Game 5 – ბატლერმა მთავარი ფავორიტი სახლში გაუშვა

Game 5 ორი გუნდისთვის ბოლო წერტილი აღმოჩნდა. მილუოკ ბაქსი NBA-ის ისტორიაში მეექვსე გუნდია, რომელიც პირველ ნომრად გავიდა პლეიოფში და მერვე ნომერმა დაამარცხა.

მილუოკი vs მაიამი

თავიდანვე გამოჩნდა ამ სერიაში, რომ საქმე კარგად ვერ წავიდა მთავარი ფავორიტისთვის. ანტეტოკუნმპოს ტრავმამ ბევრი რამ შეცვალა. პლეიოფი სულ სხვა განზომილებაა, ახალი საფეხურია სადაც ძალების მაქსიმუმზე ხდება დაპირისპირება, მაგალითად, ჯიმი ბატლერი საპლეიოფო მოთამაშეა, ყოველ წელს ამტკიცებს ამას. ოღონდ მოახვედრე საუკეთესო გუნდებს შორის და მერე მისი გაჩერება ძალიან რთულია, ბაქსის შემადგენლობაში კი ასეთი ხასიათი მხოლოდ იანისს აქვს და ისიც ტრავმით თამაშობდა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ძალიან გაღიზიანებული ჩანდა, ჟურნალისტს შენიშვნაც მისცა, არასწორ კითხვას მისვამო – ჩავარდა თუ არა წლევანდელი სეზონი? ასეთი იყო კითხვა და იანისმაც ვრცლად უპასუხა:

“ღმერთო ჩემო! ერიკ, გასულ წელსაც იგივე შეკითხვა დამისვი. შენს სამსახურში დაწინაურებას ყოველ წელს იღებ? არა, ჰო? ასე, რომ ყოველწლიურად, როდესაც შენ მუშაობ, ეს ჩავარდნა და წარუმატებლობაა? არა! ყოველ წელს შენი მიზნისთვის შრომობ, რაც დაწინაურებასა და ოჯახზე ზრუნვას გულისხმობს. ეს წარუმატებლობა არ არის. ეს წარმატებისკენ გადასადგმელი ნაბიჯებია. მაიკლ ჯორდანმა 15 სეზონი ითამაშა და 6 ჩემპიონობა მოიგო. დანარჩენი 9 მისთვის წარუმატებლობა იყო? ამას მეუბნები? ზუსტადაც, ასე რომ რატომ მისვამ ამ კითხვას?
ეს არასწორი კითხვაა.

სპორტში წარუმატებლობა არ არსებობს. არის კარგი და ცუდი დღეები. ზოგ დღეს შეგიძლია იყო წარმატებული, ზოგჯერ – არა. ზოგჯერ შენი დროა, ხანდახან – არა. ესაა სპორტის შინაარსიც – ყოველთვის ვერ მოიგებ. წელს ვიღაც სხვა გაიმარჯვებს, ეს მარტივია. 1971-დან 2021 წლამდე ჩვენ 50 წლის განმავლობაში არ მოგვეგო ჩემპიონობა. ეს 50-წლიანი ჩავარდნა იყო? არა, ეს ასე არ ყოფილა. ეს იყო ნაბიჯები ჩემპიონობამდე. საბედნიეროდ, ჩვენ ერთხელ ჩემპიონობა შევძელით, იმედია მეორედაც მოვახერხებთ.

ბოდიში, ერიკ ამ პასუხში არ მსურდა, რამე პირადულად მიგეღო”.

თავის მართლებას კი ჰგავს, მაგრამ ჭეშმარიტების მარცვალიც არის იანისის სიტყვებში. მისი გუნდი კი მზად არ აღმოჩნდა, რეგულარული სეზონი ხშირად გვატყუებს ხოლმე.

რაც შეეხება ჯიმი ბატლერს, ისეთი მუხტი მიიღო, ისეთი მხარდაჭერა, რომ ალბათ მთელ მაიამის დააჯერა – ჩემპიონობა შესაძლებელია.

წინ ნიუ იორკ ნიქსია, რომლის ძლევაც ჯიმისთვის შეუძლებელი სულაც არ არის. შემდეგ კი ფინალი იქნება და ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მატჩი ძალიან დრამატული გამოდგა. მაიამიმ ოვერტაიმში მოიგო, სულ რაღაც ორი ქულით – 128:126. მილუოკმა ბოლო შეტევაში სროლაც კი ვერ მოახერხა, დრო გაექცათ და ყველაფერი დამთავრდა. ასე მოხდა იმიტომ, რომ შეტევის დროს იანისი წაიქცა, თანაგუნდელებმა კი ვერ გადაწყვიტეს მის გარეშე რა ექნათ, ასეთ დროს ხომ ლიდერმა უნდა იტვირთოს ბოლო სროლა, ლიდერი კიდე ძირს ეგდო.

მესამე მეოთხედში ბაქსის უპირატესობა თექვსმეტ ქულამდეც კი გაიზარდა, თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ უპირატესობა ხელიდან გაუშვეს და ჯიმი ბატლერმა თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.

ჯრუ ჰოლიდეის რომ ორივე საჯარიმო გამოეყენებინა მატჩის დასრულებამდე წამებით ადრე, ბაქსი თამაშს მოიგებდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოიყენა და ორქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ორი წამით ადრე კი ბატლერმა წარმოუდგენელი ბურთი ჩააგდო. ასეთ დროს, ასეთი ბურთის ჩაგდება მხოლოდ მენტალურ მონსტრებს შეუძლიათ.

ოვერტაიმში მაიამის ჰქონდა უპირატესობა, ბაქსი კი მდევრის როლში იყო. ბოლოს კი როგორც უკვე ითქვა, სროლა ვეღარ მოასწრეს, დრო გაექცათ, სეზონიც გაექცათ და იღბალიც.

ანტეტოკუნმპოს ანგარიშზე 38 ქულა, 20 მოხსნა და 3 ასისტია. ასეთი სტატისტიკით დატოვა პლეიოფი. შეგეცოდება ადამიანს, მაგრამ რას ვიზამთ..

ორმაგი დუბლი შეასრულა ბრუკ ლოპესმა – 18 ქულა, 10 მოხსნა.

33 ქულით დაასრულა შეხვედრა კრის მიდლტონმა, პლუს 6 მოხსნა, 6 ასისტი.

რაც შეეხება ჯიმი ბატლერს, – 42 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია მის ანგარიშზე. 10-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. ჯიმიმ ყველა გადამწყვეტ მომენტში დიდებულად ითამაშა.

მაგარი სტატისტიკა დადო ბემ ადებაიომ – 20 ქულა, 10 მოხსნა, 10 ასისტი, 2 ჩაჭრა, 1 ბლოკი. სამმაგი დუბლიც ასეთი უნდა.

მაიამი შემდეგ ეტაპზეა და ნიუ იორკ ნიქსს შეხვდება.

უორიორზი vs საკრამენტო

კოლოსალური გამოცდილება, გამარჯვებულის მენტალიტეტი და დაუოკებელი სწრაფვა პირველობისაკენ. ასე შეიძლება დახასიათდეს ის ამბავი, რაც ჩვენს თვალწინ ხდება. გოლდენ სტეიტმა 2:0 დან 3:2 წაიყვანა ანგარიში და არც არის გამორიცხული რომ მომდევნო შეხვედრაშივე დახუროს სერია.

უორიორზმა 123:116 მოიგო. დამაჯერებლად მიიყვანეს თამაში გამარჯვებამდე. სულ სხვა ემოცია მოდის უორიორზის თამაშიდან, ჩანს, რომ ჩემპიონები თამაშობენ. თამაშობს გუნდი, რომელმაც შექმნა ეპოქა, ისევე როგორც კობისა და შაკის ლეიკერსმა, დანკანის სან ანტონიომ, ჯორდანის ჩიკაგომ, მეჯიქის ლეიკერსმა, ბირდის ბოსტონმა და ა.შ. ერთ-ერთი დიდებული გუნდია მრავალწლიან ისტორიაში, მათ კი ეს ყველაფერი ძალიან კარგად უწყიან.

საბონისმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 21 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი;

დე’არონ ფოქსის ანგარიშზე 24 ქულა, 9 ასისტი და 7 მოხსნაა;

სტეფმა კი 31 ქულა, 8 ასისტი და 2 მოხსნა მიითვალა.

წინ Game 6 ია, ან გოლდენ სტეიტი გავა შემდეგ ეტაპზე, ან Game 7 და “ნასინგ იზი” გვექნება.

მემფისი vs ლეიკერსი

არ ვიცი, არ ვიცი, ისე გამოჩნდა თითქოს ლეიკერსმა თავიდანვე გადადო თავი, თუ ჩამორჩენა გვექნება თავს ნუ მოვიკლავთ და ყველაფერი ლოს ანჯელესში გადავწყვიტოთო.

მემფისი გაიქცა მესამე მეოთხედში და ლეიკერსს დაწევა არც უცდია, თორე, აბა დათვი როგორ უნდა გაიქცეს ისე, რომ ვერ დაეწიო.

ლოს ანჯელესში დიდი მატჩი იქნება. ლებრონი და კომპანია სერიის დასრულებას ეცდება. ჯა მორანტი კი გვიჩვენებს რისი თავი აქვს, არის თუ არა მართლაც სუპერ ვარსკვლავის კალიბრის მოთამაშე, ისეთი ხასიათის, როგორიც მაგალითად ჯიმი ბატლერი.

ჯექსონ ჯუნიორის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 18 ქულა, 10 მოხსნა;

დესმონდ ბეინის ანგარიშზე ბევრად შედეგიანი ორმაგი დუბლია – 33 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი;

არც ჯა მორანტი ჩამორჩა ვინმეს – 31 ქულა, 10 მოხსნა, 7 ასისტი;

ლეიკერსის შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ჰქონდათ ლებრონ ჯეიმსს, ენტონი დევისსა და დანჯელო რასელს:

ჯეიმსის ანგარიშზე 15 ქულა, 10 მოხსნა და 5 ასისტია;

დევისმა 31 ქულა, 19 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა;

რასელმა 11 ქულა, 10 ასისტი, 4 მოხსნა.

ნიქსი vs კავალიერსი

კავალიერსიც დაგვემშვიდობა. კლივლენდმა 95:106 წააგო და გავარდა. არ დავმალავ და გაცილებით თანაბარ ბრძოლას ველოდი, არც ნიქსი მეგონა კავალიერსთან შედარებით ასეთი ძლიერი და არც კლივლენდი ჩანდა ასეთი სუსტი.

ვერც მიჩელმა უშველა გუნდს, ვერც გარლანდმა, ჯეილენ ბრანსონის გამოდგა ეს სერია და მომდევნო ეტაპზეც ის ითამაშებს.

ნიქსი ჯიმი ბატლერის მაიამის შეხვდება.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე