NBA – კრის პოლი დაბრუნდა

NBA-ში დიდ ინტერესს იწვევდა ფინიქსისა და ბოსტონის შეხვედრა, პაუზის შემდეგ პარკეტს დაუბრუნდა კრის პოლი, ტრავმა მოირჩინა და 24 წუთიც ითამაშა, მაგრამ ჯერ კიდევ დრო სჭირდება ფორმაში შესასვლელად, კრისმა 4 მოხსნა, 4 პასი და 4 ქულა მიითვალა, რაც მისთვის კარგი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის, გასათვალისწინებელია, რომ კრის პოლი უკვე 37 წლის არის, მასზე დიდი იმედების დამყარება თითქოს აღარ შეიძლება, მაგრამ პოლი მაინც ახერხებს ძალიან მაღალ დონეზე თამაშს.

მიმდინარე სეზონში მისი მთავარი გამოწვევა ფორმაში შესვლა და სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში იქნება.

ბოსტონმა მარტივად მოიგო, ანგარიშით 125:98, ფინიქსმა ვერცერთ ეტაპზე წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

მატჩის საუკეთესო ფინიქსელი ჯოშ ოკოჯი იყო, 23 წუთში 28 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. დევინ ბუკერმა 25 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

ბოსტონის შემადგენლობაში თანაბარი ქულები დააგროვეს ჯეისონ ტატუმმა და ჯეილენ ბრაუნმა, 25 წულასთან ერთად ტატუმს 5 მოხსნა და 2 პასი ჰქონდა, ბრაუნს 7 მოხსნა და 3 პასი. 21 წუთი მიეცა ბლეიკ გრიფინს, ამ დროის მანძილზე 9 ქულა, 9 მოხსნა და ერთი პასი ჰქონდა.

დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა იუტა ჯაზისა და გოლდენ სტეიტის შეხვედრა, იუტამ 124-123 იმარჯვა, ბოლო წამებზე მოპოვებული ქულებით.

თამაშში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია სტეფ კარის, მის არყოფნაში ლიდერობა თავის თავზე ჯორდან პულმა აიღო, 37 წუთში 36 ქულას მოუყარა თავი, პლუს 4 მოხსნა, 8 პასი და ერთი მძიმე შეცდომა, – ბოლო წამებზე სწორედ პულმა დაკარგა ბურთი რის შედეგადაც იუტას მოიპოვა გამარჯვება.

22 ქულა ჰქონდა კლეი ტომპსონს, 24 კუმინგას, გარდა ამ ქულების, კუმინგა მატჩის ყველაზე დაძაბულ მომენტშიც გამოირჩა, იყო შეხლა-შემოხლა, თუმცა, ჩხუბში მაინც არ გადაზრდილა, დამნაშავე კი ჯორდან კლარკსონი იყო. უხეში თამაშისა და დაჯარიმების მიუხედავად კლარკსონს იუტას შემადგენლობაში საუკეთესო თამაში ჰქონდა, 37 წუთში 22 ქულას, 4 მოხსნასა და 9 პასს მოუყარა თავი.

პელიკენსმა 104:98 დაამარცხა დეტროიტი. ზაიონ უილიამსონი ჯანმრთელია და დაფრინავს, 33 წუთში 29 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა. თუმცა, კვლავ არ უთამაშია ბრენდონ ინგრამს, ამჯერად მის გარეშეც იმარჯვა პელიკენსმა, პლეიოფებში კი ინგრამს დიდი როლი ექნება, მისი და ზაიონის დუეტი, შესაძლოა მთავარი პასუხიც კი იყოს ბეჭდის მოსაპოვებლად, თუმცა, პლეიოფებამდე დიდი დროა, ბეჭედი კი შორეული პერსპექტივაა.

სხვა შეხვედრებში ლეიკერსი დამარცხდა ტორონტოსთან 113:126, ბრუკლინმა შარლოტი დაამარცხა 122:116, საუკეთესო იყო კაირი ირვინგი, 33 ქულით, 5 მოხსნითა და 9 პასით. 29 ქულა მოაგროვა კევინ დურანტმა.

მილუოკმა 126:113 დაამარცხა საკრამენტო, იანისს 35 ქულა ჰქონდა, მამუკელაშვილს მხოლოდ ერთი წუთი დაუთმეს.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე