელებს. თუ არაფერი შეიცვალა, Plai In-ში პელიკანსს შეხვდება.

მოგების შემთხვევაში პლეიოფში ჩაერთვება, წაგების შემთხვევაში კი მეორე შანსს მიიღებს და ოკლაჰომა-მინესოტას გამარჯვებულს შეხვდება მეორე საგზურისთვის.

ანგარიშები

  • შარლოტი – ჰიუსტონი 109:112
  • ინდიანა – დეტროიტი 115:122
  • ვაშინგტონი – მაიამი 114:108
  • ატლანტა – ფილადელფია 131:136 (OT)
  • ბოსტონი – ტორონტო 121:102
  • ბრუკლინი – ორლანდო 101:84
  • მილუოკი – მემფისი 114:137
  • პელიკანსი – ნიქსი 113:105
  • საკრამენტო – უორიორზი 97:119