სარჩევი
2023 იან 18, 15:17 შშ
2 წუთის საკითხავი

მილუოკ ბაქსმა ტორონტოს უმასპინძლა და 130:122 დაამარცხა. ბაქსი კვლავ იანისის გარეშე აგრძელებს თამაშს, კრის მიდლტონის უქმობა კი დიდი ხნის ამბავია.

იანისის არყოფნაში ფრთები შეესხა ჯრუ ჰოლიდეის, ბოლო მატჩებში საუკეთესო იყო და არც ტორონტოსთან შეურცხვენია თავი.

ჯრუს ანგარიშზე 37 ქულა, 6 მოხსნა და 7 ასისტია.

კარგი შეხვედრა ჰქონდა ბრუკ ლოპესს, თუმცა, 29 წუთზე მეტი ვერ ითამაშა, ტრენტ ჯუნიორს ჩაავლო ხელი და პარკეტის გარეთ გაიტანა, მერე იყო გაწევ-გამოწევა და ლოპესი თექნიკურით დასაჯეს.

მის ანგარიშზე 19 ქულა, 1 მოხსნა და 1 ასისტია.

სანდრო მამუკელაშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ტორონტოს რიგებში გამოირჩა ფრედ ვენვლიტი, 37 წუთში 39 ქულა, 9 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა.

28 ქულა ჰქონდა ტრენტ ჯუნიორს და 23 პასკალ სიაკამს.

სან ანტონიო vs ბრუკლინი

რა ხდება, როცა კევინ დურანტი და კაირი ირვინგი არ თამაშობენ? ბრუკლინი აგებს, მარტივად.

არც ისე ძლიერმა სან ანტონიომ, რომელიც AT&T-ის არენას დაუბრუნდა, ბრუკლინი 106:98 დაამარცხა.

ბრწყინვალე იყო კელდონ ჯონსონი, 36 ქულით, 11 მოხსნითა და ერთი ასისტით.

ბრუკლინის შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა თიჯეი ვორენმა დააგროვა, – 19 ქულას 5 მოხსნაც შემატა.

ბრუკლინის ბალანსი 27-16 ზეა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს.

პორტლენდი vs დენვერი

კიდევ ერთი შოუ ნიკოლა იოკიჩისგან. სერბმა ამჯერად პორტლენდი დაჩაგრა. მისმა დენვერმა 122:113 მოიგო.

იოკიჩი მთელი თამაშო დომინირებდა, მატჩის სადავეები ერთი წუთითაც კი არ გაუშვია ხელიდან და შედეგიც შესაბამისი დააფიქსირა, – 36 ქულა, 12 მოხსნა და 10 ასისტი.

პორტლენდის შემადგენლობაში კი თავიდანვე წაუვიდა სროლები დემიენ ლილარდს, ეს კი ძალიან სახიფათო ამბავია, მაგრამ დენვერი მაინც დამაჯერებელი იყო.

ლილარდის ანგარიშზე 44 ქულა, 3 მოხსნა და 8 ასისტია.

დენვერის ბალანსი 31-13 ზეა და დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

კლიპერსი vs ფილადელფია

ლოს ანჯელეს კლიპერსმა ფილადელფიას უმასპინძლა და 110:120 დამარცხდა.

36 წუთი გაატარა პარკეტზე კავაი ლეონარდმა, ამ დროის მანძილზე 27 ქულა, 4 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა.

საუკეთესო იყო ჯოელ ემბიდი, 41 ქულით, 9 მოხსნითა და 3 ასისტით. შედარებით მოკრძალებული გამოდგა ჯეიმს ჰარდენის სტატისტიკა, – 6 ქულა, 3 მოხსნა და 9 ასისტი.

კლიპერსის ბალანსი 23-23 ზეა და დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს.

სიქსერსის ბალანსი 28-16 ზეა და აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე საფეხურზეა.